ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: არ მგონია, გიორგი მარგველაშვილი ამ პოლიტიკურ პარტიებში ჩაჯდეს

რესპოდენტის შესახებ

ბოლო დროს განვითრებულმა შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები  მრვალმხრივი პრობლემებით გამოირჩევა.  საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის "ნაციონალების" მხარდამჭერად გამოცხადებას, რაც წინ უსწრებდა სამთავრობო ცვლილებებს. როგორც უწინ, მმართველი გუნდი და პირადად  მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს  ამჟამდაც გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს. მიმდინარე მოვლენების ანალიზის მიზნით „ჯი-ეიჩ-ენ“- ი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:  

-„ნაციონალური პრეზიდენტის“ წოდება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან მას შემდეგ დაიმსახურა, რაც პრეზიდენტმა აკაკი ბობოხიძის პატიმრობაში მყოფი ძმა შეიწყალა. პრემიერის თქმით, პრეზიდენტის კეთილგანწყობას მალე ვანო მერაბიშვილი,  ბაჩო ახალაია და მიხეილ  სააკაშვილიც დაიმსახურებენ. საინტერესოა, ხელისუფლების პირველ პირებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმა ქვეყნის ინტერესებს რამდენად აზარალებს, ან აცნობიერებს თუ არა, სახელისუფლებო გუნდი, რომ პრეზიდენტის პერმანენტული დისკრედიტაცია თავად „ქართულ ოცნებას“ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს?

- „ქართულმა ოცნებამ“  პრეზიდენტთან დაპირისპირებაში საზოგადოების აყოლიება დროთა განმავლობაში ვერ მოახერხა და ამ პროცესის გაგრძელება უკვე თავად მის ავტორიტეტს აზიანებს. გასათვალსწინებელია ისიც, რომ  გიორგი მარგველაშვილს  დაპირისპირების სტილი არა აქვს, რაც მას სახელისუფლებო გუნდთან მიმართებაში მომგებიან მდგომარეობაში აყენებს. რადგან ბევრს გაუჩნდა უარყოფითი პოზიცია ამ დაპირისპირების მიმართ, ბუნებრივია, რომ ამ დაპირისპირების გაღრმავება კოალიციისადმი უარყოფით შეფასებას გაზრდის. კონკრეტულად აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებას რაც შეეხება, არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ვინც არ უნდა ყოფილიყო, სხვაგვარი გადაწყვეტილების შესაძლებლობა ექნებოდა. პრეზიდენტს რომ მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც კომისიამ თავისი რეკომენდაცია წარუდგინა, დასავლეთის მხრიდან პოლიტიზებული მართლმსაჯულების სამართლიანი ბრალდება მოჰყვებოდა, საამისოდ კი,  ეს ინციდენტი ნამდვილად არ ღირდა.

 -„ქართული ოცნება“ სოციალური პრობლემების მოგვარების ლოზუნგით თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდა, ახლა კი, ბიძინა ივანიშვილი ელექტროენერგიის საფასურის კლების ნაცვლად ტარიფის მომატებას „კორექტურულ შეცდომას“ უწოდებს. ექსპერტთა ნაწილის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ხელისუფლებაში ენერგეტიკის სფეროს სერიოზული ლობისტები ყავს, რომელთაგან ერთერთი ბიძინა ივანიშვილის „ფავორიტი“ ენერგეტიკის მინისტრია. არასაკმარისი განმარტებების მიზეზით საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ იზრდება. სადამდე შეიძლება უარყოფითი მუხტის შენარჩუნება და რა შეიძლება მოყვეს ამგვარ შიდა პოლიტიკას ახლო მომავალში?

-  რაც შეეხება ტარიფების კლების დაპირებას, იგი პოლიტიკოსებს ამომრჩევლის სოციალისტურმა მენტალიტეტიდან გამომდინარე პირობა იყო, რადგან  სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ამომრჩეველი ტარიფების დაკლებას ითხოვდა. არასწორმა მოთხოვნამ არასწორი შედეგი მოიტანა, რის საფასურსაც დამკვეთიც და დამპირებელიც თავისებურად გადაიხდის. ახალი ამბავი აღარ არის, რომ ხელისუფლებას საზოგადოების ინფორმირება რომ არ გამოსდის, რასაც პირადად  იმით ვხსნი, რომ ბევრი მათგანი საჯარო პოლიტიკაში გამოუცდელია და არ იცის, რისი თქმა შეიძლება და რისი არ შეიძლება. თუკი საზოგადოების ინფორმირებას ვერ ახერხებენ, წარმომიდგენია, მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები როგორ გაუჭირდებათ. სულ რომ არანაირი  დაპირება არ გაეცა, ხელისუფლებას მაინც პირველ რიგში სოციალური პრობლემისთვის უნდა მოევლო. ქუჩაში მანქანის მოძრაობას თუ დაკვირვებიხართ, ძალიან ნელა როცა მიდის და სხვებსაც ხელს უშლის, იმის მანიშნებელია, რომ საჭესთან ან ქალი, ან ხნიერი კაცი ზის. ორივე შემთხვევაში ეს არის ხალხი, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან. ამ ხელისუფლებას უფრო დიდ მანქანასთან აქვს საქმე და მასთან ამ ხალხს არასდროს საქმე არ ქონია. ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, არც ერთი მინისტრი, ადრე არც მინისტრი ყოფილა და არც რაიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა ქონია, საიდან უნდა ქონდეთ გაბედულება და თავდაჯერება? ბუნებრივია, ზედმეტად ფრთხილები არიან და ამ სიფრთხილემაც თავისი შედეგები მოიტანა.

-ასეთი ტემპით სადამდე შეიძლება მივიდეს სახელისუფლებო კოალიცია, რომელიც არჩევნებამდე დარჩენილ დროში მოსახლეობის მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელზეც გადანაწილდება მოსახლეობის ხმები, მითუმეტეს, რომ მესამე პოლიტიკური ცენტის შექმნის შესაძლებლობის ვერსიები დიდი ხანია განიხილება, სადაც  გიორგი მარგველაშვილიც ფიგურირებს?

- მოსალოდნელია, თუმცა, არ მგონია, გიორგი  მარგველაშვილი ამ პოლიტიკურ პარტიებში  ჩაჯდეს, როგორც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მაძიებელი, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, ეს მისთვის წამგებიანი იქნება. ბევრი პოლიტიკური პარტია ჩუმად იქნება იმის გამო, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან. გაითვალისწინეთ,  რა ალტერნატივები რჩება: ნინო ბურჯანაძის პარტია, „თავისუფალი დემოკრატები“ და „პატრიოტთა ალიანსი“. თითოეული მათგანი, იმ რეიტინგს კი მოიპოვებს, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადააბიჯებინებს. უხეშად დავუშვათ, რომ თითოეულმა მათგანმა 15% აიღო, „ნაციონალებმაც“ 15 % აიღეს, მთლიანობაში  60%-ია და მეტი რა გინდათ, ასეთ ტიპის პარლამენტში, სადაც სხვადასხვა პარტიებს 15%-აქვს და 40% ერთ პარტიას აქვს, ყველას ერთმანეთთან ძალაუნებურად თანამშრომლობა მოუწევს, რაც მრავალპარტიული პარლამენტისთვის ტიპურია და  შესანიშნავი რეჟიმია, რაც საქართველოს მოსახლეობას უნდა აწყობდეს. რა საჭიროა, ერთ პარტიას მივცეთ ყველა საშუალება? ამ სცენარამდე სწორედ „ქართული ოცნების“ შეცდომები მიიყვანს ქართულ საზოგადოებას. 

-რადგან ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით ნაბიჯების გადადგმა უჭირს, ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ისევ ვიღაცეების დაჭერა ამჯობინოს. იქნება თუ არა ეს ეფექტური შედეგის მომტანი?

-ეფექტური იქნება, მაგრამ  გააჩნია, როდის მოხდება. თუ ეს მოხდა უშუალოდ არჩევნების წინ, ეფექტური იქნება, თუ ძალიან ადრე მოხდა- მაშინ ემოცია ჩაქრება. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც წინა ხელისუფლების მიერ დაზარელებულებს განეკუთვნებიან და ასეთი ადამიანი იმდენია, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის მხრდასაჭერად საკმაოდ ბევრი ხმის მომტანი იქნებიან. ოპოზიციური პარტიები არანაირ სიახლეს არ სთავაზობენ ამომრჩეველს. დაღლილ საზოგადოებას შეიძლება არჩევნებზე მისვლა დაეზაროს. ამ ფონზე მოიგებს უფრო მობილიზებული მხარდამჭერების მქონე ჯგუფი, როგორიც  მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს პერსპექტივა რომ სრულად გაცნობიერდეს მოსახლეობაში, ის შეიძლება ისეთივე აქტიური გახდეს, როგორც 2012 წელში იყო, თუმცა იმ არჩევნებისგან განსხვავებით, ხმები სხვადასხვა პარტიებში დანაწილდება.

-  ოპოზიციის დიდი ნაწილის აზრით,  ხელისუფლება  რუსეთის წინააღმდეგ საერაშორისო თანამეგობრობის პოტენციალს არასაკმარისად იყენებს, მთავრობა კი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან მოქმედების ტაქტიკა  სწორია. ამ ფონზე გაკეთდა განცხადებები  მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის ახალ ფორმატში დაწყების შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად სათანდოდ იმოქმედა ხელიუფლებამ,  როცა რუსეთის მხრიდან  ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ბანერების“ გადაადგილება მოხდა?

- საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმაოდ მკაფიო რეაქცია მისცა ხურვალეთის მოვლენებს და  ოპოზიციის ბრალდება ტოვებს შთაბეჭდლებას, რომ ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის. ამჟამად ამ ნაბიჯის გადაგმას რუსეთის მხრიდან ალბათ უფრო სერიოზული მიზეზები ჰქონდა, ვიდრე ბანერების დამონტაჟებაა, რისი მიზეზიც  საქართველოში არ უნდა ვეძებოთ. დღეს რუსეთს დასავლეთის სანქციების შერბილება სურს და მიანიშნა, რომ მას შეუძლია ხელი აღმართოს მილსადენზე.  მე ვერ ვხედავ, რომ კრემლი საქართველოსგან რამეს განსაკუთრებულად  ითხოვდეს, თუმცა თუ  თავად წავალთ დათმობებზე, უარს არ იტყვის. საქართველოს შესაძლო მოლაპარაკებებმა, ან სხვა აქტიურობამ რაიმე ადგილი უნდა დაიკავოს როგორც პარტნიორების, ისე მტრების სტრატეგიაში. სხვანაირ აქტიურობას აზრი არა აქვს.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი.

 

 
ავტორი: . .