საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები იტალიაში, ქალაქ მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINIAPELLE” მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული გამოფენა, რომელიც მილანში 20-დან 22 თებერვლამდე გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 22 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.
ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: შპს „ფილიმასკა“, შპს „ჯეოპელი“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარადგენს. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.lineapelle-fair.it/en