თარიღი    დრო

რა გველის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

საქართველო, თბილისი - 10:12 04.16.2018 295

მეშვიდე საპრეზიდენტო კამპანია (1991, 1995, 2000,  2004, 2008, 2013, 2018) საქართველოში ორი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი მოვლენით დაიწყო: პირველ რიგში, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით „ბანკებისა და ბანკირების“ შესახებ და თბილისში, „ბარნოვზე“ მომხდარი მხეცური მკვლელობით (დედისთვის ყელის გამოჭრა უმწეო ბავშვების თვალწინ, რაც მათთვის მთელი ცხოვრების ფსიქოლოგიურად დანგრევაა უეჭველად), რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმ პირმა ჩაიდინა, ვინც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა ძალიან უცნაური  და გაუგებარი კრიტერიუმებით, - როგორც არაერთხელ წინა შემთხვევებში.

აქვე უნდა ითქვას, რომ „შეწყალების“ ანუ დასავლური „პარდონის“ ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტები, შევარდნაძით დაწყებული, სწორედაც..... „უპარდონოდ იყენებენ“. ანუ მისი არსის სრული დამახინჯებითა და გადაგვარებით.

ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტის შეწყალება (არ აგვერიოს ამნისტიაში) აბსოლუტურად უნიკალური, განსაკუთრებული, ექსკლუზიური და „გამონაკლისი“ მოვლენაა.

გირგვლიანის მკვლელთა შეწყალება პოლიტიკური მიზნით, რათა „სახელმწიფოს ხერხემალი“ არ დაზიანებულიყო პოლიციური კორპორაციის თვალში, ან ოჯახის წევრის შეწყალება...ეს რაღაც მართლა წმინდად ქართული ფენომენია, რომელსაც ამ ევროპულ ინსტიტუტთან საერთო არაფერი აქვს.

მით უმეტეს, სრული აბსურდია, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანის შეწყალება პრეზიდენტის ბრძანებულებით. და ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო! ზვიად გამსახურდიამ თავისი პოზიციის გამომჟღავნება ამ საკითხისადმი უბრალოდ ვერ მოასწრო.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თავად, ეს უფაქიზესი სახელმწიფოებრივი და სოციალური  ინსტიტუტი ინტერვიუში დაახასიათა როგორც (ციტატა) „ძლიერი ემოციური განცდა და ამ ემოციიდან გამომდინარე აქტი“. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს ყველანი „ახლადშობილ ბოჩოლებად“ მივაჩნივართ, თორემ აბა სად გაგონილა, სახელმწიფოს მეთაურმა წელიწადში რამდენიმე ათასი ასეთი „ძლიერი ემოციური ღელვა და ამ ემოციიდან გამომდინარე აქტი“ განიცადოს? ეს ხომ სრული აბსურდია?!

„შეწყალების“ არსი მისი გამონაკლისობა და ექსკლუზიურობაა - სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომელიც უდიდეს საზოგადოებრივ რეზონანსს იწვევს.  ვისაც ახსოვს ჟოზე ჯოვანის გენიალური ფილმი „ორნი ქალაქში“ ჟან გაბენის მონაწილეობით, იოლად მიხვდება, რასაც ვგულისხმობთ.

ხოლო ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულის „შეწყალება“ პრეზიდენტის მიერ (ისევ და ისევ, არ აგვერიოს ამნისტიაში ან „პირობით ვადამდე გათავისუფლებაში“) რაღაც წმინდად „ქართული“, მახინჯი ტრადიცია და პრაქტიკაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ასეა თუ ისე, პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს ბოლო შეწყალება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს და მისი კანდიდატურაც, მიმდინარე არჩევნებზე, დღის წესრიგიდან მოიხსნას. ყოველ შემთვევაში, სერიოზულ პოლიტიკურ ძალებს უკვე მართლა გაუჭირდებათ მისი ფიგურის გარშემო კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ქალთა უფლებების დაცვა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა პოლიტიკური ჟღერადობის საზოგადოებრივ პროცესებში სულ უფრო აქტიური და შედეგიანი ხდება.

ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამით ისარგებლებს, რათა შესაბამისი „PR“ ააგოროს და მარგველაშვილი ანგარიშგასაწევი თუ სახიფათო კონკურენტების სიიდან „ამოაგდოს“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რაც შეეხება, პრეზიდენტ სააკაშვილის „ანტისაბანკო“ განცხადებებს.

მისთვის ჩვეული რადიკალიზმით, ქართველ ბანკირებს სულ „წურბელები“ და „სისხლის მსმელები“ უწოდა......უტყუარი ციფრებიც მოიტანა, რომ საბანკო კრედიტების, ამ კრედიტებით გამოწვეული ვალდებულებების, დაყადაღებებისა და გამოსახლებების (ანუ ქუჩაში დედაწულიანად გამოყრის) მხრივ, საქართველო ლამის მსოფლიო ლიდერია. ევროპასა და პოსტსაბჭოურ სივრცეზე რომ „კონკურენტი“ არ ჰყავს ამ თვალსაზრისით, სრულიად ნათელია.

თუმცა აქაც ჩნდება „აბეზარი კითხვები“: სააკაშვილს, როგორც ყოველთვის, „დაავიწყდა“ ეთქვა, რომ დღევანდელი ვითარება უტყუარად, ლოგიკურად და გარდაუვალადამოიზარდაიმ კანონმდებლობიდან თუ კონკრეტული სამთავრობო გადაწყვეტილებებიდან, რაც მისმარეფორმატორთაგუნდმა 2004-2006 წლებში მიიღო, როდესაც ბანკებს მიანიჭეს აბსოლუტური პრიორიტეტი, საბოლოოდ მოუსპეს მათ ყველა შესაძლო კონკურენტი ფინანსურ ბაზარზე (მაგალითად, ფასიანი ქაღალდები), მაშინვე მოუხსნეს ბანკებს ყოველგვარი სოციალური პასუხისმგებლობა და ეს გააკეთეს იმ მიზნით, რათა სწორედ ბანკები ქცეულიყვნენ სწრაფი („სინგაპურული“) განვითარების ლოკომოტივებად.

ერთი შეხედვით, თუკი რამ არის საქართველოში „ევროპული დონისა“, სწორედ საბანკო მომსახურებაა. ოღონდ ეს მხოლოდ ტექნოლოგიურად. შინარსობრივად კი, ესე იგი სოციალური თვალსაზრისით, ამგვარმა მიდგომამ  მართლაც გამანადგურებელი შედეგი გამოიღო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი პირველად არ საუბრობს ამ საკითხზე: სამართლიანობა მოითხოვს გავიხსენოთ მისი გამოსვლა 2012 წელს, „გადამწყვეტ არჩევნებამდე“ სულ რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც მიშამ შემდეგი ტექსტით გააფრთხილა ქართველი ბანკირები: „ფრთხილად იყავით ხალხო..... ფრთხილად იყავით და რაღაც კაპიკების გულისთვის ხალხს ნუ ამწარებთ ..... თორემ ისეთი ანტისაბანკო განწყობა შეიძლება განვითარდეს ამ ქვეყანაში რომ.......“

ზუსტად იმ მომენტში, ტელევიზიებმა აჩვენეს  ბანკის მესვეურთა „მჟავე“ სახეები. ისინი ამგვარ ინვექტივას ნამდვილად არ ელოდნენ, რადგან ფინანსისტთა მენტალობა აქვთ და არა პოლიტიკოსებისა. ამიტომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მათ აკრიტიკებდეს და „წურბელებს“ ეძახდეს იმ შესაძლებლობათა „პატიოსნად“ გამოყენებისთვის მხოლოდ, რომელიც მანვე შეუქმნათ, ვიმეორებ, საკანონმდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებებით 2004-2006 წლებში.

აქვე ის მნიშვნელოვანი ნიუანსიც გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „რატომღაც“ მუდმივად უტევს მხოლოდ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს (ორიდან) და არ უტევს მეორეს. თითქოს რაიმე სერიოზული სხვაობა იყოს მათ შორის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„მევახშე ბიძინას“ ხშირი ხსენება ამ კონტექსტში უაზრობაა და პოლიტტექნოლოგიურადაც წამგებიანია. იმიტომ, რომ რამდენჯერაც არ უნდა მიუვარდნენ „ქართუ-ბანკს“ სააკაშვილის თანაპარტიელები და რამდენი მიტინგიც არ უნდა მოაწყონ „ჭავჭავაძის ოფისთან“, ფაქტია: „ბიძინას ბანკის“ კაპიტალიზაცია კი გაიზარდა, მაგრამ თუ შევადარებთ მთავარ მაჩვენებელს (რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობდა), ანუ გაცემულ სესხებსა და აქედან გამომდინარე, გამოსახლება-დაყადაღებების რაოდენობას, ვერც კი უახლოვდება ორ „ლიდერს“, რომელთა ერთობლივი რესურსი უკვე აღემატება კიდეც „ბიძინას კაპიტალს“.

და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: მიშა, როგორც ყოველთვის, ძალიან სარისკო თამაშს იწყებს ბანკების „მთავარ მტრად“ გამოცხადებით, რადგან მან უბრალოდ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოში მოქმედი ორი ლიდერი ბანკის კაპიტალი, სინამდვილეში, კოლოსალური გლობალური კაპიტალის ნაწილია და მისით  საზრდოობს.

უბრალოდ, ეს გლობალური ფინანსური კაპიტალი ბწრყინვალედ სარგებლობს იმ ვითარებით და იმ შესაძლებლობებით, რომელიც იმავე 2004-2006 წლებიდან ჩამოყალიბდა საქართველოში, რათა ყოველგვარ სოციალურ პასუხისმგებლობას მოკლებული და მონოპოლიზებული ფინანსური ბაზრიდან მაქსიმალური მოგება მიიღოს. 

 ის საბრალო ქართველი, ვისაც  650 ლარის სესხის გადაუხდელობის გამო, ბანკის „ამოღების სამსახურის“ კოლექტორები და „აღსრულების ბიუროს“ თანამშრომლები უვარდებიან სახლში მაცივრისა თუ სარეცხი მანქანის დასაყადაღებლად (რაც მიშამ ახსენა) რასაკვირველია, ვერ ხვდება და ვერ ამჩნევს  ამ „კოლექტორებისა“ და „აღმასრულებლების“ მიღმა ვერც როტშილდების ჩრდილსა და ვერც იმ გერმანელ თუ ფრანგ დიასახლისს, რომელმაც დანაზოგი „დოიჩე ბანკში“ ან „სოსიეტე ჟენერალში“ შეიტანა, მათ კი საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის „დასაკრედიტებელი ხაზი“ გახსნეს და ერთ-ერთი მათგანი, ანუ განსაკუთრებით წარმატებული, ლონდონის საბანკო ბირჟაზე კოტირებითაც „დააჯილდოვეს“.

დააჯილდოვებენ, აბა რას იზამენ, როცა ასეთი მოგება არც ერთი ფინანსური ბაზრიდან არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ! აბა, რომელი ევროპული ქვეყანა დაუშვებს, ბანკი სესხს გასცემდეს შემოსავლების თითქმის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმ გათვლით, რომ კანონმდებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს საშუალებას, „რამე რომ იყოს“  ეს ურჩი გადამხდელი დაატეროროს, სახლში შეუვარდეს, ბინა, მაცივარი და ტელევიზორი უპრობლემოდ, ძალიან იოლად დაუყადაღოს?!

ნურას უკაცრავად, ევროპაში ასე არ ხდება. თანაც „ასე რომ არ ხდება“, ამის მიუხედავად, ევროპაში, მაგალითად,  იპოთეკური კრედიტის წლიური განაკვეთი 4-5 პროცენტია, საქართველოში კი 15-20%!!!

ალბათ შორს წაგვიყვანს იმ არაპოლიტკორექტულ თემაზე  ფრთხილი  მსჯელობაც, თუ რამდენად არის აუცილებელი საფრანგეთსა და გერმანიაში 4-5%- იანი განაკვეთის მისაღწევად მათ შორის ის, რომ საქართველოში იგივე განაკვეთი 15-20% იყოს.

დავაკვირდეთ: საქართველოს პარლამენტი და ეროვნული ბანკი მხოლოდ ახლა იწყებენ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბანკებს მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას დაავალდებულებს. მაგალითად, საბანკო კრედიტების გაცემისას შემოსავლების შესწავლას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ სააკაშვილის „ანტისაბანკო“ განცხადებას:

მიშამ, როგორც „პოლიტიკურმა არსებამ“ შესანიშნავად იცის და მუდამ გუმანით გრძნობს, სად და როგორ უნდა „ჩაავლოს“ იმ მთავარ „ნერვს“, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი, მრავალრიცხოვანი და აქტიური სოციალური მასის გამოყენების საშუალებას მისცემს. „ფრანგი“ და „გერმანელი“ დიასახლისები, ისევე როგორც როტშილდები მას სულაც არ აღელვებენ - ნიდერლანდში მათი საუკუნოვანი ქსელისა და გავლენის მიუხედავად..... ისევე, როგორც „კიდია“ მათი ინტერესების გამომხატველი კაპიტალი. ანუ, როგორც ყოველთვის რისკიანად და „უკანმოუხედავად“ თამაშობს. აკი თქვა ერთ ინტერვიუში  „უუნაგირო ცხენი ვარო“.

ნამდვილად ასეა. მაგრამ მხოლოდ არჩევნებისთვის რომ ემზადებოდეს, ეს ანტისაბანკო რიტორიკა უსარგებლო იქნებოდა. სინამდვილეში ამ „უორდინგს“ აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ ....... ემზადება არა არჩევნების, არამედ რევოლუციისთვის! სწორედ რევოლუციისთვის იქნება სასარგებლო და „გამოყენებადი“ ის ათეულობით ათასი გაგიჟებული, გამწარებული, განადგურებული  „პასსიონარი“, ვინც არა უბრალოდ ბანკის მოვალეა და აბლაბუდაში ფართხალებს, არამედ უკვე „მისწვდნენ“ იქ - დაეუფლენ, გააკავეს, გაძღნენ მისი „სისხლით“: დაუყადაღეს ქონება, გამოასახლეს ბინიდან და ა.შ.

ანტისაბანკო რიტორიკა და „მევახშეების“ საწინააღმდეგოდ „ხალხის“ ბუნებრივი, მარადიული, იმმანენტური  სიძულვილის მობილიზება წაუგებელი ტაქტიკაა იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც ყველა ხიდს წვავს და ხელისუფლებაში დასაბრუნჯებლად  მზადაა ვა-ბანკზე წავიდეს.

მით უმეტეს, როდესაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე და ქვეყნის რეალური მმართველი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ქართველი ბანკირია.

ნიკა იმნაიშვილი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%