ENG / RUS       12+

პუტინი ავსტრო-გერმანულ ქორწილში

ამქვეყნად ყველაფერი პოლიტიკაა, მათ შორის სპორტი, ფეხბურთი, ხელოვნება, მეცნიერება.....მაგრამ არის რამდენიმე ადამიანური სფერო, რომლის „გამოყენება“ პოლიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია მათ „პოლიტიზებაში“ დასდო ბრალი.

აი, მაგალითად, პოლიტიკოსი გასვენებაში მიდის. განა ვის მოუბრუნდება ენა, იგი „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი მოტივი სრულიად აშკარაა? ასევე, განა რა შეიძლება იყოს იმაზე წმიდა, საკრალური, „ხელუხლებელი“ ვიდრე ქორწილი ანუ ოჯახის შექმნაა? მაშინაც კი  (ან მით უმეტეს მაშინ), როცა ნეფე 53 წლისაა ხოლო დედოფალი-54 წლისა.

მერე რა? პირიქით -  სწორედ ფენომენის საკრალურობიდან გამომდინარე და ამჟამინდელი „პოლიტკორექტულობით“, მაინც „მოვე ტონად“ ჟღერს ანტიპუტინური ბრალდება „ქორწინების პოლიტიკურად გამოყენების შესახებ“. იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ კარინ კნაისლისა და ბიზნესმენ უოლფგანგ მაილინგერის ქორწილში არც დაუპატიჟებლად მივიდოდა და არც მათი ნების წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ძალით არ შეუვარდებოდა საქორწინო სარეცელში. და რაკი მივიდა, ესე იგი დაპატიჟეს, ხოლო თუ დაპატიჟეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მართლა კარინმა მიიწვია თუ თვითონ დაიპატიჟა საკუთარი თავი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რასაკვირველია „თვითონ“.

წყაროთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ პუტინის დავალებით, ავსტრიაში რუსეთის ელჩი ჯერ კიდევ ივლისში შეხვდა გასათხოვარ კარინს და უთხრა: „ჩვენი პრეზიდენტი ბერლინში მიემგზავრება ანგელა მერკელთან მოსალაპარაკებლად და უნდა, გზად, თქვენდამი პატივისცემის ნიშნად, ქორწილში შემოგიაროთო“.

ბუნებრივია, კარინი, ქორწინებისწინა სასიხარულო ჟრუანტელის მიუხედავად, პასუხს მაშინვე არ გასცემდა, რაკი ძალიან გამოცდილი დიპლომატია და აუცილებლად შეათანხმებდა საკითხს ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერ სებასტიან კურცთან.

საბოლოოდ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და რასაკვირველია ყველა მხარეს (მერკელის ჩათვლით, რაკი კურცი მასაც დაეკითხებოდა ამ თემაზე) ესმოდა, რომ ეს დიდი პოლიტიკური აქცია იყო.

 ახლა რამდენიც არ უნდა „ნაბონ თვალები“ გაკვირვებით: „უი, ძვირფასო უკრაინელებო, რას ბრძანებთ, პოლიტიკა რა შუაშია, განა ქორწინებაზე და ოჯახის შექმნაზე წმინდა, კეთილი, საკრალური რა შეიძლება იყოს - როგორ გეკადრებათ მისი პოლიტიზება?“

ესეც თამაშის წესია და სწორედ ასე უნდა ილაპარაკონ. თუმცა ბერლინსა და ვენაში პუტინის „დამპატიჟეს“ პასუხად ნამდვილად შეეძლოთ „დიპლომატიური მიზეზების“ გამოგონება უარის სათქმელად, მაგალითად: „ბოდიში, მაგრამ ვიწრო წრეში იხდიან ქორწილს......მალევე განმარტოვება უნდათ ახლადდაქორწინებულებს......იმ სოფელში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ესოდენ მაღალი სტუმრისთვის........“

ასეთ „სათქმელ-მოსამიზეზებელს“ რა დალევს?

თუმცა, მეორეს მხრივ, როგორ გინდა პუტინს „დამპატიჟეზე“ უარი უთხრა?. ეს ხომ უსასტიკესი შეურაცხყოფა იქნება?! თუ ძალიან სერიოზული მოტივი არა გაქვს, ვერ ეტყვი უარს. არადა, „დამპატიჟემ“ ზუსტად გათვალა, რომ მოტივი სწორედაც მის სასარგებლოდ აქვთ დღეს ბერლინსაც და ვენასაც. ესაა მთავარი მთელს ამ ვითომ „აპოლიტიკურ“ ისტორიაში!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ავსტრიული ქორწილი“ მისი უმშვენიერესი, ღრმად ხალხური ტრადიციებით, - ცხენოსანი ეტლით, აკორდეონით, მზესუმზირათი, ეროვნული სამოსით, ცეკვით  შეუდარებელი პეიზაჟის ფონზე, სრულად ავსებდა პუტინ-მერკელის თითქოსდა ცივად პრაგმატულ დიპლომატიურ პრეს-კონფერენციას, რომელიც (დავაკვირდეთ) არა მოლაპარაკების შემდეგ, არამედ მოლაპარაკებამდე გაიმართა. და ესეც არ იყო შემთხვევითი, რაკი ამგვარი ფორმატი იშვიათობაა და მხოლოდ მაშინ თუ მიმართავენ დიპლომატიაში, როცა არ სურთ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხონ შედეგის თაობაზე, თუმცა კი არ მალავენ მოლაპარაკების თემატიკას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა და მერკელმა განიხილეს ის საკითხები, რაც პრიორიტეტულად მიაჩნიათ, ანუ ორივეს შეუძლია ამერიკის პირდაპირი ჩარევის გარეშე მათზე შეთანხმების მიღწევა: პირველ რიგში ეს არის სირია.

ოღონდ იმ რაკურსით, რომ გერმანიაში უმწვავეს პოლიტიკურ (თანაც სისტემურ) კრიზისს იწვევს სირიიდან მილიონობით ადამიანის ლტოლვა ევროპისკენ. შეუძლია აქ პუტინს მნიშვნელოვანი, გერმანიისთვის პოზიტიური როლის შესრულება (თუ მოინდომა და ხელსაყრელად ჩათვალა)? დიახ შეუძლია.

მეორე: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ანუ საზღვაო მარშრუტით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება ახალი დიდი გაზსადენით, რაც გერმანიას  აქცევს ევროპაში ყველაზე იაფი და ეკოლოგიურად სუფთა საწვავის უმთავრეს დისტრიბუტორად - ამით განამტკიცებს გერმანიის როლს, როგორც ევროკავშირის საყრდენისა. მით უმეტეს „ბრექსიტის“ შემდეგ.

მესამე: უკრაინა. ოღონდ, რასაკვირველია პირველ ორ საკითხთან მჭიდრო კავშირში. თუ არ იქნება სტატუს-ქვოს დარღვევის მცდელობა, არ იქნება შეტევა მარიუპოლზე და აზოვის ზღვის გადაკეტვა. მოსკოვი საერთაშორისო „მშვიდობისმყოფელთა“ კონფლიქტის ზონაში შეყვანაზეც კი თანახმაა უკვე

ამ ყოველივეს პუტინი, როგორც ჩანს, იმ გათვლით შეჰპირდა მერკელს, რომ ახალი დიდი ომი უკრაინაში ფრაუ მერკელის თავის ტკივილი უფრო იქნება, ვიდრე ტრამპისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, ავსტრიის ქორწილშიც და მერკელთან პრეს-კონფერენციაზეც უჩინრად იმყოფებოდა პრეზიდენტ ტრამპის აჩრდილი; მაგრამ პუტინი მუდმივად ცდილობს, როგორც რუსი პოლიტოლოგი ფეოდორ ლუკიანოვი ამბობს „იპოვოს სუსტი წერტილები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში“.

 ახლა, როცა ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს,  ერთ-ერთი ასეთი „სუსტი და მოწყვლადი წერტილია“ უკვე აშკარა ინტერესთა  კონფლიქტი ვაშინგტონსა და ბერლინს შორის. როგორც კი აქ მცირე ბზარი გაჩნდა, პუტინიც  „მივარდა“, რათა ეს ბზარი ნაპრალად აქციოს.

მერკელი ვერ აუხსნის გერმანულ ელიტებს, რატომ არ უნდა გამოიყენოს პუტინის შესაძლო მხარდაჭერა ისეთ საკითხში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთიდან მოზღვავებულ ლტოლვილთა თუნდაც ნაწილობრივ შეკავება ან  უკვე გამოქცეულ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნება და გერმანიის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერება რუსული გაზით, რომელიც ყოველ შემთხვევაში, ამერიკულ თხევად გაზზე იაფია და იოლად გამოსაყენებელი თუნდაც წმინდად ლოგისტიკური თვალსაზრისით.

მაშინ, როდესაც პუტინი თითქოს სანაცვლოდ ბევრს არაფერს სთხოვს: არ სთხოვს უკრაინის მთლიანად „ჩაბარებას“, მარიუპოლ-კიევ-ოდესის დაპყრობაზე თვალის დახუჭვას....... ჰპირდება რომ „ჩრდილო ნაკადი-2“ - ის შემდეგაც გააგრძელებს ბუნებრივი აირის ტრანზიტს უკრაინის გავლით......თუ რასაკვირველია უკრაინელები გადაიხდიან....ჰოდა როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს მემარჯვენე ევროპელი ლიდერი ამ ლოგიკას: „გადაიხადონ ბატონო (ქალბატონო) უკრაინელებმა და ექნებათ გაზი, - ვინ მამაძაღლი.....“

სინამდვილეში რომ სწორედაც „მამაძაღლია“, ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - მთავარია, რომ ეს საკითხები მერკელის შიდაპოლიტიკურ „დღის წესრიგს“ ისე  ეხმიანება და იმდენად პასუხობს მის პოლიტიკას, რომ შეუძლებელია..... „არ დაპატიჟო ქორწილში“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი მომენტი ავსტრო-გერმანული „ქორწინების“ ფონზე.

აბა გავიხსენოთ რით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? ავსტრიელთა და გერმანელთა სურვილით (რაც ადოლფ ჰიტლერის ახირება სულაც არ ყოფილა) ეცხოვრათ „ერთად!“

 ნეიტრალური ავსტრიის „საქორწინო ცერემონიალში“ მონაწილეობით, პუტინი მერკელს ეუბნება, რომ იოტისოდენად არ აპირებს ეჭვქვეშ დააყენოს ბერლინის სურვილი იყოს დომინანტი ევროკავშირში, ასევე „დედა-სახელმწიფო“ გერმანული კულტურის ერებისთვის. მათ შორის იგულისხმება ბალტიაც.

„პირიქით -  ყველანაირად ხელს შეგიწყობთო“ ოღონდ, ოღონდ!.....საპასუხოდ იგი მერკელისგან მოითხოვს, არ შეუშალოს ხელი თავად (და ამერიკასაც დაუშალოს) ჩარევა პოსტსაბჭოური სივრცის საქმეებში, სადაც პუტინი ინტეგრაციული პროცესების განვითარებას ცდილობს, - ამ სივრცეზე მოსკოვის პრიორიტეტის დასამკვიდრებლად.

პუტინსა და მისი იდეოლოგებს (მაგალითად ვიტალი ტრეტიაკოვს) ბევრჯერ მიუნიშნებიათ: ორი კავშირი იარსებებსო ატლანტიკიდან - წყნარ ოკეანემდე: „ევროკავშირი“ და....„ევრაზიული კავშირი“. პირველის დედაქალაქი ბერლინი იქნება, ხოლო მეორესი- მოსკოვი.

ამ ფონზე კი ანგელა მერკელი პოსტსაბჭოურ სივრცეზე ტურნეს იწყებს, საქართველოსაც ეწვევა და მისი მთავარი მესიჯი, როგორც ჩანს, ზუსტად ესაა: „ქორწილია - ნეფემ და დედოფალმა უკვე იცეკვეს და „მაყარნი“ მეტისმეტად ხმამაღლადაც ნუღარ იმღერებთ!“

ნიკა იმნაიშვილი