თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ამჟამად ბრალდებული ზურა მიქაძის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმის პროცესზე გამოკითხული მოწმის, ყოფილი პატრულ-ინსპექტორის მიერ მიცემული ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან განაცხადა, რომ ჩვენების მიცემისას გამომძიებლები კონკრეტულ მიმართულებას აძლევდნენ.
"დღევანდელი სხდომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოწმემ, დაადასტურა გამოძიებაში მიცემული თავისი ჩვენებები, სადაც იგი აღწერს მისვლის დროისათვის არსებულ იარაღებს. აგრეთვე, მან დღეს სასამართლო პროცესზე გააჟღერა ახალი გარემოება, რომ გამომძიებლები დაკითხვისას მიმართულებას აძლევდნენ, რომ მას გამოძიებისათვის სასურველი ჩვენება მიეცა, რომ თითქოს, ზურაბ მიქაძე მას ტელეფონით დაუკავშირდა, რომ არაყიშვილის ქუჩაზე, ვაკის პოლიციის სამმართველოში წასულიყო და იქიდან მოეტანა იარაღები. რაზეც მოწმემ გამომძიებლებს კატეგორიული უარი განუცხადა და უთხრა, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია და ეს ადვილად დადასტურდებოდა, თუკი მათ მიერ ამოღებული იქნებოდა სატელოფონო საუბრების დეტალური ჩანაწერების აღმრიცხველი დოკუმენტაცია, რაც გამოძიებას ცალსახად არ გაუკეთებია.
მოწმემ სრულად დაადასტურა, რომ გასროლიდან პირველსავე წამებში შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა და იქ თავისი თვალით იხილა, როგორ ხდებოდა ცეცხლსასროლი იარაღების ამოღება და ავტომანქანის საბარგულზე დალაგება", - აცხადებს მიქაძე.
მან ასევე ისაუბრა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის გამოკითხვაზეც.
"ექსპერტმა დაადასტურა, მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ნამდვილობა. შეკითხვაზე, თანამედროვე პროგრამებთან მიმართებაში მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებისას გამოყენებული პროგრამა იძლევა თუ არა ცდომილებებს, მან ალბათობის ხარისხში თქვა, შესაძლებელია ცდომილებები იყოს, მაგრამ თანამედროვე პროგრამები, ისევე როგორც ძველი პროგრამები, ცალსახად, ერთნაირად აფიქსირებს ფირის უწყვეტობას და წყვეტასო", - დასძენს მიქაძე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.