კარგად ვერ იმუშავა „ნაციონალური მოძრაობის“ დაზვერვამ, პარტიულმა „ეფ-ეს-ბემ“, რადგან გვიან გაიგეს ხვალინდელი ინიციატივის შესახებ, რომელიც მთავრობის სხდომაზე პრემიერის მიერ დაანონსდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გეგმა "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს და ის ვალები, რომლებიც მოქალაქეებს დაუგროვდათ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„რომ მომავალში აღარ მოხდეს და ჩვენ აღარ გვყავდეს იპოთეკარების ის ძალიან დასანანი კასტა, რომელიც შეიქმნა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გატარებული პოლიტიკის შედეგად, როდესაც ერთ მესამედ მათგანს სამედიცინო საყოველთაო ჯანდაცვის არარსებობის გამო სამედიცინო მიზნებისთვის აღებული სესხების გამო დაკარგეს საცხოვრისი, მეორე ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო. გადაიდგა ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასევე ეროვნულ ბანკში ხდება შესაბამისი რეგულაციების შემოტანა პირველი იანვრიდან და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იქნება ხვალ ასევე გაჟღერებული“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
"გაერთინებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.