ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის მტკიცებით, ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგით, ნაცვლიშვილისთვის მიყენებული 6 ჭრილობა იმ დანით არაა მიყენებული, რომელიც გამოძიებას აქვს ამოღებული.
"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 6 ჭრილობა, რომელიც განვითარებულია გარდაცილი ანა ნაცვლიშვილის სხეულზე, ამ დანით არ არის განხორციელებული. უკვე საფუძვლიან ვარაუდს მაძლევს ბრალდებულის ჩვენება, რომ ეს ვერსია შეთავაზებული იყო ნამდვილად გამოძიების მიერ. თუ რატომ მოაწერა ჩვენებას ხელი, მან განმარტა, რომ იყო ზეწოლები მეგობრების დაჭერით, ოჯახის განადგურებით.
დანის და ჭრილობის პარამეტრები აბსოლუტურ არათანხვედრაშია. გრიგალაშვილი რას დაიბრალებდა თავის დროზე, ამაზე პასუხი არ მაქვს.
გამოძიებას ესაჭიროებოდა გახსნილად გამოეცხადებინა საქმე, გრიგალაშვილის ზარები იყო ნაცვლიშვილთან განხორციელებული, გრიგალაშვილის მიმოწერა იყო, შესაბამისად, მარტივი იქნებოდა მისთვის ბრალის შერაცხვა.
როგორც მისი უფლებადამცველი, ვალდებული ვარ გრიგალაშვილს დავეთანხმო და ვთქვა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ეს ქმედება", - განაცხადა ოტიაშვილმა.
დღეს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დაიკითხა.