ENG / RUS       12+

„მთიულეთის თრილერი“ - რა და რატომ მოხდა ხადას ხეობაში

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა 20 წლის მალხაზ კობაურს, ვისაც საზარელი დანაშაული -  საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის ერთიანად ამოწყვეტა ედება ბრალად.

რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი, მარნეულიდან - მთიულეთში გაემგზავრნენ, რაკი სხვა ამერიკელებისგან ბევრი სმენოდათ ამ კუთხის სილამაზის შესახებ. მთიულეთი (მათ შორის დუშეთი) მართლაც ძალზე პოპულარულია უცხოელებში.  დღემდე, რაიმე სერიოზული ინციდენტი (არათუ მკვლელობა) ამ რეგიონში არ ყოფილა.

მაგრამ ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ისეთი საშინელებაა, აუცილებლად იქცევა ჰოლივუდური თრილერის ფაბულად. ყველას გვინახავს ალბათ ამგვარი ფილმები: ახალგაზრდა, ბედნიერი ცოლ-ქმარი ბუნების სიღრმეში მიემგზავრება დასასვენებლად. . . . . მათ ვიღაც მანიაკი აეკიდება. . . . . უმრავლეს შემთხვევაში „ჰეფი-ენდი“ გამორიცხულია, რადგან ამერიკულ ფილმებში ასეთი ისტორია, მიუხედავად იმისა, „ჰორორია“ (ანუ საშინელებათა ფილმი) თუ დაძაბული „ექშენით“ და ფსიქოლოგიზმით გაჟღენთილი „თრილერი“, მუდამ ცუდად მთავრდება -  ბოლოს არ   გამოჩნდება კეთილი, ძლიერი გმირი, რომელიც საბრალო მსხვერპლთ ავაზაკი მკვლელისა და მწამებლისგან  დაიხსნის.

ხადას ხეობაში მომხდარი იმდენად უპრეცედენტოა თვით ამერიკის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი (ასე მთელი ოჯახის ამოწყვეტა მარტოხელა მკვლელის და არა ტერორისტის მიერ უცხო ქვეყანაში. . . . .), ეჭვი არ შეგეპაროთ, ამერიკელი სცენარისტები, მუდამ „ნამდვილ ისტორიებზე“ რომ ნადირობენ მათი ეკრანიზაციის მიზნით, „თუშურ თრილერს“ აუცილებლად მიაქცევენ  ყურადღებას.

საქართველოსთვის საბედნიეროდ, ამ დღეებში ამერიკული მედიის საინფორმაციო სივრცე მთლიანად დაფარულია ტრამპით, „ნატო“-ს სამიტით, პრეზიდენტის სკანდალური განცხადებებით, გამოძიებებით, სკანდალებით . . . .  „ხადას“ საზარელ მკვლელობას ჯერ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, ადრე თუ გვიან „შეამჩნევენ“- ეს გარდაუვალია.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკელისა და ევროპელისთვის ასეთი მკვლელობა (მეუღლეებისა და ბავშვის) სრულიად აუხსნელია: ტერორისტული აქტი ყოფილიყო, უფრო „გასაგები“ იქნებოდა. არადა, მალხაზ კობაურს არანაირი ტერორისტული მოტივი არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. მით უმეტეს ამერიკელების მიმართ.

გარდა ამისა, „იდუმალებას“ (შესაბამისად ინტერესს) აძლიერებს ის, რომ სამივე მსხვერპლი მკვდარია და ერთადერთი, ვინც „ისტორიას ყვება“ მხოლოდ თავად მკვლელია. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია ზუსტად დაადგინო, რას ამბობს სიმართლეს და რას არა:

FBI სპეციალისტებს (უკვე ჩამოვიდნენ თბილისში) არ გაუჭირდებათ აღწერონ მკვლელობისა და მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენათა სურათი. ანუ, სად შეხვდნენ, საით წავიდნენ, რა ადგილას მოკლა, როგორ ესროლა, სად გაეკიდა, როგორ დაახალა. . . .  ოღონდ მთავარი კითხვა ამოუხსნადია: „რატომ?“. რატომ უნდა მოეკლა? რის საფუძველზე მოხდა ე.წ. „შელაპარაკება“, რაც საქართველოში უამრავი მხეცური მკვლელობის მიზეზი გამხდარა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თვით ბრალდებულმა ჯერ ყველაფერი აღიარა, საცოდავი ბავშვის ცხედარიც უჩვენა პოლიციელებს, იარაღის სამალავიც „გახსნა“, მაგრამ შემდეგ, ადვოკატის რჩევით, ყველაფერი გადათქვა და სასამართლო პროცესზე განაცხადა: ორი „უცხოელი“ (უნდოდა ეთქვა „უცხო პირი“) მიუვარდათ ჩანჩქერთან, სადაც ცხედრები იპოვეს და ვითომდაც იმათ აიძულეს  მოეკლა ამერიკელები.

ბუნებრივია, ადვოკატი  აბა რის ადვოკატია, ყოველნაირად თუ არ ეცადა თუმცა . . . . მაინც მეტისმეტად „რთული სქემა“ გამოდის განსხვავებით სხვა ამგვარი ინციდენტებისგან, რაც ადრე მომხდარა.

მაგალითად, ბევრად იოლი დასაჯერებელია, რომ საქართველოში აშშ „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ რეზიდენტი, ფრედ ვუდვორდი, 1993 წლის 8 აგვისტოს, „შემთხვევითი გასროლის“ მსხვერპლი კი არ გახდა (კაცმა თქვას, „შემთხვევითი“ როგორღა იყო, როდესაც „ტეკზე“ მდგარი ის „გვარდიელი“ მანქანის შეჩერებას ცდილობდა?!), არამედ გამიზნულად მოკლეს რუსულ სპეცსამსახურთა აგენტებმა და შემდეგ  გვარდიელს „ააღებინეს თავზე“.

იმ მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინ. როგორც ხილული, ასევე უხილავი: ვუდვორდი იმდენად სერიოზული ფიგურა იყო CIA იერარქიაში, ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად თვით CIA იმდროინდელი დირექტორი, ჯეიმს ვულსი ჩამოფრინდა თბილისში რამდენიმე საათით. ოღონდ  აეროპორტიდან გამოსვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ედუარდ შევარდნაძე, იძულებული გახდა აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში შეხვედროდა, რათა გულამოსკვნილი ბოდიში მოეხადა.

2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, კახეთში იპოვეს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ანტონიო რუსოს ცხედარი, ვისაც, ვითომდაც „მანქანა დაეჯახა“. ეს რომ რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებული მკვლელობა იყო, ამის ალბათობა ძალიან მაღალია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ამავე ლოგიკის გაგრძელება სმიტებთან დაკავშირებით, ანუ რაიან სმიტისა და მისი მეუღლის „ფარულ რეზიდენტებად“ გამოცხადება, ან ამ გზით საქართველოს ტურისტული პოტენციალის განადგურების მცდელობა მაინც მეტისმეტი „კონსპიროლოგია“ გამოდის.

ბევრად სჯობს, დავაკვირდეთ მომხდარის დეტალებს, რომლებიც ახლა ხდება ცნობილი: 

ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მალხაზ კობაური მთვრალი იყო, როდესაც გზაზე ცხენით მიმავალს, სმიტების ოჯახი შემოეყარა. რაიან სმიტმა მას ჩანჩქერის ჩვენება სთხოვა. კობაური გაჰყვა. რაიანი გზაზე მიხვდა, რომ შეიარაღებული, თანაც მთვრალი უცნობი საშიშია. მისი ქმედებების გაკონტროლება შენიშვნებით სცადა: მკაცრი ტონით გააფრთხილა, რომ თოფი არასწორად ეჭირა, რითაც ბავშვს უქმნიდა საფრთხეს. შესაძლოა ეს შენიშვნა ისეთი ფორმის გამოდგა ან ისეთი სიტყვები (თუ ჟესტები) გამოიყენა, 20 წლის ახალგაზრდა დაბოღმილიყო . . . .  ოღონდ მხოლოდ ამით  ახსნა, რომ ეს „ბოღმა-წყენა“ ჯერ ზურგში სროლით (რაც უტყუარად დაადგინა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ) შემდეგ თავში საფანტის დახლით, ბავშვის მხეცური მკვლელობით გამოვლენილიყო, მაინც რთულია!

არის კიდევ ერთი დეტალი, რაც სიმთვრალეს უნდა დავუმატოთ აუცილებლად, რათა სრული სურათი მივიღოთ: 20 წლის მალხაზ კობაურისამხრეთ ოსეთიდან“, კერძოდ ახალგორიდან დევნილია და ცხოვრობს წილკნის ლტოლვილთა დასახლებაში (როგორც ცხინვალში ნაწამები არჩილ ტატუნაშვილი და მისი ოჯახი).

შესაბამისად, მალხაზი სტრესულ გარემოში იმყოფებოდა „მომწიფებისას“, რომელიც განმსაზღვრელია ადამიანის ფსიქოლოგიური „პროფილის“ ჩამოყალიბებისთვის.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებულ სოციოპატთან, რაც ზოგადად მიგვანიშნებს საზარელ პრობლემაზე.  ეს პრობლემა კი ქართულ საზოგადოებას  კარგად არა აქვს გაცნობიერებული: ასპარეზზე გამოდის თაობა, რომლისფსიქოლოგიური პროფილისწორედ  ბოლო 25 წლის მანძილზე განვითარებული კატასტროფების პროცესში ჩამოყალიბდა და ვინც ჯერ კიდევ ბავშვი იყო იმ შემზარავი ტრაგედიების დროს. იგულისხმება არა მხოლოდ ომები, არამედ  ლტოლვილობა, ლტოლვილთა დასახლებებში წლობით ცხოვრება და საშინელი გაჭირვება.

შესაბამისად, „დუშური თრილერი“ პირველია, თუმცა, სამწუხაროდ,  არა უკანასკნელი.

ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .