სააფთიაქო ნარკომანიის საქმის პროკურორის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ბრალდებულთან მიმართებით არსებობს, როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები.
"სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო დანარჩენ პირებს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე. სასამართლომ ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ არსებობდა მტკიცებულებების მოპოვების ხელისშეშლის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები.
პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით არსებობს, როგორც ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე მოწმეთა ჩვენებები და შესაბამისად, სხვა მტკიცებულებები. რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, რომელთა დაკავებაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა, ესენი არიან იმ აფთიაქებში დასაქმებული პირები. მათი ბრალეულობის ხარისხის და კვალიფიკაციის შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით რომ მათ მიმართ გამოყენებული იყოს გირაო", - აცხადებს ლილუაშვილი.
ცნობისთვის, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ 6 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული კიდევ 5 პირი.