თარიღი    დრო

რით უპასუხებს პუტინი დასავლურ სანქციებს?

საქართველო, თბილისი - 10:53 04.19.2018 1315

ცივი ომი, რომლის პირობებშიც უკვე ვცხოვრობთ, თანდათან მწვავდება და სახიფათო ზღვარს უახლოვდება. სირიაში ბოლო მოვლენათა დროს, როდესაც ამერიკამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის არმიის ზოგიერთი  (იმ მომენტისთვის უკვე ცარიელი) ობიექტი სიმბოლურად დაბომბეს,  „ზღვარი“ თითქოს ყველაზე ახლოს იყო. მაგრამ დიდ ომს  გადავრჩით, რაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა უძლეველმა სისტემურმა მოცემულობამ, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკის კანონები 1945 წლის ექვსი  აგვისტოს, ესე იგი ჰიროსიმას ბირთვული დაბომბვის შემდეგ:

ბირთვულმა იარაღმა კაცობრიობის ისტორიაში მანამდე შეუძლებელი და წარმოუდგენელი მოცემულობა შექმნა, რომელიც მარტივი მაქსიმით გამოიხატება: „ყველაფერი დიდი ომის გარდა!“. ანუ ერთადერთი შესაძლო მეთოდი სწორედ „ჰიბრიდული“ ომი ესე იგი  მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტია. მათ შორის „პროქსი“, ანუ არაპირდაპირი სახით (კორეა, ვიეტნამი), თორემ დიდ სახელმწიფოთა უშუალო სამხედრო შეტაკება იმიერიდან მუდამ შეიცავს ბირთვული ომის საფრთხეს.

შესაბამისად, რაკი დინოზავრების ამოწყვეტიდან 65 მილიონი წლის შემდეგ, თვითმკვლელობა და პლანეტაზე ამჟამინდელ ცოცხალ სახეობათა  ტოტალური განადგურება არავის სურს, რუსეთსა და დასავლეთს შორის უკვე მიმდინარე „ნელ-თბილი“ ომის ბედი არა ბრძოლის ბედზე, არამედ იმ ასპარეზზე გადაწყდება, სადაც ეკონომიკური, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული, კულტურული, შემეცნებითი ინსტიტუტები მოქმედებენ.

რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუტები მუდამ არსებობდნენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ რომ არა ბირთვული იარაღი...... მაგალითად, დიდ სახელმწიფოებს შორის ამჟამად არსებული სისტემური წინააღმდეგობები 100-200 წლის წინანდელ ევროპაში, მით უმეტეს შუა საუკუნეებში რომ გადავიტანოთ, იმ დროს დიდი ომი უკვე კარგა ხნის გაჩაღებული იქნებოდა.

ბევრს გულუბრყვილოდ ჰგონია, თითქოს „თავშეკავებულობის“  მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროს გაღებული „ჭკუისმასწავლებელი მსხვერპლია“ ანუ 50 მილიონი ადამიანი და შესაბამისი მორალური დომინანტები.

სინამდვილეში კი, „პოლიტიკის კანონთა“ ცვლილებაზე მხოლოდ იმიტომ გვიწევს საუბარი, რომ 1945 წლის 6 აგვისტოს შემდეგ უკვე იგულისხმება არა „მსხვერპლი“, თუნდაც მრავალმილიონიანი, არამედ ტოტალური განადგურება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორ მოიქცეს ცივილიზებული სამყარო, როდესაც არსებობს ბირთვული სახელმწიფო, რომელიც უკვე აშკარად, სულ უფრო და უფრო „უკანმოუხედავად“, თავხედურად ანგრევს საერთაშორისო სამართალს, იპყრობს მეზობელ სახელმწიფოებს, იყენებს ქიმიურ იარაღს პირველად 1918 წლის, ანუ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რაც ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა, როცა ბუნკერში იყო გამომწყვდეული და ომს აშკარად აგებდა?!

ერთადერთი გამოსავალია ისეთი სისტემური ზომების განხორციელება, რაც ამ რეჟიმს „გამოფიტავს“, თანდათან დაასუსტებს, შემდეგ კი ბუნებრივად „დაამსხვრევს“, როგორც ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომში“, როცა უცხოპლანეტელმა აგრესორებმა  ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მაგრამ უხილავ ბაქტერიათა მსხვერპლად იქცნენ.

ზუსტად ამ ტაქტიკას იყენებს ახლა დასავლეთი, მათ შორის დასავლური სამყაროს ლიდერი-ამერიკის შეერთებული შტატები: ჯერ ჯერობით სანქციები ეხება ხელისუფლების საყრდენ ოლიგარქებს, რაც თითქოს არ უქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს პუტინს, მაგრამ აძლიერებს ნევროზულობას ისტებლიშმენტში იმ გათვლით, რომ პუტინის რეჟიმი სისტემურად და ტიპოლოგიურად არ არის „ჩრდილო კორეა“ და ისტებლიშმენტის „გამოფიტვა“ საბოლოოდ რეჟიმსაც დაასუსტებს. შესაბამისად, აიძულებს მას წავიდეს დათმობებზე და არა გამოაცხადოს კაპიტულაცია.

სწორედ ესაა დასავლური  სტრატეგია: დათმობები, კომპრომისი და არა კაპიტულაცია, თორემ პუტინი საკუთარ თავს გულისხმობდა, როდესაც ბოლო ინტერვიუში განაცხადა: „ვირთხა კუთხეში არ უნდა მოამწყვდიო, თორემ მასზე საშიში ცხოველი არ არსებობსო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე სერიოზული სანქცია, რაც ვაშინგტონმა ჯერ ჯერობით განახორციელა აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, არის  ოლეგ დერიპასკას კომპანია "Русал" -ის დაბლოკვა. ეს სანქცია ნიშანდობლივია იმით, რომ იგი ეხება არა მხოლოდ პირადად დერიპასკას, არამედ მის „ალუმინის იმპერიას“. შევადაროთ: სასანქციო სიაში შეყვანილია რუსეთის უდიდეს ბანკ ВТБ-ს ხელმძღვანელი კოსტინი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არა თვით ბანკი!

ამით, რუსეთმა დაკარგა ალუმინის „ოქროს ბაზარი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახით. თვით ამერიკას კი იოლად შეუძლია მოძებნოს ალტერნატივა მსოფლიო ასპარეზზე. შესაბამისად, ერთ დღეში „ჩამოიქცა“ რუსეთის საფონდო ბირჟა, რაკი "Русал" ე.წ. „სისტემათშემოქმედი“ საწარმოა.

როგორც ჩანს, ამ საწარმოს ნებისმიერ შემთხვევაში უკვე  აღარაფერი ეშველება, მაგრამ მისი დამხობის შედეგად დაცემულმა რუბლმა მაინც ბუნებრივად დაიწყო ზრდა, რაკი ახლო აღმოსავლეთში (სირიის გარშემო) შენარჩუნებული, გრძელვადიანი დაძაბულობა მუდამ „უბიძგებს“ ფასებს.

და ეს „ბიძგები“ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩაერთო პუტინი სირიის ომში სწორედ 2014 წლიდან, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები „სახიფათოდ“ დაეცა: იმ რეგიონში ნებისმიერი დაძაბულობა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ნავთობის ფასებზე.

სხვათა შორის, ბევრი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ამერიკის დიდმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საბჭოთა იმპერია იმით დაანგრია, რომ 1984 წელს მოელაპარაკა საუდის არაბეთს, დააწევინა ფასები ნავთობზე და „ხახამშრალი დატოვა“ სსრკ ეკონომიკა, ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი.

იმ დროს, ანუ 1984-1990 წლებში და კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე, ეს რეგიონი მეტ-ნაკლებ მშვიდობას ინარჩუნებდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

"Русал"-ის დაბლოკვის პასუხად, მოსკოვში განიხილავენ ტიტანის მიწოდების შეწყვეტას. ეს ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც უხვად მოიპოვება სწორედ რუსეთში (თანაც „გადამამუშავებელ სიმძლავრეებთან“ ახლოს) კრიტიკულად არა, თუმცა  მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული საავიაციო ინდუსტრიისათვის. ამრიგად, თუ რუსები აქ იმოქმედებენ „ასოთმავნებლურად“, ათეულობით ათას საკუთარ მოქალაქეს კი დატოვებენ უმუშევრად, სამაგიეროდ „ბოინგს“ სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რათა ალტერნატივა მოიძიოს და, იმავდროულად, თვითმფრინავების გაძვირება არ დაუშვას.

ამერიკას „რეზერვში“ აქვს კიდევ რამდენიმე ოფცია, რომელთა ამოქმედება პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს რამდენიმე კვირით (მინიმუმ) გადადო: რუსეთის სახელმწიფო ვალის მომსახურების აკრძალვა და (კიდევ უფრო რადიკალური, თითქმის გამანადგურებელი): დოლარში ნებისმიერი ოპერაციის აკრძალვა რუსული ბანკებისთვის. ეს ბევრად უარესია ვიდრე ყბადაღებული SWIFT-ის ანუ საბანკო გადარიცხვათა ევროპული სისტემის გათიშვა, რადგან გადარიცხვათა სხვა, თუნდაც უკვე მოძველებული და „ხავსდაფარებული“  ტექნოლოგიებიც არსებობს.  

ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ხელში ის უდიდესი ბერკეტი უპყრია, რომ ვერც ერთი დოლარი მოსკოვიდან პეკინში ან პირიქით ვერ გადაირიცხება, თუ მან ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ანუ ცენტრალური ბანკი არ გაიარა.

საპასუხოდ, პუტინმა შეიძლება სცადოს თავისი „ბუნებითი“ უპირატესობების გამოყენება: მაგალითად, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ევროპა-აზიის მარშრუტზე დასავლური ავიაკომპანიებისთვის, ესე იგი საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

ზოგს ეს წვრილმანი ჰგონია, რაკი  „სულ ნახევარი საათით გაგრძელდება ფრენა“, თუმცა მთლად ასეც არ არის: „ნახევარი საათით ფრენის გაგრძელება“ მეტ საწვავს, მაშასადამე გაძვირებას ნიშნავს და სხვა უამრავი ლოგისტიკური თუ პროფესიული პრობლემაც წამოიშობა ამ უდიდესი ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, კომპეტენტური  წყაროები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ პუტინი ამზადებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საპასუხო სანქციას:

1996 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა G8 სამიტზე მიაღწია ზესაიდუმლო შეთანხმებას, რომ დასავლურ ქვეყნებში, ატომურ ელექტროსადგურებზე გამოყენებული ურანის ნარჩენები იგზავნება შორეულ ციმბირში და იქ იმარხება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ევროატლანტიკური სივრცის მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოებისთვის - იმ სივრცეში „მწვანეთა მოძრაობის“ ძალისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

მოსკოვს ნამდვილად არ გაუჭირდება, „მძიმე სანქციების“ საპასუხოდ, შეწყვიტოს ეს საიდუმლო შეთანხმება და მერე გერმანიაში, საფრანგეთში, იმავე ბრიტანეთში „გააფიაროს“ RT-სა და სხვა პროპაგანდისტული არხების მეშვეობით: „მთავრობები ევროპის წიაღს გამოყენებული ურანის ნარჩენებით წამლავენო“.

ეს ნარჩენები სადღაც ხომ უნდა დაიმარხოს? როგორღაც ხომ უნდა მოხდეს მათი უტილიზება?!  წყნარ ოკეანეში დამარხვა ახალ პრობლემებს შექმნის და ამას მსოფლიო თანამეგობრობა აღარ დაუშვებს - წყნარი ოკეანის სახელმწიფოები კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებიან, ისევე როგორც არხიპელაგთა აბორიგენი მოსახლეობა და მათი უფლებების დამცველები - იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, საფრანგეთის ატოლ მურურუაზე გადაწყვეტენ დამარხვას, სადაც პარიზი ადრე ბირთვულ გამოცდას აწყობდა ხოლმე.

ეს რომ დასავლეთისთვის უპრობლემო და იოლად გადაწყვეტადი საკითხი იყოს,  ამ გარიგებას ელცინთან არც დადებდნენ თავის დროზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ბოლოს, პუტინმა შეიძლება აღასრულოს მთავარი მუქარა და ბალისტიკური რაკეტები გადასცეს აიათოლათა ირანს, რომელთა მეშვეობით  „ფანატიკოსთა სახელმწიფო“ ისრაელის მოსპობას შეეცდება. თუმცა ეს მართლა უკიდურესი ზომაა.

ახლა დასავლურ დედაქალაქებში ცდილობენ განსაზღვრონ, რამდენად მიიყვანს რეჟიმს შესაბამის „კონდიციამდე“ უკვე შემოღებული ან შემოსაღებად გამზადებული სანქციები, რაც (ვიმეორებ) პუტინის „საყრდენი ბაზის“ გამოფიტვას ისახავს მიზნად.

აქ სისტემური სირთულე რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მენტალობაა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბდა!

 რაოდენ არაპოლიტკორექტულიც არ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა, ის სიკეთეები, რომელთა შეზღუდვითაც შესაძლებელია რუსეთის ელიტაზე, თუნდაც საშუალო ფენაზე ანუ დაახლოებით 5-10 მილიონ ადამიანზე ზეგავლენა, ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს დანარჩენ ას მილიონზე, ვინაიდან ამ კატეგორიას ელემენტარული ყოფითი პირობები (ანუ სითბო-ელექტროენერგია, პური, არაყი და მოხარშული კარტოფილი) არც ერთ შემთხვევაში არ მოაკლდება, ხოლო „დერჟავული სიამაყე“ და „სიდიადის ინსტინქტი“ (Величие) სხვას ყველაფერს გადაატანინებს. შიმშილსაც აპატიებენ პუტინს, ოღონდ  არა დამარცხებას და უკანდახევას!

აი, ამ მენტალობას რა უყონ, დასავლეთში ნამდვილად არ უწყიან.

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%