რუსეთმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან კიდევ 10 ათასი ბარელით/დღე-ღამეში გაზარდა ნავთობის მოპოვება სექტემბრის თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.
შედეგად, რუსეთში მოპოვებამ შეადგინა 11,360 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. როგორც ადრე ნოვაკი აცხადებდა, სექტემბერში რუსეთი მოიპოვებდა საშუალოდ 11,35 მლნ ბარელ ნავთობს/დღე-ღამეში.
ნავთობის მიმდინარე მოპოვება 113 ათასი ბარელით/დღე-ღამეში აღემატება 2016 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელს, როდესაც ის შეადგენდა 11,247 მლნ ბარელს. სწორედ ამ დონიდან შეამცირა რუსეთმა ნავთობის მოპოვება 300 ათასი ბარელით "ოპეკი +"-ის შეთანხმების ფარგლებში.
ივლისის თვიდან შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა დაიწყეს მოპოვების აღდგენა, რათა აღმოეფხვრათ ბაზარზე ნავთობის მიწოდების უკმარისობა. შედეგად, რუსეთმა არა მარტო სრულად აღადგინა ის მოპოვება, რაც შეამცირა შეთანხმების ფარგლებში, არამედ გადააჭარბა კიდეც.