"ეროვნული საბჭო" ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ანაბრების დაბრუნებას ჰპირდება. ამის შესახებ პრაიმერის მომხრე პარტიის ლიდერებმა ჭადრაკის სასახლეში პენსიონერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და სხვა "ეროვნული საბჭოს" წევრები.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ეროვნული საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს, პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. ნოღაიდელის განცხადებით, აუცილებილია 90-იან წლებში დაკარგული ანაბრების აღწერა და შემდეგ მათი ეტაპობრივად დარიგება. ნოღაიდელმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების აუცილებლობაზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ეკონომიკის განვითარება რუსული ბაზრის გარეშე ვერ მოხერხდება.
ეროვნული საბჭოს ლიდერების თქმით, ამომრჩეველმა აღარ უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლების მხრიდან ისევ მოტყუებული დარჩეს. ლიდერები პენსიონერებსა და მცირე მეწარმეებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის კანონპროექტები, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვენ - 50%-იანი ბარიერის დაწესებას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს; მცირე მეწარმეთეთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას და პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას.
"მოვუწოდებთ, პენსიონერებს და მცირე მეწარმეებს აღარ მოატყუებინონ თავი სააკაშვილს", - განაცხადა "ხალხოს პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.