30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბრიტანეთში ახალი ლურჯი პასპორტების გაცემას მარტიდან დაიწყებენ. განცხადება გაერთიანებული სამეფოს საშინაო საკითხთა დეპარტამენტმა გაავრცელა.
შინდისფერი დიზაინის მქონე პასპორტი, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქეები იყენებენ 1988 წლიდან, ტრადიციული ლურჯი ფერის პასპორტით შეიცვლება.
ლურჯი პასპორტები ბრიტანეთში 1921 წელს დაინერგა და მოქმედებდა 1988 წლამდე, ვიდრე ევროკავშირის ლიდერები არ შეთანხმდნენ, რომ პასპორტების ერთიანი დიზაინი გამოეყენებინათ.
ბრიტანეთის საშინაო საკითხთა მდივნამა, პრის პატელმა განაცხადა, რომ პასპორტი "კიდევ ერთხელ იქნება გადაჯაჭვული ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან".
მისივე თქმით, ბრექსიტმა ბრიტანეთს მისცა "უნიკალური შესაძლებლობა, შეექმნა ახალი გზა სამყაროში" და დაბრუნებოდა საკულტო დიზაინის პასპორტებს.
გასული წლის აპრილში ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ის რჩებოდა ევროკავშირის შემადგენლობაში, დაიწყო პასპორტის გაცემა, რომელზეც წარწერა „ევროპული გაერთიანება“ მოხსნილია.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირის შემადგენლობა 2020 წლის 31 იანვარს დატოვა.