ENG / RUS       12+

გია გვაზავა: თუ აფხაზებს ჯერ კიდევ გონება შერჩათ, მათ შემორიგებას შევძლებთ

რესპოდენტის შესახებ

სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პოლიტიკური ელიტა გაჩერებას არ აპირებს, აფხაზური საზოგადოება პრაქტიკულად უმწეო მდგომარეობაში დღიღიდღე ეფლობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, მეტიც, სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შედეგის პერსპექტივაც ბუნდოვანია. ამის ფონზე საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან მიმართებაში თითქოს განელდა, ყოველივეს კი შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების მომხრე ქვეყნების რიგს კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეემატოს. ამ და სხვა საკითხებზე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა საუბრობს.

_ ბ-ნო გია, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა დღეს აფხაზეთში, რა განწყობაა?

_ აფხაზეთის მოსახლეობაში განწყობა, რა თქმა უნდა, უარყოფითია _ გაჭირვებაა, არ არის სამუშაო ადგილები. მათ ეგონათ, რომ "დამოუკიდბელობა" მათ ეკონომიკას ძალიან სწრაფად და უცებ წასწევდა წინ ეს ასე არ მოხდა. რაც მთავარია, აფხაზური ეთნოსის ნამდვილი წარმომადგენლები უკვე აცნობიერებენ, რომ მათ ეთნოსს გაქრობა ემუქრება. აფხაზური საზოგადოება უმწეობისა და უიმედობის ჭაობში დღითიდღე ეფლობა.

თავდაპირველად ისინი ეიფორიის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ეიფორიამ გადაიარა და დღეს აფხაზი ხალხი კარგად ხედავს, რა ხდება მათ თავს. აფხაზეთში მალე იგეგმება კაზაკების ჩასახლება, აშენდება რუსული ბაზები და დასასვენებელი ზონა პრაქტიკულად მილიტარისტულ ზონად გადაიქცევა.

ეკონომიკურად აფხაზეთი რუსეთისთვის ისეთი მძიმე საკითხი ნამდვილად არ არის, რომ მან მისი ფეხზე დაყენება ვერ შეძლოს. ჯერ თავად რეგიონს აქვს საოცარი შესაძლებლობები, რეკრეაციული საშუალებები, იგივე მადნეული, იქ ვერცხლისწყალია, ნავთობსაც მიაკვლიეს. ასევე არის ქვანახშირი და რაც მთავარია, იქ წყალია, რომელიც ძალიან მალე ნავთობზე ძვირფასი გახდება.

რეალურად მოსკოვი შეძლებს იმ 100-150 ათასი კაცის ფეხზე დაყენებას და მისთვის ეს პრობლემა არ არს. იქ ფული უკვე ჩადეს რუსმა ბიზნესნემებმა, მაგრამ ხალხი ხვდება, რომ ყოველივე ეს მათთვის არ კეთდება. ისინი აცნობიერებენ, რომ ყოველივეს შედეგად მშვიდად და წყნარად მათი ასიმილაცია მოჰყვება.

_ ამას, ალბათ, ხვდება აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებაც?

_ მინდა აღვნიშნო: დღეს აფხაზეთის საზოგადოება და აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება ანუ პოლიტიკური ელიტა გაყოფილია. ეს მეორე ნაწილი, სწორედ ის ე. წ. ელიტაა, რომელმაც პრაქტიკულად მოაწყო ეს ყველაფერი. მათთვის უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდებიან, რაც გააკეთეს.
თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც იტყვიან, ზოგი მათგანი სისხლშია გასვრილი, ზოგს კიდევ სხვა ინტერესები აქვს. ის ე. წ. ელიტა, რომელიც ახლა არის აფხაზეთში, არ გაჩერდება და ბოლომდე წავა.

_ რამდენად ძლიერია აფხაზური ოპოზიცია და რამდენად ძალუძთ მათ სურათის რეალურად შეცვლა?

_ აფხაზეთში ოპოზიცია ძლიერი არასოდეს ყოფილა. ახლა შედარებით გაისმა მათი ხმა, მაგრამ ზოგი უკმაყოფილოა არჩევნებით, ზოგი კიდევ სხვა საკითხებით, ხოლო ისე, რომ ოპოზიცია გამოვიდეს და თქვას, რეალურად რა ხდება ეს ძალიან იშვიათად ხდება. იქ უფრო კლანური ბრძოლაა, ვიდრე ეროვული კუთხით ოპოზიციური გამოსვლები.


_ აფხაზეთში ხორციელდება რუსული ინვესტიციები. როგორია მათი პერსპექტივა ამ რეგიონში და რამდენად სიცოცხლისუნარიანი და ხანგრძლივვადიანი შეიძლება იყოს ისინი?

_ რუსეთი აფხაზეთს თავის რეგიონად მიიჩნევს და პრაქტიკულად იგი ასეთადაც არის გადაქცეული ამჟამად. ასე იქნება, ვიდრე რუსეთი იბატონებს იქ.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომელიც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას ითვალისწინებს?

_ მე თვითონ ვმონაწილეობდი ამ სტრატეგიის დამუშავებაში, განხილვაში. ახლა რომ გითხრათ, ეს სტრატეგია რაღაცას რადიკალურად და ძალიან სწრაფად გადაწყვეტს _ ამისი მოლოდინი არ უნდა იყოს, მაგრამ ისიც, რომ სხვა გზა არ არის და ამ გზით უნდა ვიაროთ, ესეც აქსიომაა. პირველ ყოვლისა, იქ არის საუბარი პირდაპირ კონატაქტზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან.

_ უფრო კონკრეტულად...

_ კონკრეტული ნაბიჯები ბევრ საკითხში იქნება. ეს არის ეკონომიკა, კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა რაიონებში ობშორული ზონების შექმნა, არის კულტურის საკითხები, ჯანდაცვისა და განათლების საკითხები _ ერთი სიტყვით, ეს სახალხო დიპლომატიაა, რომელიც უფრო მაღალ დონეზე იწევს, ყოველივე კი ქართული პოლიტიკით უნდა გამართლდეს. ეს ყველაფერი იძლება საშუალებას, რომ როგორც იტყვიან, პროცესში ვიყოთ, თვალი ვადევნოთ, შევხვდეთ, იმიტომ, რომ იზოლაცია არაფერი კარგის მომტანი არ არის.

ზოგი საკითხი უკვე მუშაობს, მაგალითად, მედიცინის საკითხი _ დღე არ გავა, რომ იქიდან ვინმე არ გამოგვხმაუროს და ავადმყოფი არ გადმოვიდეს. საკმაოდ ბევრ გადმოდის. საქართველოს მთავრობა, ექიმები, ფედერალური სამსახურები და ასევე აფხაზეთის მედიკოსები თავს არ ზოგავენ, რომ დაეხმარონ ამ ადამიანებს. ზოგჯერ უკმაყოფილებაცაა, რომ თვითონ დევნილებს ისე ვერ ვეხმარებით, როგორც იქიდან გადმოსულებს.

ასე რომ, თუკი ობშორული ზონები შეიქმნა, რომლებიც თავისი განრიგით, წესდებით ყოველთვის უფრო მიმზიდველია, თუკი საქართველო შეძლებს გააკეთოს ეს და მიმზიდველი ეკონომიკური სიტუაცია შექმნას, შედეგი იქნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რთულია მდგომარეობა და საქართველოს სიბრძნე და მოთმინება მართებს.

_ პირადად თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციით აფხაზეთთან მიმართებაში?

_ მსოფლიო ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, ყურადღებას აქცევს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დროში ძალიან დიდხანს თუ გაიწელა, ალბათ, კიდევ გამოჩნდება ვიღაც, ვინც აღიარებს აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობას, მერე დსთ-იდან შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვინც მათ თავისი მერკანტიკული მიდგომებიდან გამომდინარე აღიარებს.

_ ანუ უახლოეს მომავალში ელით, რომ შესაძლოა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობა კიდევ რომელიმე ქვეყანამ აღიაროს?

_ ველი. საუბედუროდ, არის ამის საშიშროება და მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნებზე. ვფიქრობ, რუსეთი ახლა ძალიან გააქტიურდება დსთ-ის ქვეყნებში, სადაც მას გარკვეული გავლენა აქვს.


_ ბელორუსისა და უკრაინის მხრიდან ხომ არ ელით ამ ნაბიჯის გადადგმას?

_ კი არ ველი, უბრალოდ, არ გამოვრიცხავ, სამწუხაროდ...

_ აფხაზეთის საქარველოს შემადგენლობაში დაბრუნების პერსპექტივას ხედავთ?

_ ამ უახლოეს ხანებში ამის მარტივ პერსპექტივას ვერ ვხედავ, მაგრამ იმის, რომ ბუნება და ღმერთი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, მჯერა. იმედი მაქვს, მოვა დრო და როგორც იტყვიან, ნაყოფი მომწიფდება და ხიდან ჩამოვარდება, მაგრამ კონკრეტულად როდის იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

ხედავთ, რა მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ პრაქტიკულად ომი მიმდინარეობს. მათი პრეტენზიაც სრულიად გასაგებია. თუკი შეიძლება აფხაზეთისთვის და ცხინვალის რეგიონისთვის, რატომ არ შეიძლება, მაგალითად, ჩეჩნეთისთვის ან ყაბარდოსთვის?! რუსეთს შეეძლო, როგორც ინგლისს, თავისი ყოფილი კოლონიებისთვის შეექმნა რაღაც გაერთიანება, კოალიცია, რომელიც ძალიან სასარგებლოა როგორ ყოფილი კოლონიებისთვის, ისე ინგლისისთვის. ყოფილი კოლონების გარიცხვა კი ამ თანამეგობრობიდან ძალიან დიდი დარტყმაა მათი ეკონომიკისთვის.

შეეძლო რუსეთსაც ამის გაკეთება და ამისთვის ომები და სისხლისღვრა აუცილებელი სულაც არ იყო მაგრამ, რუსეთი ძალოვან იმპერიად რჩება და მიმტაცებლურ პოლიტიკას აგრძელებს. მან ვერ მოიშალა მეთოდი და ამ გზისთვის არ გადაუხვევია. ეს გზა მოკლეა... შეუძლებელია, ძალით გაკეთებული რამე ბოლომდე შედეგიანი იყოს.

_ როგორ ფიქრობთ, შევძლებთ აფხაზი ხალხის შემორიგებას ქართველები?

_ ვნახოთ, ვცადოთ, თუკი ჯერ კიდევ გონება შერჩათ, მაშინ შევძლებთ.

 

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

 

ავტორი: . .