ENG / RUS       12+

რაგნარ სიილი: საქართველოში კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესს სამაგალითო შეიძლება ეწოდოს

რესპოდენტის შესახებ

საერთაშორისო ექსპერტის რაგნარ სიილის ინტერვიუ  საქართველოში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესის შესახებ.

საქართველო  ქვეყნის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესშია. თქვენ რამდენად ხართ ჩართული ამ პროცესში და როგორ შეაფასებთ მიმდინარე სამუშაოს?

 საქართველოში კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესს სამაგალითო შეიძლება ეწოდოს. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა ყოფილიყო მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური; ადამიანები ხშირად ამბობენ ამ სიტყვებს, თუმცა საქმეში არ ითვალისწინებენ; თუ თვალს გადაავლებთ უკვე განხორციელებულ ეტაპებს, დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. როგორც უკვე ვთქვი, კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში 2000-მდე ადამიანია ჩართული: რეგიონებიდან, სხვადასხვა სექტორიდან; პირადად მე შევხვდი ასობით ადამიანს სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ინსტიტუციიდან, არასამთავრობო სექტორიდან… ამ შეხვედრების შედეგად შევაგროვეთ ასობით გვერდის ოდენობის მასალა, რომელიც უკვე გვაძლევს საშუალებას გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - ამ დიდი მოცულობის ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შევქმნათ კულტურის სტრატეგიის პირველადი, სამუშაო ვერსია, მოკლე, ამომწურავი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სფეროს მომავალი 10 წლის პრიორიტეტებს.

სტრატეგიის პირველადი ვერსია უკან გაეგზავნება სხვადასხვა ორგანიზაციას, რეგიონს, სექტორს, იმისთვის რომ წაიკითხონ და კომენტარი გააკეთონ, მოგვცენ დამატებითი რეკომენდაციები, თუ რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა დაემატოს, ან უბრალოდ გვითხრან, რა არის კარგი.

კულტურის პოლიტიკა არ ხორციელდება მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ხშირ შემთხევაში კულტურა, აღიქმება და განისაზღვრება მხოლოდ იმ სფეროებით, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობაში შედის. ასეთი განსაზღვრება არასწორია; კულტურა ბევრ სხვა სფეროსთან არის დაკავშირებული, მაგალითად, მედიასთან და თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო სექტორთან; კულტურას შეუძლია წვლილი შეიტანოს ბიზნესში, ვაჭრობასა და ექსპორტში, ამიტომ პირდაპირ კავშირშია ეკონიმიკის სამინისტროსთან; ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული და ადგილობრივი, როგორც ურბანული, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ტურიზმისთვის, რაც საბედნიეროდ გაცნობიერებულია; კულტურის სტრატეგია ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, დიპლომატიას, მსოფლიოში საქართველოს იმიჯს... სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მთავრობის თანხმობით, ეს დოკუმენტი სახელმძღვანელო გახდება, არა მარტო კულტურის, არამედ ყველა სხვა სამინისტროსთვისაც.

რამდენად მოიაზრებთ თქვენ საქართველოს  როლს საერთო ევროპულ კულტურულ ოჯახში? თქვენი როგორც უცხოელის თვალით, რა  სარგებელი შეიძლება მიიღოს  ევროპამ ქართული კულტურის სახით?

ჩემი აზრით, ევროპა და ზოგადად მსოფლიო სარგებელს ნახავს კულტურული პრაქტიკის მხოლოდ ორმხრივი გაცვლის შედეგად. თუ რას შემატებს ევროპას ქართული კულტურა - საკითხის ასეთი დასმა არ არის სწორი, რადგან საქართველო ისედაც ევროპაა. კულტურული მემკვიდრეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ევროპას განსაზღვრავს, საქართველოშია: თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, მუსიკალური ტრადიციებით, კინოინდუსტრიით, ახალგაზრდა დიზაინერებით და არქიტექტორებით;

ევროპასა და საქართველოს შორის ეს ორმხრივი ურთიერთობა არსებობდა და უბრალოდ უნდა გავაძლიეროთ. ევროპა მიესალმება საქართველოს თავის კულტურულ ოჯახში და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში თქვენი მონაწილეობა სწორედ ამის დასტურია.

ხშირად კულტურას აღიქვამენ, როგორც გართობას. თქვენ  რას მოიაზრებთ ამ ტერმინში ან თქვენი აზრით, როგორია კულტურის თანამედროვე აღქმა?

რა იგულისხმება კულტურის ცნების ქვეშ? საქართველოში კულტურის მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს: ჩვენ  ვსაუბრობთ ხელოვნების არა მხოლოდ კლასიკურ მიმდინარეობებზე. ოპერა, თეატრები - ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე ხელოვნება: ახალგაზრდები, “Street Art”, თანამედროვე ცეკვა, მედია და ციფრული არტი...

ეს თანამედროვე მიმდინარეობები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოლიტიკაში: დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში; საქართველოშიც საჭიროა ამის განხილვა და განვითარება.

მოკლედ რომ ვთქვა, კონტენტი ამ ქვეყნიდან არის; შესაბამისად თქვენ იცით ყველაზე კარგად თუ რა უნდა გაკეთდეს, თქვენ უნდა დასახოთ პრიორიტეტები. ჩემი როლი, როგორც საერთაშორისო ექსპერტის, ეხება პოლიტიკის შემუშავების მეთოდოლოგიას, თვითონ პროცესს და სტურუქტურას.

ერთ-ერთ ინტერვიუში   კულტურის სფეროს პრობლემებზე საუბრისას თქვენ ამბობთ: „ჩვენ  ხალხს უნდა გავაგებინოთ,  დაინახონ განსხვავება სიმპტომებსა და ძირეულ პრობლემებს შორის“. შეგიძლიათ საქართველოს მაგალითზე ისაუბროთ, რაში ხედავთ ძირეულ პრობლემას?

საქართველოში ბევრი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავე დროს ბევრი პრობლემა, რომლის გადაჭრას შეიძლება 10 წელიც კი დაჭირდეს. გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს ძალიან რთულია კლასიკური ხელოვნებით მსოფლიოში ადგილის დამკვიდრება, მაშინ როდესაც მსოფლიო სავსეა არაჩვეულებრივი თეატრებით, ოპერებით, ფილმებით… ამიტომ თქვენი ნიშა გჭირდებათ, უნდა აჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არ არის მხოლოდ სამუზეუმო ქვეყანა; ის ცოცხლობს, ქმნის ახალს და საინტერესოს, რომლის ნახვაც ხალხს აინტერესებს; ამის შესაძლებლობა საქართველოს აქვს. პრობლემას წარმოადგენს ასევე განათლების სისტემა; კლასიკური გაგებით ძალიან კარგი ხარისხია, ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა იძლევა ძლიერ თეორიულ ცოდნას, მაგრამ გამოყენების თვალსაზრისით ძალიან სუსტია. მაგალითად, შემოქმედებით სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი არ არიან მზად თანამედროვე პირობებში სამუშაოდ, მათი მენეჯერული, მარკეტინგული, ასევე ექსპორტის უნარები, არ არის სათანადოდ განვითარებული.

პრობლემას წარმოადგენს კულტურის დაფინანსების საკითხიც; დაბალია ხელფასები, რაც მოტივაციას აქვეითებს; სამუშაო გარემო, ინფრასტრუქტურა ხშირად ცუდი ხარისხისაა. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია თუ რამდენად კარგად ვიცავთ მემკვიდრეობას, რამდენად კარგი გარემოა არქივებში. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ამას გარდა, კულტურის პოლიტიკის სამუშაო დოკუმენტის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იქნება კულტურის ხელმისაწვდომობა, რაშიც იგულისხმება მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჩართულობა კულტურულ სფეროში.

ყოველთვის ვამბობ, რომ კულტურის პოლიტიკის შექმნა შესაძლებელია ძალიან მარტივი გზითაც: ორი-სამი ადამიანი ჩაკეტე ერთი კვირით ოთახში და ისინი შექმნიან არაჩვეულებრივ სტრატეგიას, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულს, მაგრამ ეს დოკუმენტი არ იქნება აუთენტური, შესაბამისად ხალხი მას არ მიიღებს და არ იქნება ლეგიტიმური. ჩვენ ავირჩიეთ რთული გზა. ბევრი თვის განმავლობაში ვატარებდით დისკუსიებს, შეხვედრებს, რის შედეგადაც მივიღეთ დიდი მოცულობის მასალა. თავიდან ბევრი სკეპტიციზმი იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაიგონ, რომ ეს სამუშაოს მეორე ეტაპია, სადაც თვითონ შეუძლიათ თავინთი წვლილი შეიტანონ დოკუმენტში. უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიდეთ კომპრომისზე, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი ვერ დარჩება, ვერც კულტურის სფეროს წარმომადგენლები; მაგრამ სწორედ ამაშია ხიბლი, ყველამ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოს, რათა ერთობლივ შეთანხმებამდე მივიდეთ. იმედი მაქვს სწორედ ასე მოხდება.

ავტორი: . .