ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: ტურისტული სეზონი არის საფარი იმისთვის, რომ რუსეთმა სამხედრო ოპორაციები განახორციელოს

რესპოდენტის შესახებ

ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოშსა და ჯალალ-აბადში მომხდარი ეთნიკური წმენდა ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ მომხდარი ეთნოწმენდის გაგრძელებაა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე. ექპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან საუბარი "ჯი-ეიჩ-ენმა" სწორედ ამ განცხადების ანალიზით დაიწყო. არეშიძემ, ყირგიზეთის გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და იქიდან მომდინარე საფრთხეებზედაც ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ, იმ ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა, რომელიც ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ განახორციელეს და ორივე შემთხვევაში რუსეთის ბრალეულობა იკვეთება. რამდენად არის მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის?

_ მთლად მსგავსებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს არის კლასიკა: როდესაც რუსეთს უნდა თავისი მდგომარეობის განმტკიცება, აუცილებლად იყენებს ძველ ხერხს, რომელიც 90-იანი წლებიდან აქვს აპრობირებული. ეს არის ეთნოკონფლიქტი. ქმნის ქვეყანაში ქაოსს და ამ ქაოსის შემდეგ გვევლინება შუამავლად და სიტუაციის მასტაბილიზებელ ფაქტორად. ეს ფორმულა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თუ იაკობაშვილმა იგულისხმა 90-იანი წლების დასაწყისი, მაშინ აბსოლუტურად სწორი მაგალითია, ხოლო თუ იგულისხმა 2008 წელი, მაშინ მაინც და მაინც დიდ კავშირს ვერ ვხედავ. 90-იანების დასაწყისში უზბეკეთში, ყირგიზეთში ნაკლებად, მაგრამ მაინც მსგავსი რამ უკვე ხდებოდა. მაგალითად, ე. წ. თურქი მესხების წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს ყირგიზეთში ხდება, პირველ რიგში, ისევ დაზარალდნენ მუსულმანი მესხები, იგივე ე. წ. თურქი-მესხები. შემდეგ დაზარალდნენ უზბეკები. რუსეთის აქტიურ მონაწილეობაზე მიუთითებს უზბეკეთის პრეზიდენტ ქარიმოვის საეჭვოდ პაუზური, მდუმარე, პოზიცია. იმიტომ, რომ ქარიმოვისთვის დამახასიათებელია არ არის ასეთი თავშეკავება, მით უმეტეს, როცა ისეთ ტერიტორიაზე ხდება ეს კონფლიქტი, რომელიც, ქარიმოვის აზრით, საერთოდ უზბეკეთს ეკუთვნის. ეს ტერიტორიული დავა მას ყირგიზეთთან, არააფიშირებული, უკვე მრავალი წელია აქვს. ამასთან, ძალიან საეჭვოდ დალაგდა იქ სიტუაცია იმისთვის, რომ რუსებს ჰქონოდათ მიზეზი თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდისა.

_ თქვენი აზრით, როდემდე გაგრძელდება კარიმოვის პაუზა?

_ რთული სათქმელია. დღეს ყირგიზეთში ველაპარაკე ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს. ისინი თვითონ არიან გაკვირვებულები, რომ ოფიციალური ტაშკენტი არავითარ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, გარდა იმისა, რომ ლტოლვილების მიღება დაიწყო. ისინი უზბეკეთის კონკრეტულ ნაბიჯების ამპლიტუდას აფასებენ ლტოლვილების მიღებით და პირდაპირ საომარი მოქმედებების დაწყებით. როგორც მითხრეს, ეს შეიძლება ასეც მოხდეს. სამწუხაროდ, ტაშკენტში ვერ დავუკავშირდი ჩემს კოლეგებს და არ მაქვს ზუსტი შეფასება იმისა, რაც იქ ხდება, მაგრამ ჩანს, რომ კარიმოვისნაირი ადამიანი ასე თავშეკავებულად არ მოიქცეოდა. ჩანს, გარკვეული სიგნალები არის დსთ-ის ხელმძღვანელობის თუ მოსკოვისგან წამოსული.

_ როგორ იმოქმედებს სახელმწიფო მინისტრის ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მომავალ ურთიერთობაზე?

_ მართალია, იაკობაშვილი სახელმწიფო მინისტრია და მისი მხრიდან ეს ოფიციალური განცხადებაა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, საქართველოს ოფიციალურ პოზიციას. არა მგონია, ამან გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ვიმეორებ, თუ იაკობაშვილი 90-იანი წლების ცხინვალს გულისხმობდა, მაშინ აბსოლუტურად მართალი ყოფილა. შემიძლია ჩამოვთვალო ფაქტები, როცა რუსეთმა გამოიყენა ასეთი მდგომარეობა და მართვადი ქაოსის პირობებში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა განამტკიცა. მაგალითად, ტაჯიკეთი, რომელშიც დღემდე დგას რუსეთის ერთი მოტომსროლელი დივიზია მთლიანად და გარდა ამისა, მთელ საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. იგივე ყარაბაღის შემთხვევაში. მოლდოვა გავიხსენეოთ, საქართველოს ორი რეგიონი და ბევრი სხვა მაგალითიც არის იმისა, როცა მართვადი ქაოსის პირობებში რუსეთი თავის მდგომარეობას ამტკიცებს.

_ ცხინვალსა და სოხუმში ე. წ. ტურისტული სეზონი იხსნება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ამცირებს ეს ფაქტი ამ ზაფხულს მათი მხრიდან რაიმე სახის ესკალაციის მცდელობის შანსს?

_ ცხინვალში არავითარი ტურისტული სეზონი არ შეიძლება იყოს. იქ არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა და ვიღაცას ძალით თუ წამოიყვანენ რუსეთის სიღრმიდან. სატურისტო და სანახავი იქ არაფერია, გარდა უძველესი ქართული ეკლესია-მონასტრებისა. რაც შეეხება სოხუმს, გავიხსენეოთ 2008 წლის აგვისტო. მე, განსხვავებით ჩემი სხვა კოლეგებისგან, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომები მოუვიდა, ვიცი, როგორ ემზადებოდა რუსეთი ომისთვის. ეს ომი 8 აგვისტოს დაიწყებოდა თუ 14-ში, როგორც მე ვვარაუდობდი, დიდი განსხვავება არ იქნებოდა, რადგან მაინც საკურორტო სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კურორტების რაღაც ნაწილი ტურისტებით იყო შევსებული, მაინც არავინ მოერიდა იქიდან, აფხაზეთის ტერიტორიიდან, საომარი მოქმედებების დაწყებას, როდესაც აფხაზეთთან მიმართებაში არავითარი სამხედრო ხიფათი არ არსებობდა. ასე რომ, თუ რუსეთს დასჭირდა, არავითარ ტურისტულ სეზონს არ მოერიდება, პირიქით, ტურისტული სეზონი არის ძალიან კარგი საფარი იმისთვის, რომ თავისი სამხედრო ოპორაციები განახორციელოს და მერე სხვას დააბრალოს სწორედ ამ მოტივით და თქვას, მე ხომ ომს ტურისტულ სეზონში არ დავიწყებდიო.

_ თქვენ რამდენად ელით მათი მხრიდან ესკალაციის საფრთხეს?

_ ახლა არ ველოდები, რადგან ვერ ვამჩნევ მზადებას და ისეთი ტიპის მობილიზაციას და "დამრტყმელი ძალის" შექმნის მცდელობას, როგორიც იყო აგვისტოს დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ 58-ე არმია მთლიანად წარმოდგენილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე - სოხუმის, გნებავთ ცხინვალის ზონაში. ბევრი საჯარისო ფორმირება იმყოფებოდა. აფხაზეთში სარკინიგზო ბატალიონი იყო, მის საფარქვეშ კი სხვადასხვა ტიპის საჯარისო შენაერთები. ასეთივე რამ იყო ცხინვალში, სადაც 356 პოლკი 58-ე არმიის უკვე მარტიდან იმყოფებოდა. 25 მაისს რუს პოლიტოლოგებთან საუბარში მათ ეს არც დაუმალავთ. ცხარე კამათი გამოიწვია რამ: მე ვთქვი, რომ ჯავაში იმყოფებოდა ეს პოლკი და ერთ-ერთ რუს პოლიტოლოგს წამოცდა, ჯავაში კი არ იმყოფებოდა, არამედ სამხრეთის პორტალს იცავდა როკის გვირაბისო. ანუ დაადასტურა, რომ ეს პოლკი იქ მარტიდან იდგა. სხვებმა კი შეუძახეს, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა, რადგან ნათქვამი ნათქვამად დარჩა და უამრავმა ხალხმა გაიგო ეს ამბავი. ასე რომ, მაშინ მათი მომზადების ასეთი ფაქტები გვქონდა და მეც ვასახელებდი ივლისში, ჯერ კიდევ, როცა პრესაში გამოვდიოდი, რომ ომი დაიწყებოდა 14 აგვისტოს. ახლა ასეთი რამ არ ხდება და მზადების ასეთ ფაქტებს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიებზე რუსები ყოველთვის ინტენსიურად ემზადებიან - უახლესი რადიოლოკაციურ სადგური შექმნეს, ცოტა ხანში დამთავრდება ეს პროექტი. ამზადებენ სამხედრი ინფრასტრუქტურას, აქ იგულისხმება არამხოლოდ ბანაკები და ტქნიკური აღღურვილობა, არამედ საზღვრის პერიმეტრის დაცვაც, რომელსაც გარკვეულ ფორმას აძლევენ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახალგორისაკენ ჯერ გზა არ არის დამთავრებული და სხვა გზებიც დასამთავრებელია.


_ საქართველოში "თეთრების" ინიციატივით, ქართულ-ოსური მისია ფუძნდება, რომლის წევრებიც მაისის ბოლოს ვლადიკავკაზში იმყოფებოდნენ... როგორ ფიქრობთ, რისი შეცვლა შეუძლია ამ მისიას? რა საშუალება იქნება მათ ხელში იმისთვის, რომ რეალური სახალხო დიპლომატია აამუშაონ?

_ კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა, თუნდაც ინფორმაციიის მოპოვების და რაღაც პროცესების შეკავების თვალსაზრისით. თუმცა ახლა ეს უკანასკნელი ცოტა გართულებულია. მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის კონტაქტები ღირს და მე თუ მკითხავთ, აუცილებელიც არის რაღაც ფორმით, "თეთრების" ინიციატივით იქნება ეს თუ საზოგადოებრივი თუ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციის. პირდაპირი კონტაქტები, რა თქმა უნდა, სასარგებლოა კავკასიელებთან, არამხოლოდ ოსებთან, არამედ ჩერქეზებთან, აფხაზებთან და ყველასთან. რაც უფრო ინტენსიური იქნება ასეთი ტიპის კონტაქტები, მომავალში მით უფრო გამოგვადგება.

_ სახელმწიფომ რა მექანიზმები უნდა შექმნას იმისთვის, რომ სახალხო დიპლომატიამ რეალურად იმუშაოს როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში?

_ მე ვარ ადამიანი, რომელიც იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო სტრატეგიიის შექმნის საქმეში თემურ იაკობაშვილის თაოსნობით. შემდგომში შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომელსაც თვითონ სამინისტრო აკეთებს და მე უკვე აღარ ვმონაწილეობ მის შექმნაში. საქმე ისაა, რომ ამიტომაც მივიღეთ ჩვენ, ექსპერტებმა, ამ საქმეში მონაწილეობა და ექსპერტებს შორის ზოგი ოპოზიციის წარმომადგენელიც იყო, მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი. ვფიქრობდით, რომ ეს სისტემა, რომელიც შეიძლებოდა ამუშავებულიყო, ეფექტური იქნებოდა სხვადასხვა ნაწილში და მათ შორის სწორედ სახალხო დიპლომატიის საკითხში. ეს იქ გაწერილიც იყო. ამიტომ ვფიქრობ, თუ სახელმწიფომ რეალურად დაამუშავა ეს გეგმა და განსაკუთრებით სახალხო დიპლომატიის განვითარებას მისცა საშუალება და ხელი შეუწყო, ეს იქნება ძალიან ეფექტური. აფხაზეთიდან უამრავი ავადმყოფი ჩამოდის საქართველოში სამკურნალოდ. ახლა ოსებმაც გამოთქვეს დიდი სურვილი. უამრავი რას ნიშნავს, ბოლო 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით 120 კაცამდეა ჩამოსული. სხვათა შორის, ავადმყოფების ჩამოყვანა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. რასაკვირველია, ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლობის გარეშე მკურნალობის პროცესი ვერ განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ, როგორც აფხაზეთის, ისე ცენტრალურს. იქ წამლებიც იგზავნება ხშირად, მაგალითად, გასული წლის 12 დეკემბერს აფხაზეთში უზარმაზარი პარტია გაიგზავნა. ასეთი ტიპის არაფორმალური კონტაქტები, რომელსაც სახალხო დიპლომატიის ელემენტების აქვს, ისედაც კეთდება და ამას თავისი, ძალიან კარგი რეზონანსი აქვს. ეს უნდა გავაღრმავოთ და განვავითაროთ. კარგია, რომ ქუთაისში არსებობს საავადმყოფო, რომელიც ახლოსაა საზღვართან და აფხაზების დიდი ნაწილი სწორედ იქ ჩამოდის. ოსებისგანაც არის თხოვნა, მიგვიღეთო, უბრალოდ, ვერ გადმოდიან თავის საზღვარზე, უჭირთ ამის გაკეთება. ამ ყველაფერს თუ მივაბამთ სხვა ტიპის ურთიერთობებს და ქმედებებს, იქნება ძალიან ეფექტური. ასე რომ, ხელისუფლებასაც შეუძლია ამაში მონაწილეობა მიიღოს და იღებს კიდევაც გარკვეული ფორმით. ერთ რამეს მინდა ყურადღება მივაქციო: სამწუხაროდ, საქართველოში ისე ხდება, რომ საზოგადოების მხოლოდ გარკვეული სპეციფიკური ნაწილია დაკავებული ამ პრობლემით, დანარჩენი საქართველოსთვის ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტორი. განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ქვეყნის ფსევდოელიტას წარმოადგენს, ახალგაზრდობას ვგულისხმობ. ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ტენდენციაა. თუ მთლიანად, ისე როგორც ისრაელში, მთელი საზოგადოება არ იქნა ორიენტირებული საქართველოს ამ ტიპის პრობლემატიკაზე, მაშინ ჩვენ ამ ქვეყნის გამაერთიანებლები არა ვართ და ვერც ოსებს და ვერც აფხაზებს ვერ დავიბრუნებთ, ტერიტორიებზე აღარც ვლაპარაკობ.

_ ხომ არ ფლობთ რაიმე ახალ ინფორმაციას ე. წ. სამხრეთ ოსეთთან ან სოხუმის რეჟიმთან დაკავშირებით?

_ რამდენიმე დღის წინ გაიმართა დახურული შეხვედრა ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კავკასიის ერთ-ერთ ქალაქში, ოღონდ არა ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ ლაპარაკი იყო "ორი ოსეთის გაერთიანებაზე" და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: რუსმა პოლიტოლოგებმა დასაბუთებულად წარმოადგინეს მიდგომა იმის თაობაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაზე საუბარი, რადგან ეს გამოიწევს დანარჩენ ჩრდილოეთ კავკასიაში ერთმანეთის მიმართ არსებული ტერიტორიული პრეტენზიების გაცხოველებას და ამან შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირება გამოიწვიოს. იმ შეხვედრაზე ჩამთვლილიც იყო ის ტერიტორიული პრეტენზიები, რომლებიც რიგ რესპუბლიკებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქვთ, მაგალითად: ჩეჩნეთს აქვს ინგუშეთთან, ინგუშეთს - ჩრდილო ოსეთთან (პრიგოროდნი რაიონზე), გამოირკვა, რომ ჩეჩნეთს პრეტენზია აქვს დაღესტანთან და პირიქით, ყაბარდო-ბალყარეთს აქვს ჩრდილო ოსეთთან პრეტენზია და ასე შემდეგ. იმ შეხვედრის მთავარი აზრი იყო ის, რომ რუსმა პოლიტოლოგებმა ოსებს უთხრეს, ორი ოსეთის გაერთიანებაზე ფიქრი დაივიწყეთო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ხდება ახლა და ამ დღეებში დაიწყება. ეს არის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ტარდება ხლოპონინის, ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ახალი ხელმძღვანელის ინიციატივით და რომელზედაც განიხილება ის პროექტები, რომლის ინვესტირებაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ უახლოეს მომავალში. ეს ფორუმი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ პროექტების დიდი ნაწილი ეხება საქართველოს მიდებარე ტერიტორიებს. ეს არის მამისონის პროექტი, რომელიც მოიცავს მამისონის მიდებარე ტერიტორიებს და იქ უნდა აშენდეს უზარმაზარი ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასეთივე კურორტი უნდა აშენდეს საქართველოს მიდებარე ტერიტორიაზე დაღესტანში. იქ არის ჩადებული გზების მშენებლობის პროექტებიც, რომლებსაც ინვესტირება სჭირდება და სწორედ ამ გზებზე მაქვს საუბარი. აქედან 3 გზა არის ვერტიკალური გზა, რომელიც საქართველოსკენ მოდის. პირველი: ეს არის ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ უფუნკალე-შატილის მონაკვეთი, მეორე: პრაქტიკულად დამთავრებული გზა ბეშთა-ახალსოფლის გზა, რომელიც ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფლისკენ მოდის და მესამე - 30 მილიონიანი ჩერკინსკი-სოხუმის გზა, რომლის 337 კილომეტრიდან, მხოლოდ 90 კილომეტრიღაა დარჩენილი დანარჩენი გაკეთებულია. ეს გზა გამოდის კოდორის ხეობაში და შემდეგ ჩადის სოხუმში.

_ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს მშენებლობები საქართველოსთვის?

_ როგორც წესი, ქვეყანა ძვირადღირებულ საკურორტო ზონას მტრის საზღვარზე მიდგმულს არ აშენებს. ანუ მას აქვს იმედი, რომ მომავალში მიმდებარე ტერიტორიებსაც გააკონტროლებს, რომელიც უკვე საზღვრის იქით მდებარეობს და მისი პროექტები დაცული იქნება. გზებს რაც შეეხება, გასაგებია, რაში სჭირდება: ეს აფხაზეთისკენ მიმავალი გზებია, მაგრამ გზა, რომელიც ახალსოფლეში გამოდის, რაში შეიძლება მათ გამოიყენეონ, თუ არა იმაში, რომ მომავალში რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ამ მიმართულებით...


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა დავით ქოქოშვილი.

ავტორი: . .