„ჩემი პოზიციაა, რომ ჯერ კომისიას დაედო კონკრეტული შეფასება და შემდეგ სახალხო დამცველის მხრიდან ყოფილიყო რეაგირება,“ - ასეთია „ხორავას ქუჩის” საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის, „ქართული ოცნების“ წარმოამდგნელის, ანრი ოხანაშვილის, შეფასება სახალხო დამცველის განცხადებაზე.
ის ამბობს, რომ ამ საქმეზე შეფასებები „მაქსიმალური ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს“, მაგრამ დასძენს, რომ ეს მისი შეხედულებაა და სახალხო დამცველის კომპეტენციაში ვერ შევა. „მე ვისურვებდი, რომ ჯერ ჩვენ დაგვედო კონკრეტული შეფასება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უფრო დეტალური წვდომა საქმის მასალებთან, კონკრეტულ მოწმეებთან და უშუალოდ ვიკვლევთ ყველა სახის ინფორმაციას, მათ შორის ექსპერტებსაც ვუსმენთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა გავაკეთოთ კონკრეტული შეფასება ვიდრე ამ ეტაპზე სახალხო დამცველს,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული კომისიის ფარგლებში კვლავ დადგეს საჭიროება ხელახლა დაიკითხონ უკვე დაკითხული პირები.
„შესაძლოა, ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიოთ პროკურატურის და შსს- ს წარმომადგენლები კომისიაზე. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბევრ მოწმეს და შსს-ს თანამშრომელს კიდევ მოუწევთ მოსვლა, რადგან გარკვეული შეკითხვები კიდევ გაჩნდა. ეს ხდება იმისთვის, რათა გავარკვიოთ, თუკი რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რა გავლენა შეეძლო ამას მოეხდინა საქმის გამოძიებაზე და თუ შეეძლო მოეხდინა, რაიმე სამსახურებრივ გადაცდომასთან ხომ არ გვაქვს ადგილი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.