თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ქსმოტელის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მრკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
სასამართლოს ჩვენებას დაზარალებულის უფლებამონაცვლე მისცემს. დაიკითხება ასევე ის პირი, ვის სახლთანაც მკვლელობა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს.
ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.
მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
ბრალდებულების ადვოკატი, სულხან კომახიძე კი აცხადებს, რომ ლევან ყანდორელაშვილს განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს. მისივე თქმით, საქმეში ერთადერთი ვიდეოფირი აქვთ, სადაც ბრალდებულს ეკითხებიან, ქმოსტელი რატომ მოკლესო და ის პასუხობს, ალბათ, მოსაკლავი იყოო.