თარიღი    დრო

რა უნდათ აფხაზებს?

საქართველო, თბილისი - 10:13 04.10.2018 2745

1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" 

 აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“.  

თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“

კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ.

საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური  წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“

ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“

აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგიანაციონალიზმისეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე.

მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან  „რა რწმენისა ხარ?“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა.......

რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან -  ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით?

ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში.

ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული  სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა -  ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?!

ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად  არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები   „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას.

არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით.

პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში.

იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე.

შემდგომ საუკუნეებში ამას  მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან!

დღეს, მათი სახით,  „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული  ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ,  ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ  და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“  ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც.

XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა.

სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში.

რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც  „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში.

ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“.

სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან;  სხვაგვარად თუ ვიტყვით,  ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით.

ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными".

აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“  გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო!

 სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით:

ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ.

"Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია!

სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების  გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი.

და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც  XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს.

ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია.

მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით.

ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, -  ეს სიძულვილი და შეურიგებლობა  მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია

და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ  მომავალ  ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ.

ნიკა იმნაიშვილი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%