ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” პროექტის განხორციელებას იწყებს. მსოფლიო ბანკის პროექტის (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა შეიქმნა. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს შეადგენს.
GENIE პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის არის გათვალისწინებული.
მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარია.
პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შექმნისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებაა.
პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა მიესალმა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ დამსწრეებს პროგრამაში მონაწილეობის დეტალები გააცნო. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები დაფინანსდება, გარდა სამხედრო, ბირთვული ტექნოლოგიების, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა; შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.