ისრაელის ცნობილმა ყოველდღიურმა გაზეთმა "იედიოთ ახრონოთმა" საქართველოში ისრაელის ელჩს, შაბთაი ცურს სტატია მიუძღვნა და ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით, ის "სკამზე მიწებებულად" მოიხსენია.
გამოცემის თანახმად, ახლა საქართველოში ისრაელს ახალი ელჩი უნდა ჰყოლოდა, თუმცა შაბთაი ცურმა ისრაელის მთავრობაზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა და ელჩის თანამდებობაზე ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შაბთაი ცურს უფლებამოსილება 2019 წლის დეკემბრამდე აქვს გაგრძელებული, უწყების მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ "ის სკამს მიეწება". სამინისტროში შიშობენ, რომ შესაძლოა, შაბთაი ცურმა საქართველოში ელჩობა მესამე ვადითაც მოითხოვოს.
"იედიოთ ახრონოთის" ცნობით, შაბთაი ცური პარტია ლიქუდის წევრია და 2016 წელს საქართველოში მისი ხელმეორედ ელჩად დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 2018 წლის დეკემბერში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ელჩად მიავლინოს რან გიდორი, პროფესიონალი და პატივსაცემი დიპლომატი. გიდორი საქართველოში ივლისში უნდა ჩასულიყო, თუმცა შაბთაი ცურმა მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინა და უფლებამოსილების ვადა ჯერ ოქტომბრამდე, შემდეგ კი დეკემბრამდე გაიხანგრძლივა.
პროცესის გაჭიანურების გამო ელჩების შეცვლა შეფერხდა. გიდორი, რომელიც ამჟამად ისრაელის ელჩია კამერუნში, ვერ ტოვებს ქვეყანას.
"მაღალჩინოსნებმა სამინისტროში განაცხადეს: "ადამიანი სკამს მიეწება. გამოჩენილ ელჩს კი ზარალი მიაყენეს", - წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შაბთაი ცურმა თავი აარიდა ჟურნალისტის შეკითხვებს და არ გააკეთა კომენტარი.
ცნობისთვის: შაბთაი ცური (შოთა ცოციაშვილი) საქართველოში ვანში დაიბადა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ისრაელში ცხოვრობს. არის პარტია ლიქუდის აქტივისტი. 2005-2008 წლებში ეკავა საქართველოში ისრაელის ელჩის თანამდებობა. 2016 წელს კი ის ხელმეორედ გახდა საქართველოში ისრაელის ელჩი.