პროკურატურა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, ბრიტანელ სამართალდამცველებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მასალა და მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ის გულისხმობს აუდიოჩანაწერებსა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მკვლელობის მომზადების საქმეზეა მოპოვებული.
მისივე თქმით, 2016 წლის სექტემბერში გამოძიებამ ბრიტანეთის შესაბამის ორგანოებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაეგზავნა მოთხოვნა მისი გარდაცვალების შესახებ ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
გუმბერიძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საქმეზე სიმართლეს დაადგენს.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, გამოკვეთილია მკვლელობის მომზადების ფაქტი, თუმცა ვცდილობთ, სრულყოფილი გამოძიება ჩავატაროთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს“, – აღნიშნა გუმბერიძემ.