თარიღი    დრო

NATO და „დიპლომატიური თამაშის წესი“

საქართველო, თბილისი - 11:16 02.26.2018 1611

თბილისში ყოფნისას, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯიმმი შეამ განაცხადა, რომ საქართველოს პროდასავლურად განწყობილმა საზოგადოებამ არ უნდა მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც ამბობს, თითქოს ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. მისი თქმით, NATO ერთგულია ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებისა; ამიტომ, პირიქით, საქართველო აუცილებლად გაწევრდება NATO-ში. საამისოდ აუცილებელია იმ კურსის გაგრძელება, რასაც ქვეყანა უკვე ათეულობით წელია ატარებს.

ჯერ თვით ამ მოწოდების ავტორზე ორიოდე სიტყვა: ეს ის ჯიმმი შეაა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „სფოუქსპერსონი“ და „სახე“ იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციის დროს: მილოშევიჩის ნაცისტური სერბეთის განადგურებისას. მისი თანამდებობა („თანაშემწის მოადგილე“) შეცდომაში ნუ შეგვიყვანს: შეა დღესაც საკმაოდ გავლენიანი და რეპრეზენტატიული პერსონაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მმართველ რგოლში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე უნდა შევნიშნოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რასაც თითქმის არასდროს ექცევა ყურადღება: განვლილი 70 წლის მანძილზე, NATO-ს მმართველი აპარატი ჩამოყალიბდა სრულფასოვან „კორპორაციად“. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არიან ფიგურები, ვინც (ჯიმმი შეას მსგავსად) ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს იქ  პოზიციებს.

ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ „ტექნიკური პერსონალია“, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ რაკი ნებისმიერ „კორპორაციას“ საკუთარი სისტემური კანონები და თვისებები აქვს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა სწორედ ეს „ტრადიცია“, რომელიც მკაცრად და მყარად დაკვიდრდა ამ კორპორაციაში: თუ საქართველოზე ლაპარაკობენ, აუცილებლად უნდა თქვან, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაწევრდება ალიანსში. ეს ისეთი კორპორატიული ტრადიციაა (უკვე) რომლის დარღვევა პოლიტიკური decision maker-ებისთვისაც კი რთული იქნება. ამიტომ ამ ნარატივს, რაც შეამ გააჟღერა, ნამდვილად უნდა გავუფრხილდეთ.

ბუნებრივია,  ვუპასუხოთ იმათაც, ვისაც არ დაელევა  ჯიმმი შეასა და NATO-ს „მამხილებელი“ არგუმენტები. თანაც, ერთი შეხედვით, სრულიად ლეგიტიმური. მაგალითად: თუკი ალიანსი მიიჩნევს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება მისი წევრი და ეს დეკლარირებლია ოფიციალურ დოკუმენტში, რაც კვლავ გაახმოვანა ალიანსის მაღალჩინოსანმა, მაშინ.....რა უშლის ხელს საქართველოსთვის „საგზაო რუქის“ გამომუშავებას? MAP-ის  ჩვენი ქვეყნისთვის გრანტირება ხომ ზუსტად იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების დადასტურება იქნება, რომ „საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი?“. საქართველოსთვის MAP-ის გრანტირება არ დაარღვევს ალიანსის წესდების არც ერთ დებულებას, არ შეეხება არც „მეხუთე პუნქტს“ კოლექტიური თავდაცვის შესახებ.

ჯიმი შეა ერთის მხრივ გვეუბნება, რომ ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯის“ წინადადება საქართველოს შემთხვევაში „მეხუთე პუნქტის“ შეზღუდვის შესახებ განხილვის ღირსიც  არაა, თუმცა მეორეს მხრივ, ირიბადაც  არ პასუხობს ლოგიკურ კითხვას: მაშინ რატომ არ ანიჭებენ საქართველოს MAP-ს? ეს ნაბიჯი ხომ არც ერთ ფუნდამენტურ დებულებას არ არღვევს, რაკი არ ნიშნავს წევრობას და არ აკისრებს იურიდიულ  პასუხისმგებლობას ალიანსს საქართველოს მიმართ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მართალია MAP არანაირ იურიდიულ პასუხსმგებლობას არ გულისხობს, მაგრამ ნამდვილად გულისხმობს პოლიტიკურ (!) პასუხისმგებლობას: MAP არის One way ticket, ანუ „ბილეთი ერთი მიმართულებით“. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ქვეყანას მიეღოს „გასაწევრებლად აუცილებელ ქმედებათა გეგმა“ და მაქსიმუმ 2-3 წლის მანძილზე არ გაწევრებულიყო ალიანსში!

MAP იურიდიული თვალსაზრისით „მხოლოდ“ კანდიდატობაა. მაგრამ პოლიტიკურად თუ გეოპოლიტიკურად  იგი თითქმის ისეთივე პასუხისმგებლობას ანიჭებს ალიანსს ქვეყნის მიმართ, როგორც მისი სრულფასოვანი წევრობა!

სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ იღებს ალიანსი გადაწყვეტილებას საქართველოსთვის MAP-ის გრანტირებაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება სრულებით არ ეხება „მეხუთე პუნქტს“ და არ არღვევს ამ პუნქტიდან გამომდინარე დებულებებს „მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის არარსებობის“ ან „საკუთარი ტერიტორიის სრულყოფილად კონტროლის“ შესახებ.

ბოლოს და ბოლოს, MAP მუდამ ინდივიდუალურია და „გეგმაში“ შეიძლება ჩაიწეროს, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ გაწევრდება ალიანსში, რაც „მშვიდობიანად“ (!) აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას - აფხაზური და ოსური უმცირესობების უფლებათა დაცვით. ეს რამდენად რეალისტურია, მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლება უეჭველად გააფორმებს MAP-ს ამ პირობით.

ოღონდ ეს იმ ტრადიციის დარღვევა გახდება, რომ MAP ფორმალურ-იურიდიულადაა „კანდიდატობა“, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით მხოლოდ „ტექნიკური პროცედრაა“ მაშინ, როცა წევრობის საკითხი არსებითად გადაწყვეტილია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თავის მხრივ, რატომ არ სურს NATO-ს, იკისროს ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ, სრულებით გასაგებია: რა თქმა უნდა  რუსეთის ფაქტორისა და  ოკუპირებული ტერიტორიიდან პროვოკაციათა საფრთხის გამო. მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია სწორად აღვიქვათ ის, რაც ჯიმმი შეამ „გაახმოვანა“: ამ შემთხვევაში, დასავლური ისტებლიშმენტი, მისი სახით, გვთავაზობს „თამაშის წესს“, რომელიც ევროპული დიპლომატიის საუკუნოვან გამოცდილებასა და უცვლელ სტილს ეფუძნება: პროცესი არანაკლებ „თავისთავადი  პროდუქტიული და მნიშვნელოვანია“, ვიდრე შედეგი. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგი, არსებული მოცემულობით, მიუღწევადია, თვით პროცესიც ქმნის უსაფრთხოების გარკვეული ხარისხის გარანტიებს, ანუ საქართველოსადმი დასავლური „ყურადღების“ სტატუსს და ჩვენს პირობებში ესეც არ არის ცოტა!

ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს სრული უალტერნატივობის პირობებში (როდესაც ყველა სხვა გზას პირდაპირ „ევრაზიულ კავშირში“ მივყევართ), უნდა მივიღოთ „თამაშის წესი“, რასაც დასავლეთი გვთავაზობს: დღენიადაგ უნდა ვიმეოროთ მასთან უნისონში, რომ საქართველო „აუცილებლად გახდება“ ალიანსის წევრი; ყველა სამიტის წინ უნდა ვიმოქმედოთ იმგვარად, თითქოს აი სწორედ ეს სამიტია „გადამწყვეტი“; და რომ „სულ მცირე ძალისხმევა“ დარჩა........ ამას მოითხოვს ჩვენგან პოლიტიკური ტექნოლოგია, რაკი ვიღებთ დასავლური დიპლომატიის „თამაშის წესს“.

ოღონდ ეს წესი უნდა მივიღოთ ჭკვიანურად, რაციონალურად, პრაგმატულად -  ჩვენი „როლი“ ამ სპექტაკლში შევასრულოთ გაცნობიერებულად, პასუხისმგებლობით, შეგნებით და არა იმიტომ, რომ......ვართ იდიოტები და მართლა  გვჯერა იმ როლისა, რასაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატულად ვასრულებთ.

ნიკა იმნაიშვილი  ,,ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%