გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ კერძო საუბარში იმედგაცრუება გამოხატა ბრიტანეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის მიმართ და აღნიშნა, რომ მათ „მართვა არ შეუძლიათ". ამის შესახებ იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი.
როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, დედოფალმა ეს კომენტარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის გადადგომიდან მალევე გააკეთა. მისივე თქმით, დედოფლის იმედგაცრუება მას შემდეგ მხოლოდ იზრდება.
გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე მკაცრი პოლიტიკური განცხადება, რაც კი დედოფალს მისი 67-წლიანი მმართველობის განმავლობაში გაუკეთებია.
ბრიტანული ტრადიციისამებრ, დედოფალი მიუხედავად იმისა, რომ სამეფოს მეთაურია, არ ერევა პოლიტიკაში და საჯაროდ პოლიტიკურ კომენტარებს არ აკეთებს.