ENG / RUS       12+

FBI სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეში ჩართული არ არის - ადვოკატი

რესპოდენტის შესახებ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეში კვლავ კერძო ადვოკატები ჩაერთვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვასილ მამულაშვილი „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის არც საგამოძიებო მოქმედებებში და არც საექსპერტო კვლევაში  FBI ჩართული არ არის.

როგორც ადვოკატი განმარტავს, კობაურმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მუქარისა და ძალადობის შედეგად მისცა. რაც შეეხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც,  ლორა სმიტი მალხაზ კობაურის მიერაა გაუპატიურებული, ამას არც ბრალდებული და არც მისი ადვოკატი ადასტურებს.  

_ რატომ არ ჩაერთო საქმეში FBI?

_ ეს ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია. აღნიშნული ინფორმაცია გამომძიებელმა უარყო. FBI არც საგამძიებო მოქმედებებში და არც საექსპერტო კვლევებში არ მონაწილეობს.

_ საქმეში FBI-ს ჩართულობა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას არ შეუწყობდა ხელს?

_ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება, როგორც საგამოძიებო ორგანოს გააჩნია, ასევე გააჩნია დაცვის მხარესაც. თუ გარკვეულ მოქმედებებს თავად არ განახორციელებენ, ჩვენ იმისთვის ვართ, რომ საჭირო საგამოძიებო მოქმედებები განვახორციელოთ, ან ვიშუამდგომლოთ და ამის ჩატარება საგამოძიებო ორგანოს მოვთხოვოთ. გამოძიების კუთხით, იმ მიზნების მიღწევა, რასაც შესაძლოა, საერთაშორისო ორგანომ მიაღწიოს, შეუძლია ქართულ გამოძიებასაც. თუკი, ისეთი სახის ექსპერტიზის ჩატარება გახდება საჭირო, რომელიც ჩვენთან არ ტარდება, შესაძლოა, გამოვიყენოთ როგორც ამერიკის საექსპერტო ბიურო, ასევე სხვა ქვეყნის.

ბრალდების მხარემ ჩვენს მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი დაარღვია. ჩვენ შესაძლო მტკიცებულებების გადმოცემის თაობაზე წერილობითი მოთხოვნა დავაყენეთ. ბრლადების მხარემ 5 ტომის ნაცვლად, 70 დოკუმენტი გადმოგვცა. სრული მოცულობით შესაძლო მტკიცებულებების გადმოუცემლობა საპროცესო კუთხით, მის დაუშვებლობას იწვევს. წინა სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლოა, სასამართლომ გადაუცემელი დოკუმენტები დაუშვებლად ცნოს.

_ კობაური მის ყოფილ ადვოკატთან ჰყვებოდა, რომ საქმეში კავკასიური წარმოშობის ორი პირი და შავი ფერის მანქანა ფიგურირებდა. თქვენც მოგიყვათ ბრალდებული ამის შესახებ?

_ კი, გვიყვება, ოღონდ გარკვეულ დეტალებს ცოტა განსხვავებული კუთხით. საქმეში ორ ადამიანზე მეტი ფიგურირებს, რომლებიც სხვადასხვა პირების მიერ არიან შენიშნული. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს. ასე ხელაღებით რამეზე საუბარი, სანამ ამ კუთხით კონკრეტულ პირებსა თუ მტკიცებულებებს არ მოვიძიებთ, არ გვინდა.

_ ექსპერტიზის დაკსვნის თანახმად, ლორა სმიტი კობაურის გაუპატიურებულია. რას ამბობს ის ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_თავად ამ ფაქტს სრულად უარყოფს, არანაირი კონტაქტი, არანაირი შემხებლობა არ მქონიაო, ამბობს. მას მტკიცე, ურყევი პოზიცია აქვს და ბრალს უარყოფს. ის სხვა ისეთ დეტალებზე, სხვა სახელებზე დ გვარებზე მიუთითებს, რომელიც ნელ-ნელა ცნობილი გახდება.

რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, აღნიშნული მასალები მე არ მაქვს და მიჭირს სრულყოფილად და ამომწურავად ვისაუბრო თითოეულ დეტალზე. რამდენიმე დღეში უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს... ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწორად მოხდა საკვლევი ობიექტის ნიმუშების აღებ... ბევრი დეტალია, რამაც შეიძლება შედეგების კანონიერება ეჭვის ქვეშ დააყენოს და უკვე სხვა გარემოებები და შედეგები მოგვცეს.  

_ აქვს კობაურს ვერსია, თუ რატომ დააკავეს ის?

_  ამ კუთხით ვერსია არც მას და არც ჩვენ არ გვაქვს. ის მის მიერ მიცემულ ჩვენებას იძულების წესით დაწერილს უწოდებს, აცხადებს, რომ რასაც ის ამბობდა, იმას სხვა კუთხით წერდნენ,  იყო მუქარა, ძალადობა როგორც მასზე, ასევე მის ოჯახის წევრებზე.  

მოგეხსენებათ, როცა ეს დანაშაული მოხდა, კობაურის დაკავება დაუყოვნებლივ არ მომხდარა. ის სამართალდამცავებს აწვდიდა იმ ინფორმაციებს, რომელიც მისთვის სხვა პირების მხრიდან ცნობილი გახდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენაც კობაურის და სხვა პირების აქტიური მოქმედებების შედეგად მოხდა.

_ რას ამბობენ სხვა მწყემსები?

_ არ ვიცი, მათთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა, კობაური მისახელებს კონკრეტულ გვარებს, მათ შორის, მწყემსებს, რომლებიც გამოკითხულნი არ არიან და გარკვეულ გარემოებებს უახლოეს დღეებში დაგვიდასტურებენ.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა „ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .