"რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ისეთივე უსამართლოა, როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აქ უფრო ტრაგიკულია საქმე რადგან სამი მოსამართლე ბრმა აღმოჩნდა იმ მტკიცებულებების შეფასების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო შორენა გუნცაძის განაჩენში", - ასე გამოეხმაურა "ბახალას" ადვოკატი გიორგი მახარაძე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას.
როგორც ის განმარტავს, მისთვის აღნიშული გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მოსამართლეთა მხრიდან ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად დაინტერესება ვერ დაინახა.
"ალბათ, გახსოვთ წინა პროცესები, როცა სასამართლო აბსოლუტურად უგულებელყოფდა დაცვის მხარის შუამდგომლობებს რომელიც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ იყო მიმართული.
სასამართლო ისევ იმ დღეშია, რა დღეშიც იყო 5-10-20 წლის წინ. ეს დიაგნოზია მართლმსაჯულებისთვის, როცა სამი ადამიანიდან რომელმაც საქმეს ძალიან ყურადღებით უნდა მოუსმინოს, ერთს ძინავს. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი", - აცხადებს მახარაძე.
განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტენ, განაჩენს გაასაჩივრებენ თუ არა.