ბუბა კიკაბიძე 80 წლის გახდა. ცნობილი ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა.
კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.