თარიღი    დრო

პუტინი ყველაფერზე წავა, რომ ინგლისის ჩემპიონობა არ დაუშვას!

საქართველო, თბილისი - 11:16 07.09.2018 646

კაცობრიობის ისტორია იცნობს „მონუმენტურ სისულელეებს“. ერთი მათგანია „სპორტის აპოლიტიკურობა“. არადა, როგორ შეიძლება, მაგალითად, ფეხბურთი „აპოლიტიკური“ იყოს, როდესაც მილიარდებს აღელვებს?

რაც ადამიანებს აღელვებს, აგიჟებს, „განაწყობს“, მაშასადამე „აპრავებს“, ყველაფერი პოლიტიკაა! პოლიტიკოსებს ეს არ ეშლებათ და არც შეშლიათ არასდროს.

ერთ უცნაურ გამონაკლისად ითვლება, რომ სტალინი იყო წინააღმდეგი სსრკ მონაწილეობისა საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიადასა და ფეხბურთის ჩემპიონატში. თუმცა, ეს ალბათ უფრო იმით აიხსნება, რომ მისი ქვეყნის სპორტულ პოტენციალს სწორად აფასებდა, ხოლო „პირველი სოციალისტური სახელმწიფოს“ სამარცხვინო სპორტული დამარცხებები მის რეჟიმს უდიდეს ზიანს მიაყენებდა.

ადოლფ ჰიტლერმა ბერლინის ოლიმპიური თამაშები მოაწყო და იმდროისათვის კარგადაც „გააფიარა“ თუნდაც ისეთი გენიალური ხელოვანების მეშვეობით, როგორიც რეჟისორი ლენი რიფენშტალი იყო. სტალინს ეიზენშტეინი ჰყავდა, მაგრამ (ვიმეორებ) ქვეყნის იმდროინდელი სპორტული პოტენციალი არ უწყობდა ხელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმი კლასიკური ავტორიტარიზმის ნიმუშია. ამ რეჟიმის „სირბილეს“ და „ინოვაციურობას“ კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ მისწრაფებას, პოლიტიკურ ტექნოლოგიას, გამოყენებულ რესურსებს........ამ მხრივ მსოფლიო „საფეხბურთო თასი“ პუტინისთვის ისეთივე შანსი აღმოჩნდა თუნდაც ქვეყნის შიგნით პოზიციების გასამყარებლად, როგორც სოჭის ოლიმპიადა.

2014 წლის „თეთრი ოლიმპიადის“ შემდეგ აგორდა სწორედ „დოპინგ-სკანდალი“. თან ისე მძლავრად,  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პუტინის მეგობარმა გერმანელებმაც კი ვეღარ დაფარეს: სულ მალე დადგინდა, რომ ФСБ-მ სოჭთან მდებარე ლაბორატორიაში საიდუმლო ხვრელი (ლამის გვირაბი) გაიყვანა, იქედან სპორტსმენთა შარდის ნიმუშებს იპარავდა და სხვა (სუფთა) ნიმუშებით ცვლიდა.

ბუნებრივია, მაშინ, ესე იგი 2014 წლის თებერვალში, როდესაც მოსკოვი ყირიმის ანექსიას და დონბასის ოკუპაციას ამზადებდა, პუტინი ვერანაირად ვერ დაუშვებდა რუსეთს ოლიმპიური თამაშები წაეგო. მეორე ადგილიც კი „წაგებად“ აღიქმებოდა. ამიტომაც, ყველაფერზე წავიდნენ - პირველ ადგილზე მოხვდნენ დოპინგის წყალობით და ქვეყნის შიგნით მაინც შეინარჩუნა ამით „ძლევამოსილის“ იმიჯი.

კორეის  ოლიმპიურ თამაშებზე თეთრი დროშით მონაწილეობა კრემლის ბინადარს „უღირდა“ ამად. მით უმეტეს, რომ კორეის ოლიპიადაზე რუსებმა მთავარი - ჰოკეის ტურნირი მოიგეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იყენებდნენ თუ არა რუსი ფეხბურთელები დოპინგს? სპეციალისტებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ. მაგრამ ფეხბურთი სათხილამურო სპორტისგან იმით განსხვავდება, რამდენიც არ უნდა ირბინო, როგორც არ უნდა მოინდომო ან თუნდაც აჯობო მოწინააღმდეგეს ფიზიკურად, თუ საფეხბურთო ნიჭი, კულტურა ანუ კლასი გაკლია, ასევე იღბალიც არ დაგეხმარა, საბოლოოდ აუცილებლად წააგებ.

თუმცა პუტინმა ამ ჩემპიონატიდან მაინც „გამოადნო“ შესაძლებლის მაქსიმუმი: რუსეთის სრულიად უღიმღამო, საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები რვა უძლიერესს შორის მოხვდა. ეს შედარებითი წარმატება საინფორმაციო რესურსებით ისე „გააფიარეს“, კიდევ რამდენიმე წელს ეყოფათ ინერციით და.... ხომ წარმოგვიდგენია, უფრო „შორს“ წასულიყო ჩერჩესოვის გუნდი, რაღას იზამდნენ?

ახლა მთავარი საკითხი ისაა, რას როგორ გამოიყენებს პუტინი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დასრულდა იმ აქციათა წყება, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ იმიჯის გასაძლიერებლად გამოდგებოდა: აღარავინ,  უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანას აღარ ანდობს არც ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას.

ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. ანუ, დასრულდა სინდრომი, რასაც დაახლოებით 2010 წლიდან ამუშავებდნენ: ჯერ „სოჭის ოლიმპიადამდე“ და „ოლიმპიადის შემდეგ“ მოსკოვი „მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამსო“..... შემდეგ „ფეხბურთის ჩემპიონატამდე.....“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დამთავრდა ჩემპიონატი, დიდი მოგება ნახა FIFA-ს ელიტამ, ევროპა და მსოფლიო კი დარჩა იმავე „ყირიმის“, „დონბასის“, „სირიის“ და „სკრიპალების საქმის“ ამარა.

ინგლისში, სოლსბერიდან სულ ახლოს მდებარე მეორე პატარა ქალაქში, ორი ადამიანი კიდევ მოიწამლა იდუმალი და მრისხანე „ნოვიჩოკით“. ერთი მათგანი (ქალი) უკვე გარდაიცვალა. ეს პირველი მსხვერპლია ევროპის ტერიტორიაზე 1918 წლის ანუ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ვინც  ქიმიური იარაღის გამოყენებას ემსხვერპლა.

ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა, როცა ბუნკერში იყო ჩაკეტილი.......ამან გაბედა!

რაც  მთავარია, ინგლისელი გამომძიებლები ვერ ამბობენ დარწმუნებით, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული „ნერვულ-მაპარალიზებელი“ ნივთიერების ნარჩენმა მოკლა ბრიტანეთის მოქალაქე ამჯერად თუ......ხელახლა გამოიყენეს, რათა ასე ეპასუხათ ბრიტანულ პრესაში გახშირებული მოსაზრებისთვის: „ქიმიური იარაღიც კი უხარისხო ჰქონიათ - აგერ მამა-შვილი კომიდან გამოვიდნენო“. თუ მეორეა (არადა, ამის ალბათობა დიდია) მაშინ სულ მთლად გათავხედებულან:  ჯერ ხომ დამთავრებულიც არ იყო ჩემპიონატი?

„დასრულების“ შემდეგ რაღას მოიმოქმედებს პუტინი უკრაინის ან საქართველოს მიმართულებით?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„სპორტული აგრესიების“ ისტორიამ, როცა, ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიო სპორტული ელიტები აბარებდნენ და აბარებენ რეჟიმს სხვადასხვა პრესტიჟულ ჩემპიონატებს თუ ოლიმპიადას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დაგვანახა: საერთაშორისო ორგანიზაციები იქცევიან, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები და სულ უფრო სწყდებიან დასავლეთს, ანუ იმ ცივილიზაციას, სადაც წარმოიშვნენ: აბა ოლიმპიური თამაშები თუ ფეხბურთში მსოფლიო თასი ინდოეთში ან მადაგაკსკარში ხომ არ მოუგონიათ? ეს ევროპული კულტურის ნაწილია.......თუმცა, ამ კულტურის გავრცელების მცდელობამ FIFA-ს ხელმძღვანელობაში სულ სხვა კულტურული კოდის მატარებელთა მომრავლება გამოიწვია, რაც პუტინის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს უადვილებს ისინი მოისყიდოს და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიაღებინოს. სხვაგვარად ვერ ახსნი, როგორ შეიძლებოდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი ეთქვათ ფეხბურთის სამშობლო ინგლისისთვის!

მაგრამ.....ფეხბურთი რომ გენიის მატარებელია, იმითაც დადასტურდება, თუ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ინგლისი გახდება ჩემპიონი.

პუტინის რეჟიმი ყველაფერს იღონებს, აბსოლუტურად ყველაფერზე წავა, რათა ეს არ დაუშვას.

 

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%