აშშ-ის საელჩო "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებდა რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების სახით.
2017 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში აღნიშნულ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო:
შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.