თარიღი    დრო

„რევოლუციური უმცირესობა“: წალენჯიხიდან - ბორჯომამდე

საქართველო, თბილისი - 12:00 03.08.2018 1730

„ბორჯომის ინციდენტმა“, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხს ხელისუფლების სრული უმწეობა დაანახა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად გულუბრყვილოა (რბილად თუ ვიტყვით) მმართველი პარტიის იმედი და თავდაჯერება, თითქოს აბსოლუტური უმრავლესობით მოგებული არჩევნები და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოპოვებული უპირატესობა რაიმეს ნიშნავს  ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

როგორც ვხედავთ, ერთადერთი საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა დადგენილებას სახელფასო განაკვეთების შესახებ და ეს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შედის. მაშასადამე ხალხის თვალში(!), რომელიც ამ მოვლენებს „გვერდიდან“ ყურადღებით აკვირდება, ოპოზიცია „ბლოკავს“ ხელისუფლებას!  „მთავრობას“ კი არაფერი შეუძლია გააკეთოს, რათა სიტუცია შეცვალოს. აქ სწორედ ამ უმწეობის თვალსაჩინო  დემონსტრირებაა მთავარი - თუ ჩვენი ხალხის მენტალობას გავითვალისწინებთ. საქართველოში არაფერი ისე არ ვნებს ხელისუფლებას, როგორც მისი უსუსურობის ჩვენება.

როგორც ვხედავთ, მხოლოდ ერთ საკრებულოში მოიპოვა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ პრინციპით გაერთიანებულმა ოპოზიციამ უმრავლესობა და ამ უპირატესობიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა შექმნა! უპირველესად იმის წყალობით, რომ არსებობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია (რუსთავი-2), რომელიც ამ მოვლენას, რასაკვირველია არ „მიაჩუმათებდა“. პირიქით, ჩვეული კრეატიულობით და ნიჭიერად „გააფიარებდა“ ხელისუფლებისთვის კატასტროფულად წამგებიან სიტუაციას. მათ შორის წამგებიანს იმიტომაც, რომ 40%-იანი სიღატაკის ქვეყანაში „სამოხელეო  ხელფასების“ გაზრდის გადაწყვეტილება უეჭველად და ულაპარაკოდ არაპოპულარულია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თავის დროზე, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების გაზრდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა და მოიქცა აბსოლუტურად სწორად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!  განა მაშინ არ არსებობდა ეს „გულამოსკვნილი არგუმენტი“: „ჩინოვნიკებისთვის 500 ლარით ხელფასების ზრდის ნაცვლად სჯობს პენსიონერებს მოუმატოთ პენსია 26 ლარით....“. რა თქმა უნდა ამგვარი ნარატივი მაშინაც „იმუშავებდა“ ოპოზიციის სასარგებლოდ და იმდროინდელ ოპოზიციასაც დიდი სურვილი ექნებოდა იგი „გაეფიარებინა“, რათა პრეზიდენტის (ვიმეორებ) აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება „გაეშავებინა“ მაგრამ......მიშა სააკაშვილი ისეთ „სისულელეს“ არ დაუშვებდა, ქვეყანაში არსებულიყო ტელევიზია, რომელიც ოპოზიციას ამ თემის ოსტატურად „გაფიარების“ საშუალებას მისცემდა. მიშას შესანიშნავად ესმოდა, რომ საქართველოს მაგვარ ქვეყანაში პოლიტიკურ უპრატესობებს ქმნიან არა „უმცირესობა-უმრავლესობა“, და არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობა, არამედ რეალური რესურსები და მოვლენის პოლიტიკურ პრიორიტეტად ქცევის ინსტრუმენტები. ზუსტად ამიტომ, 2007-2011 წლებში საერთონაციონალური კრიტიკული ტელევიზია ქვეყანაში  არ არსებობდა. მიშა ამას არ დაუშვებდა. მაგრამ როცა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობა და 2011 წელს მაინც გაჩნდა ასეთი ტელევიზია „მეცხრე არხის“ სახით, მისი ხელისუფლებაც უმალ დასრულდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ ისევ ბორჯომის ინციდენტს. ყველაფერთან ერთად, მან დაადასტურა: ზემოთხსენებული რესურსების და ინსტრუმენტების არსებობისას, პოლიტიკური პროცესის შექმნა, ზერადიკალური ფორმითაც კი, სრულიად შესაძლებელია. ნიკა მელიას ჩასვლა და მისი „ტელე-ჩხუბი“ ტელემაყურებლის თვალში იმის დადასტურებაა, რომ „ეს ყოველივე ნაციონალებმა და მიშამ მოაწყვეს“. არადა, სინამდვილეში ასე არ არის: იქ მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი მოქმედებდა, მაგრამ ნიკა ზუსტად ამიტომ ჩავიდა, ამიტომაც „იჩხუბა“, რათა ასეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო და ეს მოახერხა ძალიან ოსტატურად. იმავე „ტეელრესურსის“ გამოყენებით, რასაკვირველია.

კიდევ რატომ არის მნიშვნელოვანი „ბორჯომის კაზუსი“? იმიტომ, რომ მან დაადასტურა ოპოზიციის ერთიანი მოქმედების შესაძლებლობა (არ აგვერიოს „გაერთიანებაში“) „ყველა-ერთის წინააღმდეგ“ ტექნოლოგიით. გარდა ამისა, „ბორჯომი“ იქცა პირველ წინასაარჩევნო „ჯახად“ და ასეთი ექსცესები კიდევ ბევრი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია:

ისევ და ისევ, როცა „ოცნება“ ფარულად ან ქარაგმულად ამკვიდრებს აზრს, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან „პრეზიდენტი უუფლებოა“ და ქალი-კანდიდატის სიმბოლურ ნომინირებასაც კი არ გამორიცხავს (რაც, რეალობაში, ნინო ბურჯანაძის გარანტირებუალდ გამარჯვებას ნიშნავს) მიშა და მისი გუნდი ემზადება არა იმდენად ამ არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების „გადასაფორმატირებლად“ ახალ რევოლუციად!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ბორჯომმა“ საბოლოოდ დაუსვა წერტილი დისკურსს სააკაშვილსა და მის ყოფილ გუნდს (დღეს „ევროპულ საქართველოს“) შორის. ამ პარტიის ლიდერები სააკაშვილს მუდმივად ადანაშაულებენ, რომ ექს-პრეზიდენტი გამორიცხავს საარჩევნო მეთოდებს, ანუ ისევ რევოლუციური გზით აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამასთან, მიუთითებენ „წინააღმდეგობაზე“: თუკი მიშა ამბობს „ამ ხელისუფლებას არჩევნებით ვერ შევცვლითო“, მაშინ რატომ მონაწილებს მისი პარტია საერთოდ არჩევნებში და რატომ მუწოდებს თავად ყველას „წიასაარჩევნო გაერთიანებისკენ?“

არადა, აქ წინააღმდეგობა მხოლოდ მოჩვენებითია. რეალურად, არანაირი „წინააღმდეგობა“ არ არის: მიშა არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს არა იმიტომ, თითქოს სჯერა ამ არჩევნებში გამარჯვებისა, არამედ იმ გათვლით, რათა ეს არჩევნები შემდეგ „გაყალბებულად“ გამოაცხადოს და ხელისუფლება შეცვალოს ისევე, როგორც 2003 წელს!

ბუნებრივია, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, მაშინ ეს ტექნოლოგია ვერ იმუშავებდა.

სააკაშვილი იმაშიც მართალია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, ყოველგვარი გაყალბების გარეშეც, აღარ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ ყბადაღებული „დესტაბილიზაციის“ შიშით. მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, როგორც ყოველთვის, არა ამ „ობივატელური, მშიშარა უმრავლესობის“, არამედ იმ „პასსიონარული“ ანუ რევოლუციური უმცირესობის იმედი აქვს, ვინც შექმნის პოლიტიკურ მოვლენას იმის მიუხედავად, მოსწონს ან უნდა ეს უმრავლესობას თუ არა.

2003 წელს „მთელი ქვეყანა ფეხზე დადგაო“ არის ტყუილი: შევარდნაძისადმი გულგრილი ზიზღის მიუხედავად, „ობივატელურ უმრავლესობას“ ცვლილებების ეშინოდა, რაც დაადასტურა კიდეც 2 ნოემბრის არჩევნების შედეგმა. მაგრამ რევოლუციურმა უმცირესობამ, ნიჭიერი, კრეატიული, მაღალკვალიფიციური და პროფესიული ტელევიზიის მეშვეობით აიძულა (!) უმრავლესობა, მიეღო ცვლილებები, სურდა თუ არა.

პოლიტიკოსის მთავარი ნიჭი „დღის წესრიგის შექმნაა“. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი კვლავინდებურად ახერხებს „დღის წესრიგის“ შექმნას თუნდაც იმგვარი აქციებით, როგორიც „ბორჯომია“, უეჭველად მეტყველებს: ამ პოლიტიკური ძალის „რევოლუციური“ ისტორია საქართველოში არ დასრულებულა.

ნიკა იმნაიშვილი




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%