თარიღი    დრო

,,ძალა ერთობაშია“ რუსეთიდან შემოსული ტრანზიტული ტვირთებისა და საქონლის ბლოკირებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 17:09 03.02.2018 5102

,,ძალა ერთობაშია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თუ უახლოეს დღეებში არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს, რომელიც თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვას ითვალისწინებს.

„ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პირველივე დღეებიდან აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას სხვადასხვა ფორმის აქციებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა მას შემდეგ, რაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა, დაელოდოს ცხედრის გადმოცემის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგებს, „ძალა ერთობაშია“ თავს იკავებდა მწვავე საპროტესტო აქციების დაგეგმვისგან, აცნობიერებდა რა, რომ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ვალია, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს როგორც ცხედრის გადმოცემა, ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ასევე მისი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებაზე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესი მაქსიმალურად გაიწელოს. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჩვეული სტილით მოქმედებას აგრძელებენ და 1 მარტს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე მალხაზ წურწუმია გაიტაცეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ახალგორში თითქოსდა ნაპოვნი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილის დამონტაჟებული ყოფილიყო. ეს „ახალი“ გარემოება შემთხვევითი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით, ტერორიზმში ბრალდებულის ცხედარი ოჯახს არ უბრუნდება...

ამ პირობებში ერთადერთი, რამაც საოკუპაციო რეჟიმი, შესაძლოა, აიძულოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესი დააჩქაროს, ახალგორში დატყვევებულ კიდევ ორ საქართველოს მოქალაქეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს და 1 მარტს ენგურის ხიდიდან გატაცებული მალხაზ წურწუმია გაათავისუფლოს, სწორედ საპროტესტო აქციებია, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გადაკეტვისა და ლარსის გავლით შემოსული ტრანზიტული ტვირთების ბლოკირების ჩათვლით, რაც რეალურად, დისკომფორტის შემქმნელი იქნება რუსეთისთვის.

მოძრაობას „ძალა ერთობაშია“ უკავშირდება ათეულობით მოქალაქე. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლებში და გამოხატავენ პოზიციას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა არამხოლოდ მისი ოჯახის, მთლიანად ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმს საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი.

აქედან გამომდინარე, მოძრაობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ან არ გაირკვევა გადმოსვენების ზუსტი თარიღი, „ძალა ერთობაშია“ დაიწყებს საპროტესტო აქციების ორგანიზებას თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე და სხვა ლოკაციებზე, რუსეთიდან შემოსული ტრანზიტული ტვირთებისა და რუსეთიდან შემოსული საქონლის ბლოკირების მიზნით.

აქციების ზუსტი ლოკაცია და მათი დაწყების დრო საზოგადოებას ეცნობება დამატებით", -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%