ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის ურჩია, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცესი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დაასრულოს. ამის შესახებ მედიას ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა.
„პრემიერ მინისტრმა მეიმ სატელეფონო საუბრისას იუნკერს წერილის გაგზავნის შესახებ შეატყობინა. პრეზიდენტი იუნკერი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პრემიერ მინისტრი თავის შეხედულებებს ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს სამიტის წინ აცნობს. თუმცა პრეზიდენტმა იუნკერმა ოფიციალურად გააფრთხილა პრემიერ მინისტრი, რომ წინააღმდეგია თარიღის გადავადების, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ იქნებოდა“, - განაცხადეს ევროკომისიაში.
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თარიღის გადავადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს თხოვნით მიმართა ბრექსიტი 2019 წლის 30 ივნისამდე გადავადდეს.