ENG / RUS       12+

გიორგი დავითაია: გაქცევას კი არ ვაპირებ, საგარეჯოელებს თვალებში ხომ უნდა შევხედო

რესპოდენტის შესახებ

საგარეჯოში, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს მონაწლეობას. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა კანდიდატების პატრიული პრინციპები და მოქალაქეობრივი პოზიცია საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, „ჯი-ეიჩ-ენი“ დაინტერესდა დამოუკიდებელი კანიდატის გიორგი დავითაიას მიზნებითა და სამომავლო გეგმებით. 

- მოგესალმებით ბატონო გიორგი, თქვენ ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ბრძანდებით ვინც შუალედურ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. რატომ გადაწყვიტეთ კენჭი იყაროთ  საგარეჯოში?

- მოგესალმებით...საგარეჯოს რაიონი ჩემი დედულეთია. ჩვენს ოჯახს პაპისეული სახლი აქვს სოფელ გიორგიწმინდაში და ბავშვობიან დღემდე ჩემი ცხოვრება სისხლხორცეულადაა დაკავშირებული აქაურობასთან. თავს ვალდებულად ვთვლი და გულწრფელად მინდა საგარეჯოელებს ამაგი გადავუხადო და ის სითბო და სიყვარული დავუბრუნო, რაც აქ მიმიღია.

რაც მთავარია, მე მაქვს ცოდნა და გამოცდილება საიმისოდ, რომ რაიონისთვის სასარგებლო საქმეები ვაკეთო. კარგად ვიცნობ საგარეჯოს რაიონის მცხოვრებლების პრობლემებს და ვიცი მათი გადაწყვეტის გზები.

- დამოუკიდებელი კანდიდატი თავისუფალია პოლიტიკური კონიუქტურისგან, თუმცა საინტერესოა თქვენი პოლიტიკური შეხედულებები?

- გიპასუხებთ მოკლედ: ერთიანი და ძლიერი საქართველო.  რა  არის ეს? ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი რეგიონი, ძლიერი სოფელი და ძლიერი ოჯახი. ჩვენ გვჭირდება კარგი განათლება, თანაბარი პირობები ყველასთვის, კანონის უზენაესობა, ახალი სამუშაო ადგილები და ხელისუფლების კონტროლი ხალხის მიერ. 

- როგორ ფიქრობთ რაში მდგომარეობს გიორგი დავითაიას ხიბლი და რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა ამომრჩეველმა? მოსახლეობა უკვე მიეჩვია იმას, რომ მას წინასაარჩევნოს ჰპირდებიან და არჩევნების შემდეგ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება. 

- ვიმეორებ: მე წარმოშობით აქაური ვარ. ჩემს ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა: მე ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი ინტერესების დამცველი ცენტრალურ ხელისუფლებაში! ოღონდ ნამდვილად ვიქნები, და არა ისე, როგორც სამწუხაროდ ჩვენთან ხდება ხოლმე. ბოლო-ბოლო აქედან გაქცევას კი არ ვაპირებ, საგარეჯოელებს თვალებში ხომ უნდა შევხედო!

- რას პირდებით განსხვავებულს მოსახლეობას და რატომ მიგაჩნიათ, რომ შეძლებთ თქვენი დაპირებების შესრულებას?

- საგარეჯოს რეგიონს კარგი პოტენციალი აქვს. თუ, რა თქმა უნდა, მას გონივრულად გამოვიყენებთ.  ეს რეგიონი თბილისიდან სულ 50 კილომეტრში მდებარეობს და მას აგროტურიზმისათვის, ღვინის ტურიზმისათვის და ისტორიული ძეგლების მხრივაც აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მოსახლეობას მოგება მოუტანოს.  ჩემი მიზანია ჩავუდო საფუძველი ცვლილებებს, რომლებიც შეაჩერებენ ახალგაზრდობის გადინებას ამ რეგიონიდან. აუცილებელია პროფესიული განათლების სისტემის აღდგენა, ახალგაზრდობის გადამზადება და ინვესტიციების მოზიდვა მცირე საწარმოთა შექმნისთვის.   ერთი სიტყვით ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და თავის მიწის ბატონ-პატრონი პირველ რიგში თვითონ იყოს. შეიძლება ამ ჩამონათვალში არც არაფერია განსხვავებული, მაგრამ საქმე გასხვავებულ ხედვასა და  მიდგომაშია!

- რამდენად კონკურენტულია საგარეჯოში წინასაარჩევნო გარემო?

- ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყვეტილია: არჩევნებში პრაქტიკულად ორი სამთავრობო პარტია მონაწილეობს - რაც უნდა გახდეს ერთ-ერთის უტყუარი გამარჯვების გარანტია. ნუ დავივიწყებთ ამ პარტიების ფინანსურ და ე.წ. ადმინისტრაციული რესურსებსაც.

მეორეს მხრივ-მოსახლეობის უკმაყოფილება საკმაოდ მაღალია. ადამიანები თავს მოტყუებულად თვლიან:  არაფერი ხალხის სასიკეთო არ კეთდება, ცხოვრება ძვირდება, შემოსავლები მწირია... ბევრი თვლის რომ მთავრობა მათ დასცინის... ასეთ პირობებში ამომრჩეველმა საკუთარი თავის უნდა ირწმუნოს და არჩევანი თავის სასარგებლოდ გააკეთოს.

- ოპოზიციურმა პარტიებმა შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ერთის მხრივ ამომრჩეველი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში - ხმა მისცეს მისთვის საურველ კანდიდატს, მეორეს მხრივ ბოიკოტში მონაწილე პარტიების მხარდამჭერები შესაძლოა, არც კი მივიდნენ ხმის მისაცემად. შეძლებთ კი იპოვოთ მომხრეები ელექტორატის ამ ნაწილში?

- ძალზე ვწუხვარ,  რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტის გზა აირჩიეს. თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, რისი კანონიერი უფლებაც აქვთ. ამომრჩეველი ჩემსკენ გადმოიხრება იმ შემთხვევაში, თუ შევძელი გასაგებად და კარგად განვუმარტო ჩემი სამუშაო პროგრამა და  მოსახლეობას დავანახო, რომ პარლამენტის წევრობა მომცემს საშუალებას, ვიყო რეგიონის ნამდვილი წარმომადგენელი და მასზე ვიზრუნო.

- მართალია, თქვენ ერთ კონკრეტულ რაიონში იბრძვით, მაგრამ ქვეყანაში - თითქმის ყველა რეგიონში ანალოგიური პრობლემებია. ამიტომ საინტერესოა თქვენი ხედვა ამ პრობლემების გააზრებისა და მათი გადაჭრისთვის.

მართალს ბრძანებთ. საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის ერთი და იგივე პრობლემებია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე თითქმის 25 წელიწადია დამოუკიდებელი ქვეყანაა, მოსახლეობის არცთუ ისე პატარა ნაწილში მყარადაა გამჯდარი საქმის წარმოების აბსოლუტურად მიუღებელი და მახინჯი მეთოდები. 

თვითონ განსაჯეთ - როდესაც პარლამენტში ან მთავრობაში ადამიანი მოდის იმიტომ, რომ თავისი და ახლობლების ბიზნესს „უპატრონოს“, სახელმწიფოს და ხალხს მოპაროს, ვინმეზე შური იძიოს -პრობლემები გროვდება და ქვეყანა ვეღარ ვითარდება.

ამომრჩეველმა უნდა იმუშაოს  ან აწარმოოს ბიზნესი, გადაიხადოს გადასახადი და აკონტროლოს მთავრობა.

ჩვენ უნდა შევცვალოთ საერთოდ მიდგომა ამ უმთავრეს საკითხებთან და სახელმწიფოებრივი ინტერესებიც საკუთარი ოჯახის ინტერესების დონეზე დავაყენოთ. მარტო სეირის ყურება საერთო მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.

მაგალითად ავიღოთ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ეს ქვეყნები სულ ცოტა ხნის უკან გახდნენ ნატოს და ევროკავშირის წევრები და რას ვხედავთ? იქ პატივს სცემენ თავის ერს, სახელმწიფოს ინტერესებს, კარგად არჩევენ მტერს და მოყვარეს. ამ ქვეყნებს მართავს კანონი, შრომობენ და შესაბამისად მაღალი აქვთ ხელფასიც, პენსიაც, უსაფრთხოებაც და ცხოვრების დონეც.

თუ სწორი მიმართულებით ვიმუშავებთ, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველაფერი გამოგვივა, სხვაზე უკეთესადაც ვიცხოვრებთ!

-  პარლამენტში არჩევნის შემთხვევაში ვის რიგებს შეავსებს გიორგი დავითაია? თქვენ იქნებით უმრავლესობაში თუ უმცირესობაში?

- თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ მე პარლამენტის წევრი უნდა გავხდე, მიუხედავად იმისა რომ მე ახალგაზრდა აღარ ვარ,  შევავსებ ჩემი აზრით ახალ ტალღას, რომელსაც ითხოვს ჩემი ამომრჩეველი. თავიდან შეიძლება უმცირესობაში ვიყო - მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი რიგები გაიზრდება და დარწმუნებული ვარ სასარგებლო საქმეებს გააკეთებს საქართველოსთვის.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ნანა კაკაურიძე


ავტორი: . .