თარიღი    დრო

ცვლილებები სასწრაფო დახმარების გაწევის სფეროში, განწირულია ჩავარდნისთვის, - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 11:00 03.12.2018 3968

ცვლილებები დაანონსდა მთავრობა 700 000 დოლარად შეიძენს სპეციალურ პროგრამას, რომლითაც  სასწრაფო დახმარების მიწოდების პრიორიტეტულობა განისაზღვრება. ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში პაციენტის მონაცემებს შეიყვანს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამა შეარჩევს რომელ პაციენტს უფრო ესაჭიროება სასწრაფო დახმარება. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ბრიგადის ადგილზე მისვლის დროის შემცირებას და ზოგადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის ხარისხის ამაღლებას? ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

სერგო ჩიხლაძე: თავისთავად, მისასალმებელია, როდესაც ხელისუფლება ფიქრობს იმაზე, რომ შეამციროს გამოძახების დრო და სასწრაფოს ეკიპაჟები უფრო დროულად მივიდნენ გამოძახებაზე და, უპირატესად, იმ პაციენტთან, ვისაც უფრო უჭირს.  ცნობილია, რომ ჩვენთან სასწრაფოს ბრიგადის გამოძახების ადგილზე მისვლის დრო რეკომენდებულზე თითქმის 3-ჯერ მეტია, რაც ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს უქმნის საფრთეს. თუმცა, მარტო ფიქრი და განზრახვა არ არის საკმარისი. მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულად როგორ იქნება ეს განხორციელებული. გარდა ამისა, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.

- რომ დავაკონკრეტოთ, რა რისკებს შეიცავს ?

- პირადად მე რისკებს და პოტენციურ საფრთხეებს უფრო მეტს ვხედავ ამ სიახლით, ვიდრე მოსალოდნელ სარგებელს.  ჯერ ერთი, პაციენტი შეეცდება განგებ დაამძიმოს მდგომარეობა იმის შიშით, რომ მისმა გამოძახებამ არ დაკარგოს „პრიორიტეტულობა“. მეორე, ზოგჯერ უმნიშვნელო სიმპტომის უკან შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში დაავადება იმალებოდეს. მოდულის ან ალგორითმის  შევსებას და კითხვებზე პასუხის შეყვანას იმდენი დრო თუ დაჭირდა რასაც გამოძახებაზე მისვლას, მაშინ დროის დაზოგვის არეალს ვერ ვხედავ. პლუს საჭირო იქნება ოპერატორების სერიოზული გადამზადება, რაც კიდევ დამატებით რესურსებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ეს მოგვარებადია.  

რაც ყველაზე მთავარია, ეს ახალი რეგულაცია არ შეამცირებს გამოძახებების რაოდენობას, რადგანაც ადამიანები სასწრაფოს იძახებენ არა იმიტომ, რომ მასობრივი ფსიქოზი და ფობიები სჭირთ და სიამოვნებთ ექიმის მისვლა. უბრალოდ, მათ არ აქვთ საშუალება გამოიყენონ პირველადი ჯანდაცვის სერვისები და ოჯახის ექიმის მომსახურება.  ასე, რომ ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ იდეურად შეიძლება მისაღები იყოს, პრაქტიკულად, განწირულია ჩავარდნისთვის ისევე, როგორც ჯანდაცვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში წამოწყებული ბევრი ინიციატივა, თუ პარალელურად არ მოხდა პირველადი ჯანდაცვის სფეროს რეფორმირება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანმიმდევრული და ერთმანეთთან ლოგიკურად გადაჯაჭვული ქმედებების გარეშე, მსგავსი ინიციატივები დარჩება ღიობების ამოვსების მცდელობად, რასაც უამრავს ვხედავთ ბოლო დროს.

- მით უმეტეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდნენ და პირდაპირ აღიარეს რომ პირველადი ჯანდაცვა სრულიად ჩავარდნილია. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

- ახალი არაფერი უთქვამთ. პირველადი ჯანდაცვა რომ მორღვეულია ამას ბოლო 20 წელია ყველა ვხედავთ. უფრო სავალალო ის არის, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დაწყებიდან 5 წლის თავზე მიხვდა ამას.   ხელისუფლების ჯანდაცვის მესვეურები ამ სფეროს იგნორირებას ახდენენ და მრავალმილიონიან პროგრამებს ისე გეგმავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებას არ იწყებს. ზუსტად ამის გამოვლინებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით ლარი ჩაიღვარა თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და შედეგები კი სავალალოა მაინც - ასეულ მილიონობით ლარის დეფიციტი ყოველწლიურად, ხარისხის კატასტროფული ვარდნა, ადამიანური რესურსების პრობლემა ჯანდაცვაში და სხვ. არადა, ბოლო წლების განმავლობაში მრავალჯერ მოვუწოდეთ ჩვენი ჯანდაცვის მესვეურებს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ ამ მიმართულებით.

- რომელ პრიორიტეტულ სფეროებს გამოყოფდით ჯანდაცვის სფეროში დღეს?

- 2 მიმართულებას დავასახელებდი, რომელთა განვითარების გარეშე ვერ ვხედავ წარმატებულ ჯანდაცვას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ელექტრონული ჯანდაცვა. მათ უკან თავისთავად მრავალი წვრილი მიმართულება მოიაზრება. 

 ესაუბრა ირაკლი კუნჭულია




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%