ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მზადება დასკვნით ეტაპზეა.
„სააპელაციო სასამართლოში ჩვენ წარმოვადგენთ აღნიშნულ მტკიცებულებას და ვიშუამდგომლებთ აღნიშნული ექსპერტების დაკითხვას, რომლებიც დაადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობას.
მე დრწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც სასამართლო მოიღებს აღნიშნულ მტკიცებულებას, მას შემდეგ რაც მოუსმენს ექსპერტებს, სასამართლო უტყუარად გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციის მართებულობას. სასამართლო კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ვერსია, რომელიც შემოგვთავაზა ბრალდების მხარემ ძალიან განსხვავდება იმ რეალობისგან, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი“, -აცხადებს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.
სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.