ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის განცხადებას ეხმაურება.
სუბელიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს და ამით პროკურატურას აშანტაჟებს, უარყოფს და აცხადებს, რომ მასგავს ფაქტს ადგილი არ აქვს. მისი განცხადებით, საქმეს პოლიტიკური ელფერი ეძლევა. სწორედ, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს სარალიძე სუბელიანს.
"ჯი-ეიჩ-ენი" სარალიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მართლაც სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ელფერი ეძლევა ჩვენი დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ მანიპულირებას თქვენი ოჯახის წევრებიდან და პროკურატურიდან. ბორის კაკუბავა თქვენი ოჯახის წევრი, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ჩემი შვილი თითქოს და თქვენს შვილს ემუქრებოდა ტუალეტში თავის ჩაყოფით და სძალავდა ფულს, თვეზე მეტია პასუხი ვერ მივიღე პროკურატურიდან რა საფუძველი ჰქონდა კაკუბავას კომენტარს. მიხეილ კალანდია, რომელიც ჩვენებას ცვლის სასამართლო პროცესიდან სასამართლო პროცესამდე და ამავდროულად შუალედში იმყოფებოდა თქვენთან სახლში და უარყო თქვენთან კომუნიკაცია, რატომ არ იქნა დაკავებული პროკურატურიდან ჩვენების შეცვლაზე და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის ფაქტზე. რატომ არ დევს საქმის მასალებში ფარული ვიდეო ჩანაწერები თქვენი შვილისა და მიხეილ კალანდიას ჩვენების მიცემის,რომელ კითხვაზეც პროკურატურამ პასუხი ზედაპირულად განმიმარტა და რაც მთავარია, თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ ინცინდენტის და წინასწარ დაგეგმა მ.კ. სთან ერთად რაც უნდა მომხდარიყო 1 დეკემბერს. ყველა ჩემს მიერ დასმული კითხვა პასუხგაუცემელია თქვენი ყოფილი თანამშრომლებისგან. თქვენ ვერანაირად ვერ უნდა ადევნებდეთ პროცესების მიმდინარეობას თვალყურს და შესაბამისად არც უნდა იცოდეთ რა ხდება დახურულ პროცესზე, თუ არა პროკურატურა ვინ გაწვდით ინფორმაციას სამართლიანად მიდის პროცესი თუ უსამართლოდ. მართლაც რომ სამწუხაროა ჩემი შვილი და ლევანიკო თქვენი და თქვენნაირი პირების ოჯახის წევრების მსხვერპლი რო გახდნენ. ზვიად კუპრავა აქტიურად არის ჩართული ამ საშილელი ტრაგედიის ჭეშმარიტების დადგენაში და სამწუხაროა რომ ვითომ და პოლიტიკური ელფერი მიეცა ამ საქმეს. მინდა გითხრათ რომ თქვენი მხრიდან და არა მარტო თქვენი მხრიდან ასევე პროკურატურიდან მიეცა ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი. ძალიან სამწუხაროა ნებსით თუ უნებლიეთ ჩემი შვილი არაადამიანების გარემოცვის მსხვერპლი რომ გახდა", - წერს ზაზა სარალიძე.