თარიღი    დრო

რა მოხდა კოდორის ხეობაში „აგვისტოს ომის“ დროს?

საქართველო, თბილისი - 10:24 08.13.2018 934

ჩაიარა ხუთდღიანი (სინამდვილეში დღენახევრიანი) ომის მორიგმა წლისთავმა. ამჯერად უკვე „ათწლეული“ აღვნიშნეთ სხვადასხვა განწყობით ჩვენ, რუსებმა, ოსებმა და აფხაზებმა. ეს უკანასკნელნი ახლა „საქართველოს მცირე იმპერიაზე“ გამარჯვების მეოთხედსაუკუნოვანი „იუბილეს“ აღსანიშნავად ემზადებიან: კვლავ გამოკეტეს გალის რაიონში ქართული მოსახლეობა, რომელიც ისედაც ასიმილირებისთვისაა განწირული.

 „ათი წლისთავის“  შეწყვილება საშემოდგომოდ სოხუმში დაგეგმილ „გრანდიოზულ ზეიმთან“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოდორის ხეობიდან იქ იმ დროისათვის კიდევ შემორჩენილი ქართული მოსახლეობის განდევნით და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხეობიდან გაძევებით, სეპარატისტულმა სოხუმმა მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი საერთაშორისო აღიარებისთვის: იგი უკვე სრულად აკონტროლებს აფხაზეთის მთელს ტერიტორიას მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტომდე, კოდორის ხეობაზე სოხუმის „სუვერენიტეტი“ არ ვრცელდებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისი პირობაა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, მაგრამ ერთ-ერთი პირობა, სამომავლოდ, ნამდვილად არის! სწორედ ამიტომ იყვნენ სეპარატისტები ასე მოწადინებულნი, გაევრცელებინათ ძალაუფლება  კოდორის ხეობაზე და ამით წარეშალათ საქართველოს სახელმწიფოს გავლენის უკანასკნელი კერა, უკანასკნელი კვალი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

თანაც, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს მომხდარიყო ვითომდაც „მშვიდობიანად“, ანუ განსაკუთრებული ბრძოლების და სისხლისღვრის გარეშე, რადგან სხვა შემთხვევაში დაფიქსირდებოდა „ძალადობრივი ეთნოწმენდა“, ხოლო აფხაზები, ოსებისგან განსხვავებით, ფართო საერთაშორისო აღიარებისთვის იბრძვიან და არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლისათვის.

ასეც მოხდა: ტერიტორია „გაიწმინდა“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის გარეშე. რამდენიმე საათიანი „დაბომბვა“ ამგვარ „წინააღმდეგობად“ ვერ ჩაითლება, რადგან იმავე საერთაშორისო სამართლისთვის მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს ბრძოლის (და არა მხოლოდ დაბომბვის) ფაქტი.

ეს კი არა და, 1994 წელს, როცა შევარდნაძემ აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლები ჩამოიყვანა „ეთნოწმენდის“ დასაფიქსირებლად, მათ ეს ფაქტი გაგრასა და სოხუმშიც კი უარყვეს რადგან, თურმე ნუ იტყვით, „მოსახლეობა მანამ გამოიქცა, სანამ იქ აფხაზური ფორმირებები შევიდოდნენო“.

მით უმეტეს კოდორში ასე იქნებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უპირველესად ამ მიზეზით, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ის რაც მოხდა ხეობაში 2008 წლის 10 აგვისტოს და რატომ (როგორ) დატოვეს ხეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფებმა ისე, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. კიდევ უარესი - შეიარაღების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელი დაუტოვეს მტერს!

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა: ვინ გასცა ბრძანება (თუ გასცა ასეთი ბრძანება ვინმემ საერთოდ), ფაქტიურად უბრძოლველად დაეტოვებინა ეს რეგიონი საქართველოს შეიარაღებულ ძალთა უძლიერეს, კბილებამდე შეიარაღებულ ქვედანაყოფს? თანაც იმ პირობებში, როდესაც თვით გეოგრაფიაც კი, ამ ხეობისა, ქმნის ხანგრძლივი თავდაცვითი ბრძოლების საშუალებას?

გავიხსენოთ რა ძალა იყო ეს 2008 წლის 7 აგვისტოსთვის: არმიის ერთი ბრიგადა ანუ 2 000 კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცი და ოფიცერი, - უხვად აღჭურვილი შორსმსროლელი არტილერიით, ნაღმსატყორცნებით, ზალპური ცეცხლის დანადგარებით, მრავალი თვის სამყოფი საბრძოლო მასალით და ა.შ.

ასევე, 1000-მდე პოლიციელი შედარებით მსუბუქი შეიარაღებით, მაგრამ იმ რელიეფის პირობებში, ვიმეორებ, 100 ვაჟკაციც კი შეძლებდა ერთადერთ ვიწრო გზაზე მომავალი მტრის შეჩერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2008 წელს შექმნილი „დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ, ამ თემაზე საუბრისას თქვა: „ბევრჯერ დავსვი ეს კითხვა კომისიის სხდომაზე, მაგრამ ვისაც კი ვეკითხებოდი, თავს ჩაღუნავდნენ და...... სდუმდნენ. ერთადერთი ვანო მერაბიშვილმა  აღიარა, რომ სწორედ მან გასცა ბრძანება“. (ციტატის დასასრული)

მაგრამ ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თეორიულად, მას, რასაკვირველია, შეეძლო ებრძანებინა შსს-ს დანაყოფებისთვის, დაეტოვებინათ ხეობა, მაგრამ საარმიო ბრიგადა? არმია მერაბიშვილს არ ემორჩილებოდა. სამხედრო ბრიგადისთვის შეეძლო ებრძანებინა მხოლოდ ორ  თანამდებობის პირს: პრეზიდენტს ანუ უმაღლეს მხედართმთავარს  და გენერალური შტაბის უფროსს! არა თავდაცვის მინისტრს, რადგან საომარ ვითარებაში სწორედ გენერალური შტაბის უფროსი ხდება „პირველი პირი“ არმიაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა იმდროინდელი „გენშტაბის“ უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას გამონათქვამთა ევოლუცია 2008 წლიდან - დღემდე. რამდენიმე დღის წინ, „პირველზე“ გამოსვლისას გენერალმა გოგავამ აღიარა, რომ სწორედ მან გასცა ეს ბრძანება.

მაგრამ  სანამ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ბატონ გენერალს „ცოტა“ სხვაგვარი ნარატივი ჰქონდა. აბა შევადაროთ.

ახლა თქვა: მე გავეცი ბრძანება უკან დაეხიათ, რადგან ათასობით ახალგაზრდას უაზროდ ჩახოცვა არ შეიძლებოდაო.

მანამდე კი (რამდენიმე წლის წინ) ასე უპასუხა იგივე კითხვას: მე ვერ გავცემდი ისეთ ბრძანებას, რომ ათასობით ახალგაზრდა კოდორის ხეობაში დარჩენილიყო და ჩახოცილიყოო.

ერთი შეხედვით თითქოს იდენტური განცხადებებია არა? სინამდვილეში, ძალიან დიდი სხვაობაა. რადგან პირველ შემთხვევაში გენერალი გუგავა ამბობს, რომ გასცა ბრძანება გამოსულიყვნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში, რომ „არ გასცა“ ბრძანება ხეობაში დარჩენილყვნენ და გაეგრძელებინათ წინააღმდეგობა

თუმცა, მოდით ჩავთვალოთ, თითქოს ეს ერთი და იგივეა. ანუ ავიღოთ  გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის ბოლო განცხადება -  მე ვუბრძანე რადგან.....ათასობით ახალგაზრდას უაზროდ ჩახოცვა.... -  მაშინ ისმის კითხვა: ასეთი მნიშვნელობის ბრძანება, როგორიც იყო კოდორის ხეობის  უბრძოლველად დატოვება, გენერალური შტაბის უფროსმა უმაღლეს მხედართმთავართან შეთანხმების გარეშე გასცა? თუ ბრძანება პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოდიოდა?

კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ელემენტარულ ლოგიკა ხომ არსებობს? - ზუსტად იმ დღეს, ანუ 10 აგვისტოს, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით ტელევიზიით გამოვიდა დავით ბაქრაძე და ზუგდიდის საცოდავ, უიარაღო, სრულიად დაუცველ  მოსახლეობას მოუწოდა: „რითაც შეძლებთ მტერს ბოლომდე წინააღმდეგობა გაუწიეთო“ და.....ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს სააკაშვილი ვინმეს დაავალებდა, 3 ათასი კბილებამდე შეიარაღებული მეომრისთვის ებრძანებინა, „წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, გამოდით და იარაღი მტერს დაუტოვეთო?!!!“

ეს არის გამორიცხული.

ზოგიერთი ცნობით, არავითარი ბრძანება არ ყოფილა - არც გენერალური შტაბის უფროსის და არც უმაღლესი მხედართმთავრის. ანუ, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „ადგილზე“.  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, სწორედ ამით უნდა დაინტერესდეს, ბოლოს და ბოლოს, ყველა ვისაც პოლიტიკურად ევალება ნათელი მოჰფინოს ჩვენი უახლესი ისტორიის ამ  ყველაზე სამარცხვინო ფურცელს: კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარებას და მტრისთვის აღურაცხელი იარაღის  დატოვებას.

საამისოდ კი, ასე თუ ისე, არც თუ უსარგებლო შეიძლება  აღმოჩნდეს აფხაზ სეპარატისტთა მონაყოლი. აი მაგალითად, კოდორის მიმართულების მეთაური ზაკან ნანბა და იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ამ თემაზე მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, შინაარსობრივად  ამბობენ  შემდეგს:

ჩვენ ვიცოდით, რომ პირდაპირი შტურმით კოდორის ხეობას ვერ ავიღებდით. მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ქართველების შეშინება ადვილი იქნებოდა. ამიტომ გადავდგით ნაბიჯები ორი მიმართულებით: დავიწყეთ კოდორის მასირებული დაბომბვა და იმავდროულად, ჩვენი ქვედანაყოფი, რომელიც რუსებთან ერთად, გადავიდა ზუგდიდში. იგი ჩაცმულობით ძალიან ჰგავდა რუსულ არმიას......დაიძრა ჩრდილოეთით, - სვანეთისკენ, რითაც კოდორის ქართულ დაჯგუფებაში გამოვიწვიეთ პანიკა, რომ „ვაიმე ალყას გვარტყამენ“, რაც იყო გამოვლინება სინდრომის „შიშს დიდი თვალები აქვს“ (У страха глаза велики), რადგან მაქსიმუმ ასი მეომარი დაიძრა ზუგდიდიდან - ჭუბერისკენ, მას მთელი სვანეთი უნდა გაევლო და თუ ქართველები მეომრები იყვნენ, ასმა კაცმა 3 000 მეომარს ალყა როგორ უნდა შემოარტყას?  თუმცა დაბომბვების პარალელურად, ქართველ მებრძოლებში ატეხილმა პანიკამ შეგვიწყო ხელი ხელი და მიიღეს ულტიმატუმი: დაეტოვებინათ იარაღი და წასულიყვნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას: „კოდორის ბრიგადას“ თუნდაც 12 აგვისტომდე რომ გაეძლო, ხელი მოეწერებოდა „სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას“ და სეპარატისტებიც იძულებულნი გახდებოდნენ შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები. მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომ როგორც უთვალავი ნიშანი მიუთითებს (აი თუნდაც გენერალ შამანოვის ეს ინტერვიუ) რუსები არ იყვნენ დაინტერესებულნი, აფხაზებს მოეპოვებინათ პირდაპირი გასასვლელი, კოდორის ხეობის გავლით, ჩრდილო კავკასიაზე, სადაც მათი მონათესავე და არც თუ რუსებისადმი კეთილგანწყობილი ჩერქეზები ცხოვრობენ.

ზუსტად ამიტომ და სწორედ ამ მიზეზით არ ააღებინეს რუსებმა კოდორის ხეობა აფხაზ სეპარატისტებს 1993 წელს თუმცა.....მაშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ იმ დროს (1993 წელს) კოდორს ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა. ისინი მზად იყვნენ (2008 წელსაც მზად იქნებოდნენ) სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვათ საკუთარი სახლ-კარი. მაგრამ  2008 წელს ეს მოსახლეობა განიარაღებული აღმოჩნდა -  „თქვენი უკანონო სამხედრო ფორმირებები კი არა, სახელმწიფო დაიცავს ხეობას მთელი მისი მრისხანე ძლევამოსილებითო“ და.....როგორ დაიცვა ვნახეთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც კოდორში უკვე ყველაფერი დამთავრდა, ყოფილ სამხარეო ადმინისტრაციმართვის მოწმობააზე და ქართული პოლიციის შენობაზე აფხაზური დროშა აღიმართა (სულ 20-30 შეიარაღებული აფხაზი შევიდა იქ მას შემდეგ რაც სამი ათასმა  ქართველმა იარაღი დაყარა და წამოვიდა), სერგეი შამბას ქართველმა ჟურნალისტმა დაურეკა და ინტერვიუ სთხოვა. მან აშკარა დაცინვით და ნიშნის მოგებით უთხრა: „Мы сыграли в свою игру!".

 

ნიკა იმნაიშვილი

 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%