ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და პრემიერობის ახალ კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც, რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას".
"თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ხალხო. ნამდვილად არ მეგონა, ამ დღეებში კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა. ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.