ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამ - ყველას გვაქვს რწმენა უკეთესი და საიმედო დღის, დღის, რომლის მიმართ რწმენა და იმედი ჩაკლა და ჭაობად აქცია ამ ხელისუფლებამ. ამიტომ, მეგობრებო მოგიწოდებთ ყველას, ერთ კვირაში მოხვიდეთ არჩევნებზე. სახელისუფლებო პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში. ამიტომ, საჭიროა მივიდეთ და საიმედო ხვალინდელ დღეს მივცეთ ხმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა, ვინც სახლში დარჩება, ან ვინც ყველას გადახაზავს - ამით სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.
„უნდა გვახსოვდეს, ვინც სახლში დარჩება, ის სალომე ზურაბიშვილს და ივანიშვილს უჭერს მხარს მისდაუნებურად. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც ყველას გადახაზავს, ისიც სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. შესაძლოა არ მოგწონდეს კონკრეტული კანდიდატი, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონდეს შენი ქვეყანა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ არა სალომე ზურაბიშვილს, არა საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.