დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დანა არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. მისივე განცხადებით, დანა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრებაა.
"დანა, რომელიც ამოღებულია, არ არის მკვლელობის იარაღი. ის არ ამოუღიათ შემთხვევის ადგილიდან. დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრება, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომანქანიდან იყო ამოღებული. შესაბამისად, დანაზე აპელირება, რომ ეს ის დანაა, რომლითაც დანაშაულია ჩადენილი, აბსოლუტურად აბსურდია და არც საქმის მასალებიდან დგინდება. რაც შეეხება მესიჯებს და ზარებს, ისინი საერთოდ არ არის დათვალიერებული და ამოღებული, რადგან როდესაც ლადო თავის შეყვარებულს უგზავნიდა მესიჯებს, გოგონა შლიდა მას, რათა მშობლებს არ ენახათ. თუმცა, შემდგომ უკვე გამოძიებაში ჩვენ მოვითხოვთ, რომ დადგინდეს ამ მესიჯების შინაარსი. შესაძლებელია, რომ ექსპერტიზამ უკვე წაშლილი მესიჯები აღადგინოს. არანაირი მუქარისშემცველი მესიჯები არ ყოფილა", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.