ENG / RUS

სერგო ჩიხლაძე:  ჯანდაცვის სამინისტროში ინტერესთა კონფლიქტები და დაუსაბუთებელი პრემია-დანამატები, საგანგაშოა

რესპოდენტის შესახებ

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო და ვერც დაქვემდებარებული სსიპ-ები ვერ აკმაყოფილებენ საკანონმდელო მოთხოვნებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს

სამინისტროს ცენტრალური აპარატის 3 თანამშრომელზე თანამდებობებზე დანიშვნიდან მე -7 დღეს გაცემულია პრემია

ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სისტემა, რომელზეც  7 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა გაუმართავია და ვერ ფუნქციონირებს  

”ჯი-ეიჩ-ენი”  ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა

მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ეხება ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობას. ბატონო სერგო, რა შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით?

აუდისტის სამსახურის დასკვნა მართლაც ძალიან საინტერესოა და ის ადასტურებს ჩემსა და ჩემი კოლეგების კრიტიკულ მოსაზრებებს, რაზეც 2 წელია უკვე ვსაუბრობთ. დასკვნის მიხედვით, ძალიან სერიოზული ნაკლოვანებები არის აღმოჩენილი ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა შესყიდვები და ტენდერები ჯანდაცვის სამინისტროში, ვადაგადაცილებული ფინანსური ანგარიშსწორებები, ინტერესთა კონფლიქტები და დაუსაბუთებელი პრემია-დანამატები სამინისტროში, ინფორმაციული უზრუნველყოფის არარსებობა და სხვა. მთლიანობაში აუდისტის დასკვნა საგანგაშოა და საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს. 

თქვენ ახსენეთ შესყიდვები. ამ თემაზე ადრეც ბევრი გვისაუბრია. თუ შეიძლება უფრო ვრცლად ამ თემაზე რომ გვითხრათ?

მართლაც სერიოზული კითხვებია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. ბევრი მაგალითია მოყვანილი დასკვნაში, როდესაც ტენდერები ტარდებოდა წესებისა და ვადების დარღვევით, ან როდესაც მთავრობის დადგენილებით სამინისტროს ეძლეოდა გამარტივებული შესყიდვის ჩატარების უფლება, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა და საჭიროება საერთოდ არ იყო.  მაგალითად, სამინისტროს მიერ C ჰეპატიტის სკრინინგისა და ღვიძლის დიაგნოსტიკის აპარატურა ღირებულებით 700 000 ლარი შესყიდული იქნა გამარტივებული შესყიდვის წესით, მაშინ როდესაც არ იყო განსაზღვრული საერთოდ C ჰეპატიტზე მკურნალობის სტრატეგია, სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციართა რაოდენობა. ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის დეკემბერში, აპარატურის მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით და  2015 წლის ივლისის მდგომარეობით შესყიდული 5 ერთეული აპარატიდან, მხოლოდ ერთი იყო ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი ოთხი განთავსებული იყო სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში არასასაწყობო პირობებში. ანუ, არ იყო არანაირი აუცილებლობა გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების, რადგანაც პროგრამის სტრატეგიაც კი არ იყო ამ მომენტისთვის შემუშავებული და როგორც დასკვნიდან ჩანს შესყიდული აპარატურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის თავზე ისევ გამოუყენებელი და „დასაწყობებული“ იყო. აუდიტის დასკვნაში კიდევ სხვა კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შემჩნეულია გამარტივებული შესყიდვების და ტენდერების ჩატარების წესების დარღვევაში. ამის მაგალითი ბევრია. ასევეა  2015 და 2016 წლებშიც. ბუნებრივია, ეს პერიოდი არ არის შესული აუდიტის აღნიშნულ დასკვნაში. მაგალითად გამოდგება იგივე გლობალური ალიანსი, რამდენიმე თვის დაარსებული კომპანია, რომელიც ყველანაირი წესის და ლოგიკის გარეშე შეირჩა ჯანდაცვის სისტემის რეფორმების შესამუშავებლად, გამარტივებული შესყიდვით. კიდევ აღვნიშნავ, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების ერთადერთ კრიტერიუმი კანონის მიხედვით არის „თუ არსებობს სახელმწიფოებრივი  და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი ჩატარების აუცილებლობა“. რომელ შეზღუდულ ვადებზეა საუბარი, როდესაც გლობალური ალიანსი 1 წელზე მეტია ოპერირებს და დღემდე არც ერთი საბუთი, რეფორმის მონახაზი ან შუალედური დოკუმენტი არავის უხილავს. მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, რომ რაღაცა დაწერეს და ესეც შიდა (სამინისტროს) მოხმარებისთვის. აღარაფერს ვამბობ ისეთი კომპანიების შემოყვანაზე, როგორიცაა ალფა მედიკი და ჰუმანითი ჯორჯია.

ხშირად საუბრობთ ანაზღაურების დაგვიანებასა და გაზრდილ დავალიანებებზე, რომელიც სახელმწიფოს დაუგროვდა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. ამაზე მედიაშიც ხშირად მიდის საუბარი. ამ მხრივ, რა წერია აუდიტის დასკვნაში?

აუდიტის დასკვნა ადასტურებს ექსპერტების მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ სამინისტრო ანგარიშსწორებას ახდენს დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი დაგვიანებით. აუდიტის სამსახურის მიერ რანჟირებული შემთხვევებიდან მოხდა შერჩევა, რომელმაც შეადგინა 76 ერთეულს, საიდანაც 63 შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელებულია დადგენილი ვადის დარღვევით. აქვე აღვნიშნავ, საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც უკვე 2016 წელს გამოქვეყნდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერების 52% მეტი აღნიშნავს სამინისტროდან თანხების მიღების დაგვიანებას, მათ შორის მნიშვნელოვან დაგვიანებას.

მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ რეალურად 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გარღვევა 100 მილიონი ლარი კი არ იყო, არამედ, გაცილებით მეტი, რადგანაც 2015 წლის დავალინებების გასტუმრება ხდება უკვე 2016 წელში, რაც იმას მიანიშნებს, რომ 2016 წლის ბოლოს ისედაც დეფიციტური და ცუდად დაგეგმილი ბიუჯეტში იმაზე დიდი გარღვევა იქნება, რაც ოფიციალურად 2015 წელს აჩვენეს. ვიმეორებ, ოფიციალურად, რადგანაც, ფაქტობრივად გარღვევა რამდენიმე ათეული მილიონი ლარით მეტი იყო.  სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ერთერთ ინტერვიუში მინისტრის მოადგილეს წამოცდა, რომ 2015 წლიდან „მცირე“ ვალები გამოჰყვათ და ისტუმრებენ. თვითონ ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ როდესაც მაღალჩინოსანი ამბობს, რომ 2015 წლის ხარჯს, მცირეა თუ დიდი აღარ აქვს მნიშვნელობა, 2016 წელს ისტუმრებს, უკვე არის დარღვევა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ამას ვერ აცნობიერებენ და არ იციან.

თანაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ დასკვნა ეხება 2014 წელს და 2015 წლის დასაწყისს, ანუ შედარებით „უპრობლემო“ პერიოდს, როდესაც ასეული მილიონობით დავალიანება და დეფიციტი სამინისტროს არ ქონია. ადვილი წარმოსადგენია, როგორ კიდევ უფრო მძიმე იქნება აუდიტის დასკვნა უკვე 2015 და 2016 წლებზე.

თქვენ ასევე ახსენეთ დანამატები და პრემიები ჯანდაცვის სამინისტროში. ჩვენ ხშირად გვსმენია ამ  თემის შესახებ, ოღონდ სხვა სამინისტროებთან მიმართებაში. ჯანდაცვის სამინისტროც აღმოჩნდა მათ რიგებში?

ეს მართლაც საინტერესოა და სიახლე იყო ჩემთვისაც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ირკვევა, რომ  დაუსაბუთებელად მოიმატა  2014 წლის 1-ლი ივლისის შემდგომ პერიოდში, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, სახელფასო დანამატების გაცემამ სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ებთან. თუ პრემია და დანამატები 2014 წლის პირველ ნახევარში შეადგენდა 752 000 ლარს, 2014 წლის მეორე ნახევარში მან შეადგინა 1 460 000 ლარი, ანუ გაორმაგდა. თანაც, არანაირი დასაბუთება არ მოიძებნა, თუ რის საფუძველზე მოხდა ასეთი გაზრდილი დანამატების და პრემიების გაცემა. კურიოზული ფაქტებიც კი ფიქსირდება, მაგალითად სამინისტროს ცენტრალური აპარატის 3 თანამშრომელზე გაცემულია პრემია, მაშინ როდესაც ისინი ცენტრალურ აპარატში დაინიშნენ თანამდებობებზე და დანიშვნიდან მე -7 დღეს ჩაურიცხეს პრემია, არის კიდევ შემთხვევები, როდესაც სამსახურში აყვანიდან 2-3 კვირაში ერიცხებათ პრემიები. და ეს მაშინ, როდესაც, არ არსებობს ელემენტარული სამუშაო აღწერილობები სამინისტროში. სამუშაოს აღწერილობები არ არის ცენტრალურ აპარატში. მხოლოდ კონკრეტული ვაკანსიის გამოცხადების მომენტისთვის იქმნება სახელდახელოდ შესაბამისი აღწერილობა, რომელიც არ მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, გაურკვეველია ხელშეკრულებაში მითითებული კომპენსაციის თანხა კონკრეტულად რა სამუშაოს სანაცვლოდ უნაზღაურდება თანამშრომელს.

თქვენ ასევე საუბრობთ ინტერესთა კონფლიქტზე ჯანდაცვის სამინისტროში.

ძალზედ მნიშვნელოვანია ასევე, ინტერესთა კონფლიქტების თემა სამინისტროში. ხშირია შემთხვევები, როდესაც დროის ერთსა და იმავე პერიოდში ერთდროულად სამსახურებრივ საქმიანობას ეწევიან როგორც სამინისტროს იმ დეპარტამენტში, რომელიც პასუხისმგებელია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვაზე და  მონიტორინგზე და ამავე დროს, მუშაობენ მაღალ თანამდებობეზე ამავე პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. ანუ თვითონ წყვეტენ „საკუთარ“ კლინიკებს როდის და რამდენი გადაუხადონ შესრულებულ სამუშაოზე, მაშინ, როდესაც, როგორც უკვე გითხარით კლინიკების უმრავლესობა თვეობით ვერ იღებს კუთვნილ თანხას. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა შეადგენდა 23 ერთეულს დასკვნის დაწერის მომენტში. ეს კი ქმნის კორუფციის კერას ამ სტრუქტურაში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ შეისყიდა ძვირადღირებული სისტემა, რომელიც ვერ ფუნქციონირებს. ასახულია თუ არა ეს დასკვნაში?

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვერც სამინისტრო და ვერც დაქვემდებარებული სსიპ-ები ვერ აკმაყოფილებენ საკანონმდელო მოთხოვნებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სამინისტროს არ გააჩნია ფორმალურად დამტკიცებული ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული  მართვის პოლიტიკები, ამასთანავე, სამინისტროს არ ყავს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პირდაპირ მუშაობენ ბაზებთან, რომლებიც შეიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ არსებობს კონტროლები, რომლებიც თავიდანვე მოახდენს ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასა და ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის პრევენციას. სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს სისტემის უწყვეტ ფუნქციონირებას, ხშირ  შემთხვევებში სისტემა არ არის ხელმისაწვდომი სისტემის მომხმარებლებისათვის და არის შემთხვევები, როდესაც სისტემაში ხდება ორმაგი ვალდებულებების ასახვა და შესაბამისად, ორმაგი გადარიცხვების განხორციელება.

დავესესხები ასევე, ველფეარ ფაუნდეშენის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც წელს გამოქვეყნდა. მასში  ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდებზე არ არსებობს დაწვრილებითი სტატისტიკური ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის, პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურებისა თუ გაწეული ხარჯების შესახებ (და ეს, სხვათა შორის,  ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს, რომ მიუწვდომელია და არ არსებობს).  ხოლო როდესაც სამინისტროდან გამოითხოვეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ გარკვეულ დრო ითხოვა ინფორმაციის დასამუშავებლად და მოსაწოდებლად, თუმცა ინფორმაცია მაინც ვერ მიაწოდა. გამოდის, რომ ხორციელდება ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების პროგრამა და მას არ აქვს ჯეროვანი საინფორმაციო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა, არ აღირიცხება ჯეროვნად  სტატისტიკა და არ მიმდინარეობს მონაცემთა ინფორმაციული დამუშავება. ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამძიმებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ნაკლოვანებებს და ფაქტიურად შეუძლებელს ხდის სამომავლო ეფექტურ დაგეგმარებას საერთოდ.

და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განსახორციელებლად შეიძინა ძვირადღირებული  5 500 000 ამერიკულ დოლარად ღირებული ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა და კიდევ დამატებით დაახარჯა 1 500 000 დოლარი მის გასაუმჯობესებლად. შედეგად სისტემა კვლავ გაუმართავია და ვერ ფუნქციონირებს.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ლაშა ნოდია

ავტორი: . .