ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა ჩაიშალა.
შეხვედრაზე სარალიძე მისი უფლებადამცველების დასწრებას ითხოვდა, რაზეც უწყებისგან უარი მიიღო. პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, გარეშე პირებს აღნიშნული შინაარსის განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზაზა სარალიძისა და უფლებადამცველების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი შეფასებით, მსგავსი აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ სასამართლო პროცესებზე და არა პროკურორთან შეხვედრების დროს. ზაზა სარალიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძეს შეეშინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემის, რომელიც საქმეში არსებობს.
ცნობისთვის, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის სურვილი მთავარმა პროკურომა, ირაკლი შოთაძემ გუშინ გამოთქვა. სარალიძე დამნაშავეების დასჯის და სამართლიანობის აღდგენის მოთხივნით, მშვიდობიან აქციებს კვირიდან აანონსებს.