USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ, 15 ივნისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომელსაც აჭარის ა/რ-ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: გორში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გაიმართება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს. პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნესასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული კანდიდატები მუშაობენ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიან მათ შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4G პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.