განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველა პარტიასთან საერთო ამოცანა გვაქვს ის, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ სურს „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდეს.
უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარეალიზებადია და პოპულისტურ ხასიათს ატარებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვის“.
„ვანო ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენი მეგობრობა არ დაწყებულა პოლიტიკით. ბუნებრივია, პატივს ვცემ მის აზრს. გუშინდელმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა, ძალით იქნა გაყვანილი და ის, რაც ჩვენ ვიცოდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
რაც შეეხება პარტიებს, ჩვენ გავიყავით არა პირადი დაპირისპირების ან ემოციის გამო, რადგან ფუნდამენტურ საკითხებში არის ფუნდამენტური განსხვავება, რაც დღეს უკვე კარგად ჩანს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიძრა უფრო პოპულიზმისკენ, საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არარეალიზებადია და პოპულისტურ ხასიათს ატარებს. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით.
„ევროპული საქართველო“ არ არის პოპულისტური პარტია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც რეალისტურად გასაკეთებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და სამუშაო ადგილები შეიქმნას. განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველა პარტიასთან საერთო ამოცანა გვაქვს ის, რომ არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.