მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული „BMW“-ს მძღოლის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის მიერ ნახსენები „BMW“-ს მძღოლი არ არის. მისი თქმით, BMW“-ს მძღოლი, რომელზედაც ბრალდებული გრიგალაშილი და მისი ადვოკატი საუბრობენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის.
„ადვოკატი და ბრალდებული სხვა „BMW“-სა და სხვა მძღოლზე საუბრობენ... „ჩქარა მიპასუხე, ჩქარა“ - ასეთი შეტყობინება აქვს ბრალდებულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მიწერილი 06:19 საათზე. ამის შემდეგ მიაკითხა მას ბრალდებულმა სახლში და შეყვარებულის მოძებნაში დახმარება სთხოვა. თუ ვინმე შეეცდება, რომ მის ავტომანქანასა და ამ საქმეს შორის პარალელები გაავლოს, ბრალდებულისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმოწერას წარვადგენ, რომელიც აბსოლუტურად სხვა ანას შეეხებოდა და მოკლულ ანა ნაცვლიშვილთან კავშირი არ აქვს“, - აცახდებს ჩინჩალაძე და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ანა ნაცვლიშვილს პირადად არ იცნობდა.
„ისინი მხოლოდ სოციალურ ქსელში იყვნენ მეგობრები და ერთმანეთს იცნობდნენ. არც სოციალურ ქსელში, არც ტელეფონით, გარდაცვლილსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონიათ, მათ ერთმანეთთან ზარიც კი არ განუხორციელებიათ“, - აცხადებს ჩინძალაძე.
21 თებერვალს, ბრალდებულ ლადო გრიგალაშილის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ფიგურირებს „BMW“ მარკის ავტომანქანის მძღოლი. მისი მტკიცებით, „BMW“-ს მფლობელს და მოკლულს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, დღეს განაცხადა, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და ის მოსწმის სახით დაკითხულ "BMW"-ს მძღოლზე არ საუბრობდა.
21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი პოლიციამ 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში იპოვა. მას თავისა და კისრის არეში შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულლისმობს.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 21 წლის ლადო გრიგალაშვილი. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.