13 სექტემბერს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საელჩო საქართველოში სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მეორე ფაზას წარადგენენ.
ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კრეატულ პერფორმანსში, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების უხილავ ბარიერებს წარმოაჩენს.
მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ულრიკ თიდესტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, და ირინე ფრუიძე - საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. კამპანიის მიზანია პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების დაბალი ჩართულობის მიღმა არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ ინსტიტუციური მიზეზების შესახებ მსჯელობა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა.
თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.
სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.