ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა მხრიდან უნდა იყოს რომ ამ ტიპის დანაშაულები ჩაიდინა რუსეთმა ოკუპაციის მცდელობების დროს და ასეც იყო, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ანა დოლიძემ ჰააგის სასამართლოს თემაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალიან არაზნეობრივი და ამორალური ქმედებაა, როდესაც ცდილობ რომ ჯარისკაცები და პოლიციები გარიო, იმიტომ რომ დააზიანო მეორე მხარე, ამ ბინძურ თამაშში.
„ჰააგაში გამოძება არის დაწყებული. ის აგროვებს მტკიცებულებებს. რუსეთის მხარე არ თანამშრომლობს ისევე, როგორც არ აინტერესებს საერთაშორისო მართლწესრიგი. ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა მაინც ინდივიდუალურად დადგება. აი, რაში არის ხალხის ტვინის დაბნევის მცდელობა. სინამდვილეში ის პროცესი, რომელშიც მიმდინარეობს გამოძიება, პასუხისმგელობას აყენებს ინდივიდუალურად. პასუხისმგებლობის საკითხს ადგენს ჰააგა, ადგენს ფატუ ბენსუდა და შემდეგ სასამართლო, რომელიც განსჯის. რა ტიპის მტკიცებულებები მიაწოდა აქედან თეა წულუკიანმა, რატო არ მიაწოდა ეს თეა წულუკიანმა კეთილი ინებოს და აუხსნას საზოგადოებას. მე მანამდეც მითქვამს რომ მას არაერთხელ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა ქართულ სასამართლოში რომ ვერ მოაწესრიგა სიტუაცია, არათუ ჰააგაში. მაგრამ მთავარი ასახსნელი არის ის, მე არ მახსოვს რომელიმე ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში. იქ შეიძლება ადამიანები დაიბარონ მოწმის სახით მხოლოდ და მხოლოდ. პასუხისმგებლობის საკითხი შემოიფარგლება უმაღლეს დონესთან მიმართებაში. ეს არის პრეზიდენტები, არმიის ხელმძღვანელები და მეთაურები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული ფართომასშტაბიანი დანაშაულებები. ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა მხრიდან უნდა იყოს რომ ამ ტიპის დანაშაულები ჩაიდინა რუსეთმა ოკუპაციის მცდელობების დროს და ასეც იყო. ეს არის ძალიან არაზნეობრივი და ამორალური ქმედება როდესაც ცდილობ რომ ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციები გარიო, იმიტომ რომ დააზიანო მეორე მხარე, ამ ბინძურ თამაშში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.