როგორც კი ეროვნული, პროდასავლური და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში გაორმაგებულად გავაგრძელებთ აჭარის ერთ-ერთ ევროპულ რეგიონად გადაქცევას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ აჭარის განვითარება შეეფერხებინა. მისივე თქმით, მაგალითად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ხელისუფლებამ დაანაწევრა და ბინებად გაყიდა. ვაშაძემ პირობა დადო, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაბრუნდება ბათუმში.
მან მიმდინარეო მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება კიდევ ბედავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შემოხაზონ 48 ნომერი.
„რისთვის უნდა შემოვხაზოთ კიდევ 48-ჯერ რომ ამოვაღებინოთ ჯიბიდან ფული? და 48 კი არა 48 ათას კრიმინალს რომ თავზე დავასვათ საფრანგეთიდან ჩამოტანილი მატრიოშკა იმისთვის რომ დემოკრატიული ფასადი შევუნარჩუნოთ? არასოდეს ეს არ მოხდება, იმიტომ რომ მოთმინების საზღვარი უკვე ამოწურულია. ამოვიდა ყელში თქვენი ქურდული ოცნება. თქვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ჩვენ სუყველას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" მოგებული აქვს.