თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა 17 მაისს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მოისმინა.
ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობის ამსახველ ვიდეომტკიცებულებებს და ასევე, დაცვის ხმარის განმარტებებს სასამართლო მომდევნო პროცესზე განიხილავს.
„ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდება ის გარემოება, რომ ბრალდებულს ნამდვილად აქვს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი",- განაცხადა საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების გამო აღიძრა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. 2019 წლის 22 იანვარს გეგა გეგეშიძე დააკავეს. 2019 წლის 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.