დღეს, 22 ოქტომბერს, იაპონიის ახალმა იმპერატორმა ნარუჰიტომ ტახტზე ასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იაპონია, თავისი ხალხის სიბრძნისა და ძალისხმევის წყალობით, მიაღწევს შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოებაში მეგობრობისა და მშვიდობის დამყარებას", - განაცხადა იმპერატორმა.
ამის შემდეგ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მიულოცა იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლა.
"ჩვენ, იაპონელები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ამაყ ერს მშვიდობიანი მომავალი შევუქმნათ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, აბემ სამჯერ წარმოსთქვა სიტყვა "ბანზაი" - გაუმარჯოს იმპერატორს და მონარქს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
ინტრონიზაციის ცერემონია საიმპერატორო სასახლეში, „ფიჭვების დარბაზში“ გაიმართა.
იაპონიის ახალი იმპერატორის ინტრონიზაციის ცერემონიას 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
2019 წლის 30 აპრილს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დაასრულა 30 წლიანი მმართველობა და ტახტი ოფიციალურად დატოვა, რის შემდეგაც მონარქის ტახტი მისმა ვაჟმა ნარუჰიტომ დაიკავა.